სიკვდილის შემდეგ

 

ეჰ, ღმერთმა უწყის მერამდენედ

და მერამდენემ ვინატრე უკვე,

ადამიანის სიკვდილის შემდეგ, უფრო სწორად გარდაცვალების…

გასახრწნელი ცხედრის ნაცვლად,

იმ ფერისა და სახეობის ყვავილი დარჩეს,

რომელიც მას უყვარდა გამორჩეულად.

ყვავილის ნედლ ფურცელზე დაეწეროს სახელი მისი,

დიდხანს ჰყვაოდეს, ზამთარშიც არ ხმებოდეს იგი.

ჩვენ კი მიგვქონდეს ეს ყვავილი,

ადამიანის განვლილ გზის ბოლოს, მიწაში ვრგავდეთ,

ფხვიერ მიწაში, უკვდავების ლამაზ სიმბოლოდ.

მაშინ ხომ აღარ იარსებებდა ქვეყნად

ამდენი მოუვლელი თუ მოვლილი საფლავი კაცის,

მარმარილოს ნათალი ქვებით და თუჯის ღობით, ან ალუმინის.

სამაგიეროდ დედამიწას დაამშვენებდა

თვალუწვდენელი, ტიტების და იების ბაღი,

ანდაც ვარდების და ბალბების, გვირილების თუ ყოჩივარდების

და სხვა ნაირფერადი, მარად აყვავებული ყვავილის ბაღები.

ყვავილი ჩარექ მიწას ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ,

ციდან კი მზე და წვიმა მოუვლის.

ეჰ, რამდენი გადარჩებოდა მოწყვეტას

და ბორცვებზე დაყრას შეუბრალებლად.

მხოლოდ ნატვრაა, ღმერთის წესრიგს ჩვენ ვეღარ შევცვლით,

ვერც მიწაზე და ვერც ზეცაში, სადაც სულთა სასაფლაოა.

 

 

ყველა, ვინც ბავშვი შობა, არაა დედა

 

ყველა, ვინც დაქორწინდა, არაა მეუღლე.

ყველა, ვინც ლექსი დაწერა, არაა პოეტი.

ყველა, ვინც კითხულობს, არაა განათლებული.

ყველა, ვინც იცინის, არაა ბედნიერი.

ყველა, ვინც ტაძარში დადის, არაა ეკლესიური.

ყველა, ვინც დაგეხმარა, არაა შენი კეთილმოსურნე.

ყველა, ვინც ბრძოლაში მოკვდა, არაა გმირი.

ყველა, ვინც სიკვდილს გაექცა, არაა ლაჩარი.

ყველა, ვინც მათხოვარს დაეხმარა, არაა გულუხვი.

ყველა, ვინც დაგპირდება, არაა შემსრულებელი.

ყველა, ვინც თავი დაგიქნია, არაა შენი თანამოაზრე.

ყველა, ვინც ცრემლებს ღვრის, არაა გულწრფელი.

ყველა, ვინც კაცი მოკლა, არაა დამნაშავე.

ყველა, ვინც კანონმორჩილია, არაა სამართლიანი.

ყველა, ვინც დააშავა, არაა გამოუსწორებელი.

ყველა, ვინც უარჰყოფს ღმერთს,აღიარებს ღმერთს.

ყველა, ვინც გარდაიცვალა, არაა მკვდარი.

 

 

 

1 2 3 4 5