წასვლა
გულში კვლავ არის სიმაღლის და ნათლის კუნჭული,
ვარსკვლავების და შენი მკერდის ამომბურცველი,
ახლა ვარდების ბაღში ვდგავარ თვალდახუჭული,
ახლა ვარდიდან ჩამოვარდნას ლამობს ფურცელი.
ცრემლით ივსება თვალის გუგა, ვხედავ კურცხალით,
ბრმა მერცხალივით მეჯახება მიჯნურთ ნათება,
მივდივარ ჩუმად, მამასავით ბედდაუმცხრალი,
მთვარეა გარეთ და ქარების მიჩუმათება.
მივდივარ ჩუმად, მთვარესავით სხივგაბურდული,
ჩიტის ჩრიტინი ბნელ ღამეში გულს მესახება,
შენს ვარდების ბაღს უმძიმესი ადევს ურდული,
შენს გულს ჩაესმის ვარსკვლავების ყრუ შეჯახება.
სონეტი დიდებაზე
გეორგ თრაქლს
გარეთ ქარებს აქვთ გულის ფანცქალი,
მზე რომ უკვდება მიმქრალ მდელოებს,
ხმა უკუნიდან ბოლოქანქალის
ველზე ოქროებს გააბრელოებს.
დაცვივა შიშის მტვერ-ბუზანკალი
ამ მზესუმზირებს, უსახელოებს.
რა ახლოს ელავს შავი ნამგალი,
ვაი, მუნჯებს და უმეტყველოებს.
ვარდებთან ახლოს გვიყურყუტია,
ნიავმა გრიგალს აქ გზა უტია,
დიდება დიდებს, გამონაკლისებს…
ბნელი ღრუბელი, ჩიტის ჟღურტული,
ბავშვი სინათლით თავჩაღურთული
ვიცი, ხანდახან მოგვისაკლისებს.
ძილი
აქეთ თვალგახელილი ცრემლიანი ბრმებია,
აქეთ შენი სიცოცხლე სიკვდილს დაუბრებია,
მიმოდიან ტალღები-ჩუმი საუბრებია,
ინთებიან ვარსკვლავნი, ინთებიან, ქრებიან.
ვარდებისკენ ქარები ისევ გადიხრებიან,
ვხედავ ბავშვის კულულებს და მის შავტიხრებიან
ძილში ალვა იჭრება, მყინვარები დნებიან,
გრიგალი და სინათლე ერთად დაიძვრებიან,
თითქოს არც კი ყოფილან, არც ვის დასიზმრებიან.
