ბრეიგელისორი მაიმუნი

 

ასეთია ჩემი სიზმარი:

საატესტატო გამოცდას ვაბარებ,

ფანჯრის რაფაზე ერთმანეთზე გადაბორკილი ორი მაიმუნი დასკუპებულა.

ფანჯრებს მიღმა ზღვა კამკამებს,  ცა კი ლიცლიცებს;

კაცობრიობის ისტორიის მოყოლას ვიწყებ –  რაღაცას გაურკვევლად  ვლუღლუღებ.

ერთი მაიმუნი, რომლის სახესაც ანფასში ვხედავ,

ჯერ მაკვირდება, მერე ირონიულად ეღიმება,

ამ დროს მეორე – პროფილით რომ დამჯდარა ჩემგან – ყურს არც კი მიგდებს,

თითქოს, საკუთარ თავშია ჩაკარგული,

მაგრამ როგორც კი გამომცდელი კითხვას დამისვამს,

ჩემი პასუხის ნაცვლად კი  იქაურობას  დუმილი  ჩამოეფარება,

ჯაჭვის ოდნავი დაჟღარუნებით, ცდილობს,  მიმანიშნოს,

რომელია ამ   კითხვაზე სწორი პასუხი.

 

 

 

წამებები

 

არაფერი შეცვლილა. . .

ტკივილი, თითქოს, სხეულს მიხორცებია – მისით იკვებება და სუნთქავს,

მასშივე სძინავს. . .

გარედან სიფრიფანა გარსი შემოუკრავს, რომლის წიაღშიც სისხლი ჩაგუბებულა.

უამრავი კბილი და ბრჭყალი გამოზრდია,

ძვლები მსხვრევადი გახდომია, სახსრები კი გადაჭიმული. . .

მისი ამგვარი მდგომარეობა  წამების პროცესში მუდამ გათვალისწინებულია. . .

არაფერი შეცვლილა. . .

სხეული ზუსტად ისე ცახცახებს, როგორც რომის დაარსებამდე,

ან მეოცე საუკუნეში,

ქრისტეშობამდე ან ქრისტეშობის შემდეგ. . .

წამებაც ყოველთვის არსებობდა – ახლაც არსებობს,

მხოლოდ დედამიწა დაგვივიწროვდა

და თუკი სადმე რამე ხდება,

გვეჩვენება, თითქოს, აქვეა – ჩვენს კედლებს მიღმა.

არაფერი შეცვლილა. . .

მხოლოდ ადამიანები გაბევრდნენ,

ძველი ბოროტებების გვერდით ახლები  გაჩნდნენ –

ნამდვილები და შთაგონებულები, წამიერები და არანაირები. . .

ის კივილიც, სხეული რომ მოთქვამს,  იყო, არის და მუდამ იქნება და აღიქმება,

როგორც უბიწო მსხვერპლთა გმინვა,

როგორც სამყაროს მარადიული წესრიგი და ჭეშმარიტება.

არაფერი შეცვლილა.

მხოლოდ მანერები, ცერემონიები, ცეკვები,

ხელის ჟესტი კი – როცა დარტყმისგან თავდაცვას ვცდილობთ –

უცვლელი დარჩა. . .

ჩვენი სხეული იკლაკნება, შფოთავს და ფეთქავს,

ძირს ენარცხება, მუხლები ეყვლიფება,

ლურჯდება, სივდება, ნერწყვისა და სისხლისგან იცლება . . .

არაფერი შეცვლილა მდინარეების  დინების,

ტყეების კონტურების,  სანაპიროების, უდაბნოებისა და მყინვარების გარდა.

საკუთარი თავისთვისვე უცხო და გამოუსადეგარი სული კი

სწორედ ამ პეიზაჟებს შორის დაბორიალობს,

უჩინარდება, ისევ  ჩნდება. . .

ბოლომდე იმაშიც ვერ გარკვეულა, მართლა არსებობს, თუ არა,

საერთოდ არის თუ არა,

მაშინ, როცა სხეული არის,

არის და  არის

და წასასვლელიც არსადა აქვს,

თუკი ოდესმე სადმე წასვლაზე გაეფიქრება.

 

 

1 2 3 4 5