დასაწყისი და დასასრული

 

ომის დასრულების შემდეგ წესრიგის დამყარებაზე უნდა ვიზრუნოთ –

აბა, მისი ნარჩენები თავისით ხომ აღარასდროს  გასუფთავდება?. .

ჯერ გზები უნდა გაიწმინდოს,

გვამებით გადავსებულმა ავტომობილებმა დაუბრკოლებლად რომ გაიარონ;

ვიღაცას ნაგავსა და ნაცარში –

ტახტის ზამბარებში,

შუშის ნამსხვრევებში,

ან მოწამლულ ბალახებში მოუწევს ჩიჩქნა. . .

ვიღაცამ ჩამონგრეულ კედლებს საყრდენი უნდა გაუმაგროს,

ვიღაცამ ფანჯრებს ჩამსხვრეული მინები გამოუცვალოს,

კარებს კი ახალი საკეტები დაუყენოს. . .

ასეთი გაწმენდითი სამუშაოები, როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება,

ჩვენ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყოველივე ფოტოგენური სულაც არ არის

და მაშინ, როცა დალაგების მტკიცე სურვილით გადავივსებით,

ფოტორეპორტიორები თავიანთ ჩხაკუნა ფოტოაპარატებს სხვა ომებისკენ შეატრიალებენ. . .

აქ კი ხიდები და სადგურებია გასაახლებელი. . .

მალე ჩვენს ხელებს მძიმე შრომა დააწვება,

მალე ყველანი ოფლის წვიმით    გავიხვითქებით. . .

აი, იმას, ხელში ცოცხი რომ უჭირავს,

ჯერ კიდევ ახსოვს, რა როგორ იყო,

დამდგარა და ხმამაღლა ყვება ომის კოშმარებს,

ვიღაც კვერს უკრავს – თავის ქნევით უდასტურებს მონათხრობის ჭეშმარიტებას. . .

თუმცა მალე ისეთებიც გამოჩნდებიან,

ამ ამბების მოსმენისგან მაშინვე რომ მოსწყინდებათ. . .

ვიღაც უტყუარ, მაგრამ დაფერფლილ არგუმენტებს გადააწყდება

და მაშინვე ნაგავსაყრელს მიაბარებს. . .

მალე ისინი, ვინც სიმართლე კარგად იცოდა,

თავიანთ ადგილს მათ დაუთმობენ,  ვისაც ომზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს;

მოგვიანებით მათ ისინი ჩაანაცვლებენ,

ვისაც კიდევ უფრო ცოტა სმენია მასზე,

საბოლოოდ კი სივრცეს ისინი აითვისებენ,

ომის ამბებზე საერთოდ რომ არაფერი არ გაუგიათ.

ამ დროს ბალახზე – ზედაპირზე მიზეზები და შედეგები რომ ამოზრდია,

ვიღაც პირაღმა გაიშხლართება

და ღრუბლების მეტანიებს დაუწყებს თვალთვალს.

 

1 2 3 4 5