ასეთი მახსოვს ბებიაჩემი
უბრალო, გლეხის ქალი იყო ბებიაჩემი,
ცხოვრების მძიმე ჭაპანს ეწეოდა ბაბუაჩემთან ერთად,
მიწურიანი ჯარგვალიდან ბოკონებზე მდგარ ფიცრულ ოდამდე.
ო, რამდენ ტკივილს გაუძლო და გადაიტანა,
ჯერ ქალიშვილი, მერე ქმარი და შვილიშვილი
გამოიტირა მწარე ცრემლით, დარდით და ოხვრით.
თურმე რამდენი შესძლებია ამ კაფანდარა ქალს.
დადუმდა მისი ფანდური და ხმა საამური.
გუმანით გრძნობდა ჩემს ჩამოსვლას ზაფხულობით,
გულთმისანივით სულ ჭიშკართან მელოდებოდა,
მისვლისთანავე მკითხავდა: როდის მიდიხარ ბებია,
დარჩი ერთხანს, აქ მარტო ჩინდრიკით გამოვყრუვდიო.
ჯერ თვითონ მიტატებდა ჩახუტებისას,
მერე და მერე მე ვმაღლდებოდი,
ის კი ცვილის ანთებული სანთელივით ილეოდა.
არასდროს მინახავს მისი თმა,
თავზე ყოველთვის მიწისფერი თავშალი ემოსა.
ასეთი მახსოვს ბებიაჩემი…
ხმელი სუნელის სუნი ჰქონდა
მის ყვავილნაქარგ და გრძელ ხალათებს,
ქინძის, კამის და ოხრახუშის.
ჯორკოზე მჯდარი თხმელის გუზგუზა ცეცხლს დაანთებდა,
ჭვარტლმოკიდებულ და ძველ ბუხარში.
გავარვარებულ მუგუზლებზე დაამხობდა ქვის ნათალ კეცებს.
ხალამიდან ყველს ამოიღებდა,
წყაროს წყალით კარგად გარეცხავდა და დაფხვნიდა სახაჭაპურედ,
ხის ვარცლში კი ცომს მოზელდა იგი უმალვე.
იქვე ვიჯექი, დავცქეროდი ცეცხლსა და კეცებს
და დროდადრო ვაკვირდებოდი ბებიაჩემის გარჯას და ფუსფუსს.
სულში კი სითბო მეღვრებოდა უალალესი,
მისი ალერსით და მზრუნველობით გაჟღენთილი.
გავარვარებულ კელამიდას პატარა ცოცხს გაჰკრავდა,
ზედ შქერის ფოთლებს დააფენდა, ცომს დააკრავდა,
ხაჭაპურის გამოცხობამდე განჯინიდან ატმის კომპოტს გამოიღებდა.
რა დამავიწყებს იმ ხაჭაპურის და კომპოტის საოცარ გემოს,
ახლა ნერწყვი გადამეყლაპა…
ანდაც ჩურჩხელის, ჭამის შემდეგ რომ მომიტანდა,
და ოთახს ლამპა ანათებდა,
მეკი სოფლის უტკბეს ნუგბარს შევექცეოდი.
ასეთი მახსოვს ბებიაჩემი…
ჩვენ არ წამოგვყვა ქალაქისკენ, იქ ჩაბერდა, ჩაილია თავის ოდაში.
ამ კერას მე არ მივატოვებ, აქ მოვკვდები,
ბაბუაშენმა დამიბარაო, –
იტყოდა და სასაფლაოს გორას მიაცქერდებოდა
ნაღველჩამდგარი თვალებით.
წარმოვიდგენ, როგორ ბარავს საბოსტნე მიწას,
ფხვიერში სხვადასხვა თესლს აბნევს, ბაღჩეულისას,
როგორ თოხნის ხასხასა ნერგებს,
როგორ აცლის ბურჩხას, ხვართქლას, სხვა სარეველებს.
როგორ რწყავს და ჰკრეფს სასალათედ კიტრს და პომიდორს,
ქვიჯაში კი არომატულ საკმაზს ნაყავს
მწვანილებისას, სალათზე წასასმელად.
ასეთი მახსოვს ბებიაჩემი…
ხბოს და წიწილებს და ცელქ ციკნებს
შვილებივით ეფერებოდა,
მარჩენალ ფურებს წველიდა
და ქაფქაფა რძეს კვეთდა ბრტყელძირა ქვაბში,
ამოყვანილ ყველს ალუმინის ჩოჩოში დებდა
და საბოლოოდ თიხის დერგში ავარგებდა.
მას ვერ ნახავდით უსაქმურად მყოფს,
საქმეს ყოველთვის გამოძებნიდა,
შეშას დაჩეხდა, სიმინდს დაფშვნიდა,
ნიგოზს დატეხდა, ცოცხს შეკერავდა,
წინდებს მოქსოვდა, ღუნღულა წინდებს.
ასეთი მახსოვს ბებიაჩემი…
სიმინდით სავსე პატარა თოფრაკს
მოიკიდებდა ზურგზე კაცივით
და გაჰყვებოდა ვიწრო ბილიკს
წყლის წისკვილისკენ, წელშიმოხრილი.
წარმოვიდგენ შებინდებულზე
როგორ მოდენის ჯაგებიდან თხებს და საქონლებს,
ხელში უჭირავს ქარისგან და წვიმისგან დაცული შუშიანი ლამპა.
ხარდანის ყურძნის ღვინოს აყენებდა მუხის ძველ კასრში.
ბუხრის ნაჭაზე ბადაგით სავსე ჩალხანას ჰკიდებდა,
კაპრონის ძაფზე აცმულ თხილის და კაკლის
გულებს ცხელ თათარაში ამოავლებდა რამდენჯერმე
და სპეციალურ ლატანზე ჩამოჰკიდებდა გასახმობად.
წარმოვიდგენ, რომ ოდის აივანზე მდგარი,
სოფლის ორღობეს აყურადებს და მელოდება,
დედაჩემის გამზრდელი დედა.
ასეთი მახსოვს ბებიაჩემი…