ამაყობ ჩემით? 

ეჰ, მამაჩემო,
ვინ მოთვლის რამდენ,
ქარიშხლიან და არგასათენებელ
დღეს შერჩენილხარ სრულიად მარტო,
შიშველი ხელებით,
მოჭრილი თითებით…
ვინ მოთვლის,რამდენ ხანს მოგყავდი
ზურგზე მოკიდებული,
ხან სიხარულით,
ხანაც გაუსაძლისი ტკივილით,
სოხუმში,
ჭუბერში,
თბილისშიც…
საგზლად,
რამდენიმე ვაშლი
და
მოხარშული კარტოფილი
გამოვიზოგეთ…
ფეხზე მდგარს ჩაგთვლიმა სიცივეში,
გათოშილი ხელებით,
წართმეული ფეხებით,
გაყინული პირი-სახით,
გავარვარებული გულით…
…და მაინც,
მამაჩემო,
წლების შემდეგ,
როცა ყველაფერი ერთიანად დაგროვდა შენში,
გასაჭაღარავებელი თმა აღარ შეგრჩა,
საავადმყოფოდან-საავადმყოფოში დაიწყე გადანაცვლება,
ისე ჩუმად და უხმაუროდ წახვედი,
როგორც ჭეშმარიტ გროსმაისტერებს სჩვევიათ..
შენნაირად
ვერც ფეხბურთს ვთამაშობ,
ვერც ვცეკვავ,
ვერც ვმღერი,
ვერც დოლზე ვუკრავ,
ვერც კარტოფილის შეწვა ვისწავლე,
მაგრამ,
შენსავით
სრულიად მარტო,
ვებრძვი ქარიშხლიან
და
არგასათენებელ დღეებს!
წასვლამდე,
ერთი კითხვის დასმა მინდოდა შენთვის
და
ვერ მოვასწარი…
ამას წინათ მესიზმრე,
თითქოს ძილში ჩამყვა ეს ფიქრი
და შენ მიპასუხე:
ყოველდღე!

 

 

1 2 3 4 5 6