მტრედის ღუღუნი

 

                             ტრაგიკულად დაღუპულ მირანდა სხილაძეს,

                             მის შვილებს დამიანეს და ლილეს

 

გუშინ მოაჭრეს სამი ტოტი საფლავთან ურთხმელს,
ჭრილობა ღია, სისხლისფერი, დააჩნდა მერქანს.
ათასი წელი ინახავდა რაღაც ბნელს, უთქმელს,
ახლა მას უნდა რომ ბავშვების სახელი ერქვას.

ამ სექტემბრიდან სამი კუბო გამოირანდა,
მირაჟი გაქრა, გაკრიალდა მღვრიე და ბუგე.
სამი ბავშვი წევს ბნელ კუბოში. გძინავს მირანდა
მამის სიზმარში, ვერ იღვიძებ, შენს თვალის გუგებს
ძარცვავს სიბნელე, მაინც ხედავ გადახრილ ჯვარცმას.

ღუღუნებს მტრედი, თითქოს ამბობს: მამის მაცნე ვარ.
მიდიხარ გზაზე, ჯერ მძიმეა წარსულის ფუთა-
ბავშვის პერანგზე დაგავიწყდა ღილის დამცნევა.
გახსოვს დაისში რომ უთხარი შენს სულთამხუთავ

ანგელოზს სიტყვა, წარმავლობას რომ გამოსტაცე,
ჩურჩულებ სიტყვებს, საუბარში რომ გაიწაფოს
ბავშვი, ვარდების და ჩიტების თანამოდასე.
ვერ ხედავ სოფელს, აღმართიანს და გულციცაბოს.

შემოდგომა კი ფერად-ფერადს მოაფენს გოგრებს.
ასე მგონია, მოხვალ ღმერთო, შეარყევ დუმილს.
თვალებს აგვიხელ სინათლეში, ამ ბავშვებს მოკრებ
და შენი ბაგე ისევ იტყვის: „ტალითა კუმი“.

 

 

 

კაცის სიკვდილი

                                     ვახტანგ სარალიძეს

დაგიდგა ჟამი პერანგების სისხლში გავლების-
გესმის კივილი მკვდარი დედის და ელმავლების.
დაგიტანს დიდი რცხილის ჩრდილი, დიდი მაგიდა,
ბურუსი ბედის, ბავშვის ღიმი ჭრელ ჰამაკიდან,
ბრმის დიდი ცრემლი, ღვინის მზისფრად აკიანთება,
ორი გოგონა -შენი ცრემლი და ქრიზანთემა,
სახლთან ლეღვის ხე ქვესკნელიდან ამოწეული,
ღვინით ავსილი შენი ჭიქა, შენი სხეული…
ლაქავენ კუბოს, გაპრიალდა ხე დაკორძილი,
გაცმევენ პერანგს, მაღალ სერზე არის ქორწილი.

 

 

ხის სიკვდილი

კედარს მოაბეს დიდი საბელი.
მოჭრეს. დადუმდა ჩიტთა კაპელა.
ხე იწვა მკვდარი როგორც აბელი,
თავს ადგა კაცი, ვინც გადაბელა.

დადუმდა შაშვი, დუმდა კოდალა,
მიწა ვერ იგრძნეს ფესვქვეშ კედრებმა.

ჩამოაქციეს ჩიტთა გოდოლი,
წყალს გაატანეს ბავშვის ვედრება.

 

სიბნელე

მითხრეს: ცხოვრება არის დღესავით,
მე კი არა მაქვს შნო და გერგილი,
რომ ვარ უგრძნობი დიდი კლდესავით,
ანდა ცივი ვარ აისბერგივით.

ეშმა ამ სოფლის მამასახლისი
ჩემზე სხვა ათას რამეს მოროშავს,
გულზე გადივლის მისი სახნისი-
ამოჰყრის ვარდებს, აფრთხობს ბოლოშავს.

ისმის ჩურჩული: ამოიბაგე,
კვლავ შეერიე დაისს, სიბინდეს,
კოცნისთვის ჰპოვე წყვდიადის ბაგე,
ოქროსქოჩრიანს, გასცდი სიმინდებს.

მაღალი ხე ხარ, რომ ვერ დაგაპეს,
წადი, წყვდიადის კალთას ებნიე.
თუ ხედავ ვარდებს-ბავშვის საკაბეს,
წამიერია და უნებლიე.

 

ჩურჩული

ბევრი ფეხის ხმა მიახლოვდება,
გათელეს ვარდი და სამარის მიწა დაბლისკნეს.
გულში გაისმის შენი გოდება-
ასე მიდიხარ სიბნელისკენ და სიდაბლისკენ.

თითქოს გადუსვეს შავი გუაში
დაბრეცილ სივრცეს, ღვინით სავსე ქვევრი დაგლისეს.
მნათი წერტილი ბნელის შუაში
ვარ ისევ მარტო. აქ არავინ მოგისაკლისებს.

 

 

1 2 3