ანუბისის ბაღები

ღამის სიზმრებში ანუბისის მოახლოება
ახლა აშენებს და ამაღლებს ცამდე მეგალითს.
მე რომ მეგონა, თითქოს მიწა მევიწროება,
სავსე მთვარის ქვეშ აქათქათდა დიდი ეკალი.

შენი ვარდები ცვრით დამძიმდა მდინარის გაღმა,
აყვავდა კომში, ახასხასდა მწვანედ აყირო.
ადრე მეგონა რომ გაშალა ვარდები ბაღმა
ჩემთვის. ვიყავი დიდ ბავშვივით უკვირმაკვირო.

დაკარგულ გზებზე გული იყო შენი მოსავი,
ვეტანებოდი გზის ნაპირებს, ბნელის ლენცოფას,
მოეხვეოდა უნაზესი ყელით სოსანი
შენს ეკლებს. სისხლით მიველტვოდი თავის შეცნობას.

იყო ბავშვობა, მსხლის ტოტებზე ბუდე თრიების,
მამის სიკვდილი და მაღალი კოშკი უბისის,
შენი ღიმილი, გაღვიძება გულში მთიების,
ღამის კოშმარი, სიზმრის ბაღი, ხმა ანუბისის.

 

მარტოობა

აღარ ჩანს არვინ, ვისაც ვუთხარ სიტყვა მშვიდობით.
სისინებს ქარი, სიცოცხლეა ბრმა, უყვავილო,
უკუნი ღამე შავი ღრუბლით და ქარდიდობით
შემოდის ჩემში ვით ბავშვის ხმა, მისი ალილო.

ვიღაც ხომ მოდის, აი, მწერი, ჩემსავით თიხით
გამოძერწილი, გრილ ჩარჩოში თრთის გაბლეხილი.
ღამეში ვუსმენ წვიმის წვეთებს, ქარების ღიღინს,
როცა ბაღებში ადრეული ჭკნება ხეხილი.

ვივიწყებ სახეს, დიდ გველივით წინ მოსრიალეს,
თვით სიცოცხლესაც, რომ გადამცდა ერთხელ სასულეს,
მაღალი ალვა ამ ღამეში ისე შრიალებს,
ალბათ ხისმჭრელი მის სინათლეს ხვალ დაასრულებს.

 

 

აალება

დიდ ვარსკვლავებით მოჭედილ ღამეს,
შენს ბაგეებზე გამომკრთალ ღიმილს,
დილის ვარდებზე დაკიდულ ნამებს,
დიდ მარტოობას, სიჩუმეს მღვიმის,
ვარდებს, მის ჯერაც გაუშლელ კოკრებს,
დავიწყებისკენ გადახრილ საგნებს,
ბავშვს, დაისის წინ სხივებს რომ მოკრებს,
მის თითებს, როცა უმატებს, აკლებს,
ხელებს, რომელიც გეძებენ ძილში,
აქ რომ ვერაფერს ვერ ეჭიდება,
დიდ მატლს, რომელიც ნეტარებს ხილში
და გაღვიძება აღარ სჭირდება,
თვალებს, რომელიც გხედავენ მუდამ,
ისე შორიდან, თვალმოუკრავად,
ოქროსკანიან, მდუმარე ბუდას,
სანამ სიყვარულს არ მოვუკლავარ,
თაყვანს ვცემ ყველას, უკუნში ნაძერწ
პატარა ლეკვსაც, მის კუდის ქიცინს,
ნაფეხურს შენსას, ასვეტილ ნაძვებს,
ბოლო წერტილსაც, შენ რომ სვამ, ციმციმ..

 

 

 

 

ზარი

მე ვარ ზარის ხმა რომ ესიზმრათ ვარდებს, ნარგიზებს,
შენი გული კი სამრეკლოა, სადაც ვდუმდები,
მე ვარ ყვავილი მოელვარე შენს გულსაკიდზე,
შენს გაზაფხულში მინდა მოსვლა და ვერ ვბრუნდები.

შენი ცა ასე უძიროა და მოციალე,
მე ვარ დაისი, დიდი ზარი ხმაჩაწყვეტილი.
როცა წავედი ჩემი სახე შევატრიალე
ვარსკვლავებისკენ. ელვარებდა ბნელი წერტილი.

ჩემს ხმაში ათას ველის ყვავილს გააქვს ღაღანი,
მაინც არ გესმის ჩემი ცრემლის დიდი ხარება,
ვიღაც იზრდება ჩემში წმინდა, ცამდე მაღალი
და შენს სიზმრებში დაბნეული დაიარება.

 

 

 

დაკარგვა

თან დავატარებ შენი ცის სხივს, შენი სხეულის
ალისფერ ყვავილს, სხვა ფეხმა რომ ციმციმ გათელა.
დავიკარგები შენს გრიგალში უცხო, ეული,
როგორც აქ ბნელში მხარქცეული ციცინათელა.

აი, ეს არის დავიწყების ტალღის მოქცევა,
თავზე რომ მადგას, დაისია იმ ბაგისფერი,
ძილში ვჩურჩულებ: შენ იყავი, ამის მოწმე ვარ—
დილის ვარდივით ციალებდა სახე, კისერი.

მომქონდა გული- არავისთვის გამოსადეგი,
სიტყვის ფერები, შორსმხედველი ჩემი სიბეცე.
დამუნჯებული ხნიერი ხის გვერდით დავდექი
და ჩრდილთან ერთად შენს უფსკრულში გადავიკეცე.

 

 

1 2 3