ლუბიტჩი არ განსჯის საზოგადოებას, რომელიც ტყუვდებოდა მესამე რეიხის იდეოლოგიით, ის ცდილობს აჩვენოს სხვადასხვა კონტექსტი, რომელიც მანკიერ იდეებს გაკეთილშობილების საშუელაბს აძლევს, გარემოებებს, რომელიც შესაძლებელს ხდის შენიღბოს ტრაგედია გარდაუვალ აუცილებლობად. ერთ-ერთ სცენაში თეატრის რეჟისორი ჰიტლერის როლში მყოფი მსახიობის გრიმს დაიწუნებს და გრიმიორს ეტყვის, რომ ის უბრალო კაცს გავს, რომელსაც ულვაში აქვს, რაზეც პასუხად მიიღებს, რომ ჰიტლერიც მხოლოდ კაცია, რომელსაც ულვაში აქვს. ის თუ როგორ ხდება პოლიტიკური აქტორების აღქმა, იმაზეა დამოკიდებული, როგორ ხდება ინდივიდის მიერ მისი პერფორმატიულობის და ქარიზმის მიღება, მაყურებელს ჭირდება მოქმედების დანახვა, რომ მისთვის ის რეალობად გადაიქცეს, თუმცა როგორც თეატრსა და კინოში, ისე პოლიტიკაში, ჩვენ ვერასოდეს ვხედავთ რეალობას, მარტო ვაკვირდებით იმ იმიჯებს, რაც მოქმედმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენთვის ეჩვენებინათ.
ფილმის პერსონაჟი მსახიობები, რომლებიც განასახიერებენ გესტაპოელების როლებს, დამაჯერებლად აჩვენებენ ნამდვილ გესტაპოელებს, რომ თანაზიარი იდეოლოგია გააჩნიათ, საპირისპიროდ კი, გესტაპოელების ნაწილი ვერ ფიქსირდება „სამაგალითო ნაცისტად“, რადგან შიგადაშიგ ხუმრობს თავის ფიურერზე და სიმართლედ იღებს იმას, რასაც ეუბნებიან და აჩვენებენ როგორც რეალობის განუყოფელ ნაწილს. ანუ ისევ პოლიტიკა, როგორც თეატრალური წარმოდგენა. ლუბიტჩი გვიჩვენებს თუ რამდენად მარტივად ხდება დეფაქტო სიმართლის შექმნა, რეალური მოტივების ფაბრიკაცია, ფლუიდური იდენტობების მორგება და მაყურებლის მიერ მსახიობის, პოლიტიკოსის მიერ კი საზოგადოების მოტყუება. და ამ ყველაფერს აკეთებს არა დრამატული ხერხებით, არამედ იუმორისტული სიტუაციების წარმოებით.

ტრაგიკული მოვლენის კომედიურ ჭრილში აღწერა, ყველაზე მეტად აცლის ამ ტრაგედიების შემოქმედებს ფუნდამენტს, რადგან აქრობს შიშს და წარმოაჩენს მათ დასაცინ ობიექტებად, აჩენს მსჯელობისთვის გაცილებით ჯანსაღ ატმოსფეროს და თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ მაგალითად ჰიტლერი, მხოლოდ ერთი რიგითი კაცია ულვაშით და არა გამორჩეული არიელი, რომლის დანახვაც მხოლოდ ძრწოლვას უნდა იწვევდეს.
როგორც იტყვიან ხოლმე, დღეს უკვე ასეთ ფილმებს აღარ იღებენ, „ყოფნა თუ არ ყოფნა“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია იმისა თუ როგორ უნდა დავინახოთ და წავიკითხოთ ტოტალიტარული რეჟიმები თუ სხვა სოციო-პოლიტიკური ტრაგიზმები, რაც შეიძლება მეტად დავცინოთ და გავხადოთ ის კარიკატურული, რადგან თუ მათ სერიოზულად მივუდგებით, უფრო მეტად მიეცემათ შანსი, რომ ჩვენი მოტყუება შეძლონ. რეალურად კი კოლექტიური ჰიტლერები, მხოლოდ რიგითი ადამიანები არიან, თავიანთი სასაცილო გარეგნული მახასიათებლებით.

1 2