თემურ ელიავას

ალბათ დიდი ხნით ალბათ დიდი ხნით
თბილისმისჯილს და მტვერში დარჩენილს
მემახსოვრება ღვინო ყანჩელი
ლოცვად მინდიხარ
საით მიდიხარ

ალბათ დიდი ხნით მედება გულზე
ხელი რომლითაც დაგემშვიდობე
და დარჩენილი ამ გაზაფხულში
მე ყვავილების ზღვაში მივტოპავ

ჩვენ ცივ კიბეზე როგორც გიჟები
დავსხდებით თითო სტრიქონს გავისვრით
და იქნებ კიდეც დაგვპატიჟებდნენ
ჭიქა ყავაზე ანდა ჩაიზე

მაგრამ არავინ მოგვესალმება
თბილისი სავსე სველი იებით
შენ მომიკითხე ბზები პალმები
მანდარინები და თოლიები

მე ბოლო სიტყვა გულს გამიჩერებს
მე ბოლო ჭიქა არაყი მომშლის
იქნებ ამ ლექსებს და ამ სიმღერებს
ჯობდეს ცოცხალი დაურჩე ცოლშვილს

გვეტყვიან თუმცა არ გავიგონებთ
გვეტყვიან მაინც ქარცეცხლში ვივლით
იმ ძველ პალტოში ვარდების კონით
იმ ძველ პალტოზე ამწყდარი ღილით

 

***

შენი დაშაქრული კანი
ჩემი უღილებო პალტო
შენ მე მიმატოვე ანა
და მე იმის მერე მარტო ვარ
შენი უდაბნო და ტანი
ჩემი სიჩუმე და კოცნები
შენ მე მიმატოვე ანა
და მე იმის მერე ვოცნებობ
ახლა ყვავილები გგვანან
ახლა ყველაფერი მართობს
შენ მე მიმატოვე ანა
და მე იმის მერე მარტო ვარ

 

***

მზის ამოსვლის ადგილს გავს ის გოგო
ჩემ სიზმრებში რო გაჩნდა
იმ ადგილს გავს ფეხს რომ არასდროს დავაკარებ

 

 

1 2 3