წიგნის მოპარვა

 

არ დავკვირვებივარ, ვისი წიგნები იყო,

მეზობელმა მოიტანა,

როცა უთხრეს, რომ უფრო სქელი წიგნები უნდოდათ,

წავიდა და უფრო სქელი წიგნები მოიტანა.

არ დავკვირვებივარ ავტორების ვინაობას,

გამპატიოსნებლები ჩემგან მოშორებით იდგნენ.

წიგნები ერთმანეთს მიატყუპეს და მიცვალებულს ამოუდეს თავქვეშ.

წიგნებს თეთრი ნაჭერი გადააფარეს.

ხოლო მიცვალებულს სუდარა,

და მაცივარიც ჩაირთო.

მთელი ერთი კვირა მკლავდა სურვილი,

გამეგო, თუ რომელ ავტორებს ეჭირათ მიცვალებულის თავი,

რომელიც უგონოდ, მაგრამ ლამის ამაყად იმშვენებდა სიკვდილს.

ჩართული ზამთარი ერთ კვირაში გამორთეს,

როცა სასახლე მოაბრძანეს და სხვა ვალდებულებები გაჩნდა.

მიცვალებული, სასახლეში გადაასვენეს.

წიგნი არავის გახსენებია,

არც პატრონს მოუკითხავს.

მხოლოდ მე გავბედე ახლოს მისვლა,

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეშინოდა,

სურვილი მკლავდა, გამეგო ის ავტორები,

რომლებაც ერთი კვირა დაყვეს მიცვალებულთან.

და უფრო მეტიც, დაეხმარნენ სიკვდილის დამშვენებაში.

ხელში ჰომეროსის ,,ილიადა” და გალაკტიონ ტაბიძის პოეტური კრებული შემრჩა.

ირგვლივ სიკვდილით გამოწვეული არეულობა იდგა.

მე ჩუმად გავედი ოთახიდან

მერე გავიქეცი, სიცივე კი მომყვებოდა და ხელიდან არ ვუშვებდი.

დიახ, ისინი აუტანლად ცივები იყვნენ.

 

 

1 2 3 4