ჩემი ოთახი
ჩემი ოთახი ყველაზე პატარა
და ძველმოდურია ნაქირავებ ბინაში.
ჩემი ოთახის კედლებზე ოცდაათი წლის წინ გაკრული შპალერი,
სიძველისგან გაყვითლებული,
გაცრეცილი და ალაგ-ალაგ ამოხეულია.
ჩემს პატარა ოთახს ლაქწასმული ხის ერთი დიდი ფანჯარა აქვს,
ქარში ჭრაჭუნა და მინაგაბზარული,
ხისავე შტორითა და აბრეშუმის ქვიშნისფერი ფარდით.
სარკმლის რაფაზე აღაჟღაჟებული
ბალბა და ტიტა ჰყვავის თიხის ქოთნებში.
ჩემი ოთახის ჭერი ბათქაშჩამოყრილი და საღებავგახუნებულია,
რომელზეც კრემისფერი, უბრალო ჭაღი
მწიფე ლეღვივით ჰკიდია ოქროსფერი ლითონის ჯაჭვზე.
ჭაღის ირგვლივ თაბაშირით გაკეთებული
ყვავილების დეფორმირებული ორნამენტებია,
დაწოლილი ჭერს რომ ავყურებ, მონაცრისფრო
და შავ ლაქებში ნაირ-ნაირ ფიგურებს ვხედავ,
რას არ ვამსგავსებ, ფორმის მიხედვით…
ჩემი პატარა ოთახის ერთ-ერთ კედელზე ხატებია ჩამოკიდებული,
წმინდა გიორგის, იესოსი და ღვთისმშობლის,
პრიალა სარკის მარჯვნივ,
სადაც სულდამძიმებული ავიტუზები ხანდახან
და ”მამაო ჩვენოს” ვბუტბუტებ ჩუმად.
ერთ-ერთ კედელზე წიგნების თარო…
ჩემი ზამბარებიანი რკინის ლოგინი ვიწროა და ჟანგმოკიდებილი,
რომელიც ჩემი გადაბრუნებისას ჭრიალებს ხოლმე.
ორი ბამბის ლეიბითა და ფუმფულა,
არაერთხელ ცრემლით დანამული ბალიშით,
ბოშებთან ნაყიდი, ქათქათა ზეწრებით მორთული.
შეყუჟული ვარ ჩემს პატარა,
ორას ლარად ნაქირავებ ოთახში
და ვცხოვრობ ჩემთვის, უბრალოდ და ერთფეროვნად.
ეს პატარა ოთახი მომსწრეა, ჩემი ღიმილის,
ჩემი მწუხარების, ჩემი ქვითინის, ჩემი სასოწარკვეთის,
ჩემი აღტაცების, ჩემი დაჩოქების, ჩემი სიმღერის,
ჩემი ცეკვის, ჩემი გაოცების,
წამოწოლილი რომ ვაკვირდები
დღის და ღამის ცას, ვარსკვლავდახუნძლულს.
მჯერა, რომ ჩემს პატარა ოთახს თვალები აქვს,
ჩუმად მიყურებს, მეტყველი და ნაღვლიანი თვალებით
და ჩემი მოსმენა, თანაგრძნობაც კი შეუძლია,
ვინ იცის, იქნებ ჩემთან ერთად იძინებს კიდეც.
მე მიყვარს მისი საღებავგახუნებული და დალაქავებული ჭერი,
ძველი პარკეტის იატაკი, შპალერგაყვითლებული კედელი,
რომელსაც შუბლით და ხელისგულებით არაერთხელ მივყრდნობივარ,
ის არის ჩემი გოდების კედელი.
ჩემი ოთახი ღარიბ ბერიკაცს მაგონებს, სიბერისგან კანდაჭმუჭნულს,
ხელებდაკოჟრილს და თმაწვერგათეთრებულს,
გახუნებული შარვლითა და ლანჩაგაცვეთილი ფეხსაცმელებით.
ჩემი ოთახი ალბათ ყველაზე ვიწრო და პატარაა დედაქალაქში,
მაგრამ მყოფნის,
მაგრამ ვეტევი.