გაზაფხული

 

რომელი სიტყვა უნდა დავძრა,

რომ შენი მობრუნება შევძლო შორეთის გზიდან?!

სად, რომელ კლდეზე ამოტვიფრე შენი სამყოფელი,

ვის ნებაზე მიუშვი აღვირი?!..

…პირმან ჩემმან და ბაგემან ჩემმან,

რომელი სიტყვის ხაოზე უნდა აილესოს ენის წვერი,

რომ შემდეგი სიტყვით გზა გაგიკაფო – ითაკას მხარეს,

სადაც მე ვბუდობ.

რომელ ნაპრალში ჩავუშვა ნაწნავი,

იქნებ უკუნმა მიკარნახოს ყოველივე?!

რომელ მდინარეს ვაპკურო მარიალიანი წყალი?

რომელ ხეს შევულოცო?

რომელი ვარსკვლავით მიგანიშნო, თუ სად ვანთივარ?

რომელი მეომრის ამბჯარას მივამაგრო გულის ნადები,

რომ მტრები ხოცოს, სიცოცხლის ჟინით დატყვევებულმა.

იაროს, სანამ არ მოვა შენსას და მის აბჯარზე ამოიკითხო,

რაც მიმიკებით მივამაგრე,

რისი ჩადენაც თვალებით მოვასწარი,

ხოლო სიტყვას დღემდე ვეძებ,

შენთვის ჯერ უთქმელ, უხსოვარ სიტყვას.

 

ღმერთებო, თქვენ უკეთ უწყით ჩემი იღბალი,

უბრძანეთ ქარებს, მოაბრუნონ!

უბრძანეთ ზღვებს, მოაბრუნონ

და გზებს უბრძანეთ, მოაბრუნონ

აქ არის მისი ითაკა!

აქ, ამ ფერადი ქალაქის ერთ უღიმღამო ქუჩაზე,

სადაც სიტყვები დამეკარგა,

პატარა ბიჭიც დამეკარგა,

წითელ პერანგს კი, ლამის ყოველ დღე ვფენ აივანზე.

აქ არის მისი ადგილი!

აქ, სადაც თვეების წინ ქვაში ჩაშენებული ქრისტე დაასახლეს,

ხოლო მანამდე მტრედები დაფრინავდნენ, როგორც მაუწყებლები.

მერცხლები არასდროს არ შემინიშნავს.

იქნებ მოვიდეს და მოიყვანოს ამ ლექსის სათაური.

 

 

1 2 3 4