***
კუკარაჩა მოკლეს
კუკარაჩა მოკლეს
კუკარაჩა
და მისი ლურჯი თვალები
თითქოს ყველაფერი უკან დამრჩა
თითქოს ყველაფერს თავს ვანებებ

შენ ხომ არ გინახავს გაყოფილი
ჩემი გზა მტკვარი და არაგვი
და თითქოს ცაზე მზე არ ყოფილა
და თითქოს ცაზე მზე არა გვაქ

ტკივილზეც ვიცოდი ჩაცინება
ტკივილზეც სიცილი ვისწავლე
და ბასრი მზერების აცილებაც
ვისწავლე რომ მხოლოდ მიწაა

მიწაა ოცნებაც შენი კაბაც
შენს მხრებზე დათვლილი ხალებიც
მე იქ გამოჩენა მერიდება
დადიან ლამაზი ქალები

მათ უყვართ კოცნიან იპკურებენ
სუნამოს და მერე წვებიან
ისეთი თვალებით მიყურებენ
ისეთი თვალებით წლებია

გივიწყებ და მაინც მაგონდები
გივიწყებ და მაინც ვერაფერს
ვახერხებ იქ “ცარცის ვაგონები”
ჩამოდგნენ ვიხსენებ ჟირაფებს

მარტორქებს ბავშვობაც გამეცალა
და ახლა ყველაზე მშვიდი ვარ
აღმოვჩნდი ისეთი გარეწარი
რომ ლამის ვიტირო

და როცა აღარსად არ ვიქნები
თქვი როგორ ვიწვალე ყოფნითაც
თუ სადმე იმედებს არიგებენ
თქვი ერთი იმედიც ყოფნიდა

და მერე წადი და შეიყვარე
სხვა მერე რაც გინდა ის იყოს
ჯერ არა ჯერ არა ჯერ იყავი
როდესაც გავიგებ სხვისი ხარ

იქნება უკეთაც დამეძინოს
იქნება არასდროს ავტირდე
და იქნებ უბრალოდ გამეცინოს
და მაინც იქნება არ ღირდეს

ძვირფასო ნატვრები უკან დამრჩა
ძვირფასო ნატვრებს თავს ვანებებ
კუკარაჩა მოკლეს
კუკარაჩა
და მისი ლურჯი თვალები…

 

1 2 3