უტოპია
და მგონია, რომ:
ზედ დავყურებ უცნაურ კუნძულს –
ბლანტი სიმართლე სხეულზე რომ ფენებად აკრავს.
ჩვენ კი ვეყრდნობოდით უჩვეულო მტკიცებულებებს იმის შესახებ,
რომ არსებობს – ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მშვიდად…
გზას ჩაჰყავს გაუკვალავს ნაპირისკენ ჩვენი სხეული.
თითქოს, არ არის სხვა საშველი, გამოსავალი,
თითქოს, ვცდილობთ, რომ ბანალური გამჭრიახობა
და უცხვირპირო თანალმობა
სხვების წინაშე სწორედ ამგვარად გამოვფინოთ, გამოვალაგოთ…
და მივაბოტებთ ტყუილების გაუვალ ტყეში,
რომლის წიაღშიც სიმართლის ხმა შიშისგან ბჟუტავს;
და სანამ მივალთ, რომ ახლოდან თვალი შევავლოთ,
ქარი აგვის და აამშრალებს…
გზად კი დატოვებს დროის მტვერს მხუთავს –
ნამსხვრევებისგან ორივე თვალი რომ ამოგვივსოს
და სამუდამოდ დაგვაბრმავოს.
თითქოს, ფეხდაფეხ მივუყვებით უცნაურ ექოს,
საიდუმლოსთვის ფარდის ახდას რომ აგვიანებს,
მის უცხო სიტყვებს – მნიშნელობებამოწურულებს,
გამოქვაბულის კედლების სისქე ჩაისამარებს.
ნდობის ხარისხი კი, რატომღაც, მიაღწევს მწვერვალს –
სულ არ დაგვთრგუნავს, ყველა გზას რომ ზღვასთან მივყავართ,
ზღვასთან, ჩვენს კვალს რომ უმოწყალოდ გულში ჩაიხვევს
და ამოუცნობ სიცოცხლეში მშვიდად შევყავართ.
პოლონურიდან თარგმნა
სოფო წულაიამ
