ალბათ ბევრ თქვენგანს გაქვთ ნანახი კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრები“, სადაც ისტორიის რევიზია ხდება და ჰიტლერის მოსაკლავად კინოთეატრში გესტაპოს ფორმაში გამოწყობილი ამერიკელი და ევროპელი მებრძოლები ცდილობენ ფაშისტური წესრიგის განადგურებას. თუმცა ასევე ბევრ თქვენგანს ალბათ არ გინახავთ ერნსტ ლუბიტჩის ფილმი „ყოფნა თუ არ ყოფნა“, რომლის სიუჟეტის მნიშვნელოვანი დეტალებიც ისესხა ტარანტინომ და საკუთარი სურათის ყალიბს მოარგო. დღეს სწორედ ამ ფილმზე მინდა გესაუბროთ, ერთ-ერთ საუკეთესო კინოკომედიაზე, რაც ოდესმე გადაღებულა.

„ყოფნა თუ არ ყოფნა“ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, 1942 წელს გადაღებული ფილმია, რომელიც სატირის პრიზმაში ატარებს იმ პერიოდში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ ტრაგედიას. და სწორედ ეს გახლავთ მისი ბრწყინვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. წარმოიდგინეთ დღევანდელი პოლიტკორექტულობის ხანაში ფილმი, რომელიც იუმორისტული სიმსუბუქით აღწერს და დაცინის მაგალითად უახლოესი ისტორიის ტერორისტული აქტების შემოქმედებს, ისლამური სახელმწიფოს ფენომენს, პარიზის თუ ბერლინის ტერაქტებს და მათ იდეოლოგიებს. თანამედორვე მეინსტრიმულ კინოში ასეთი რამ თითქმის განუხორციელებელი იქნება, რადგან არცერთი სტუდია არ გარისკავს ინვესტიციის ჩდებას პოტენციურად აღმაშფოთებელი თემების წამოჭრაში.

თუმცა 78 წლის წინ ეს მოახერხა პოლონელმა ემიგრანტმა ლუბიტჩმა, რომელმაც ამერიკულ კინემატოგრაფს ერთ-ერთი ყველაზე გამომგონაბლური, სიახლით სავსე და პოსტ მოდერნული ნარატივების შემცველი სურათები შესძინა. „ყოფნა თუ არ ყოფნაში“ რეჟისორი დიქტატორულ და დამპყრობლურ პოლიტიკას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ, მეგალომანიურ, სხვისი უპიარეტესობით შეშინებულ, პატრიარქალურ მოდელად წარმოაჩენს და ამის საილუსტრაციოდ იყენებს თეატრის მსახიობი ცოლ-ქმრის, ჯოზეფ და მარია ტურას ურთიერთობას, სადაც ჯოზეფი გამუდმებით პუბლიკისგან არაღიარების შიშშია, მუდამ ცდილობს მეუღლეზე დომინანტური გამოჩნდეს სცენასა თუ რეალურ ცხოვრებაში და მხოლოდ საკუთარი ფრუსტრაციების შესამსუბუქებლად გამოიყენოს მეორე ნახევარი.

თეატრი და შექსპირისეული სათაური ფილმში ცალკე კონცეპტუალური სივრცისთვისაა გამოყენებული. პოლიტიკა, მოგვეწოდება როგორც თეატრალური წარმოდგენა, რომელიც მთლიანად პოლიტიკური ფიგურების პერფორმანსებზეა დაყვანილი, იმაზე თუ როგორ მოახდენენ საკუთარი თავის წარმოჩენას საზოგადოების წინაშე. პოლიტიკური თეორიტიკოსი ჰანა არენდტი მსოფლიოს და მისი პოლიტიკური განზომილების ხედვის ერთ-ერთ ცენტრალურ იდეად მოიაზრებდა სამყაროს, როგორც თეატრალური წარმოდგენის აღქმას, რომელსაც უწოდებდა „მამაკაცების მიერ შექმნილ ფენომენალურ სივრცეს“, სადაც საჯარო სივრცე იქმნება ინდივიდების მიერ ერთმანეთში მსახიობის და მაყურებლის როლების განაწილებით.

 

 

1 2