***

ისურვე და მოგეცემა

ისურვე და მოგეცემა
ვარდისფერი სამყურაც
ყველა კარგად მოგექცევა
ყველა ისე მოგექცევა
როგორც დაიმსახურებ
რომ დილასაღამოს ცრემლმა
რომ კეთილი ღმერთის ცრემლმა
აწვიმოს შენს სახურავს

 

***

ვოცნებობ ხოლმე ვოცნებობ და მუდამ ადრეა
ან მუდამ გვიან ოცნებებიც ვეღარ ვისწავლე
როგორ გართულდა ყველაფერი როგორ მარტივად
მიყვარდი შენ და ჩვენი ბინა და ორი ცალი

სუყველაფერი ორი ცალი ჭიქა ჯაგრისი
მხოლოდ ბალიში მქონდა ერთი როგორც მარტომყოფს
“რა კარგი იყავ სიყვარულო” რა უკარგესი
მერე სიგიჟე პოლიცია საავადმყოფო

და ყველაფერი შემომემტვრა ამ სუსტ ხელებში
ალბათ შიშისგან მაგრად ვუჭერდი
ის დრო დარჩება და სხვა დროში ალბათ მე და შენ
აღარ შევხვდებით უნდა ვუძლებდე

და აღარ გწერდე ამ წერილებს და ამ დასაცინ
დღეებს ყალბ ღიმილს ვაყლაპებდე როგორც ვიტამინს
არ გაატანო ჩემი თავი როცა საკაცით
უკანასკნელად გამომიტანენ

ჩემი ცალთვალა ოთახიდან შემდეგ ახლიდან
დავიბადები მაღალი და ცისფერთვალება
რომ დაგავიწყო ყველა წყენა ყველა სახლი და
რა თქმა უნდა კვლავ მეყვარები

კვლავ მეყვარები
შენ კი ვერ მიცნობ მხოლოდ ზოგჯერ ისიც ფერმკრთალი
ეჭვი გადაგკრავს დაგიპირებ როცა ჩასუნთქვას
როგორ ვერაფრით დავეხმარეთ ღმერთო ერთმანეთს
როგორ ვერასდროს გავამხილეთ მართლა რა გვსურდა

 

1 2 3