ვიდრე სკოლაში შევიდოდი, კითხვა უკვე ვიცოდი, დედაჩემის მტკიცებით, მე თვითონ ვისწავლე, რადგან თავად უარს მეუბნებოდა კომიქსების წაკითხვაზე. მაინც მგონია, რომ ალბათ ჩემი უფროსი ძმა დამეხმარა, რადგან თავისი საკუთარი კომიქსების წიგნის შედგენა უყვარდა და მკითხველი სჭირდებოდა.

პირველი წიგნი, რომელიც მახსოვს, ერთიანად დაჩხაპნილი „დედა ბატი“ და ბეატრის პოტერის წიგნები იყო, მისი „ბნელი პერიოდიდან“ (ბასრი დანებით, კანიბალი მელიებითა და გატაცებული ბავშვებით გადავსებული). ამას მოჰყვა გრიმების სრული კრებული, რომელიც ჩემმა მშობლებმა ფოსტით შეუკვეთეს, ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მასში გავარვარებული ფეხსაცმელი, ლურსმნებით სავსე კასრები და დასახიჩრებული სხეულები  მრავლად მოიპოვებოდა. ეს მეოცე საუკუნის ორმოციან წლებში ხდებოდა, ომის შემდეგ. მაშინ მოდაში შემოვიდა ზღაპრების შინაარსის შეცვლა –   ტექსტებიდან სისხლისმსმელ პერსონაჟებს დევნიდნენ და ფინალს ალამაზებდნენ და ამ ფონზე, ჩემი მშობლები შიშობდნენ, რომ გრიმებში თავმოყრილი  ჩონჩხები და დათხრილი თვალები ტვინს ამირევდა. ალბათ ასეც მოხდა,  თუმცა, ბრუნო ბეტელჰაიმი ამტკიცებს, რომ ასეთი ამბები სასიკეთოდ წამადგა. ასეა თუ ისე, მე ხარბად ვშანთქე მთელი ის ისტორიები და მრავალი მათგანი ჩემში დღესაც  ცოცხლობს.

სულ მალე, განურჩევლად ყველაფრის კითხვა დავიწყე, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩემი ოჯახი კანადის ჩრდილოეთით ცხოვრობდა, სადაც რადიოსადგურის დაჭერაც კი პრობლემა იყო, ხოლო კინოთეატრი არ არსებობდა. გრიმების მერე, სკოლის საკითხავი და ავადსახსენებელი „დიკისა და ჯეინის“ წიგნები ვერ მხიბლავდა.  თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდი „ნახე, ჯეინი გარბის“ შესახებ.

სამაგიეროდ, ვკითხულობდი კომიქსებსა და ბურბუშელების ყუთის უკანა მხარეს დატანილ ტექსტებს. ვცადე ე.წ. გოგონების საკითხავიც – ლაურა ლი ჰოუფის „ტყუპები“, ჰოვარდ გერისის „ქარლითოფები“, ჩერი ეიმსის წიგნები, მაგრამ ისინი კონკურენციას ვერ უწევდნენ ვერც გავარვარებულ ფეხსაცმელს და ვერც ბეთმენს. თუმცა, ვგიჟდებოდი ერთ წიგნზე – „ანა მწვანე მეზონინიდან“. სტანდარტულ საბავშვო კლასიკურ ლიტერატურაში ყველა ბილიკი გავტკეპნე. რამდენიმე წიგნი დედამ წამიკითხა, მაგალითად ფრენკ ბაუმის „ოზის საოცარი ჯადოქარი“, „ელისის“ წიგნები და „განძთა კუნძული“. ვერ ვიტყვი, რომ „გულივერის მოგზაურობა“ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ გოლიათების გამო, მაინც საბავშვო საკითხავად ითვლება და ამიტომ მეც წავიკითხე.

ასევე, წავიკითხე კანადური წიგნები ველური ბუნების შესახებ – სერ ჩარლზ ჯორჯ დუგლას რობერტსისა და ერნესტ ტომპსონ სეტონის დაწერილი ცხოველთა სამყაროს ამსახველი ისტორიები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცხოველების სიკვდილით მთავრდება.  ასეთი წიგნები ჩემს ცხოვრებაში როგორც წესი, შობას ჩნდებოდა. ალბათ უფროსები მიიჩნევდნენ, რომ წიგნები, სადაც ცხოველები ფიგურირებენ, აუცილებლად ბავშვებმა უნდა იკითხონ. მე კი მახეში გაბმულ, თოფით მოკლულ თუ დასახიჩრებულ კურდღლებს, მელიებს, კაკბებსა და მგლებს მოთქმით დავტიროდი, წიგნს ცრემლებით ვალბობდი და შოკოლადით ვთითხნიდი.  წავიკითხე ორუელის „ცხოველების ფერმა“ და მეგონა, რომ ისიც ცხოველების შესახებ დაიწერა და ცხენის სიკვდილი მწვავედ განვიცადე.

როგორც კი წიგნს გადავშლიდი, მაშინვე ვხედავდი მოციმციმე შუქს. უკვე ვცნობდი მდარე ხარისხის, მაგრამ მაინც სასიამოვნო საკითხავს. ვერ ვიტყვი, რომ ამ ტექსტებმა შემდგომში ჩემზე, როგორც მწერალზე გავლენა მოახდინა, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, როგორც მკითხველი, ნამდვილად გარდამქმნა. დაახლოებით იმ დროს წავიკითხე ედგარ პოს რჩეული ნაწარმოებები, რომელიც ვიღაც უტვინომ სკოლის ბიბლიოთეკის თაროზე შემოდო იმ მოტივით, რომ ახალგაზრდას გონებას სარგებელს მოუტანს ნებისმიერი წიგნი, რომელიც სექსს არ შეიცავს.

ათი-თერთმეტი წლის ასაკში, უკვე მოზრდილთა წიგნებში ვიქექებოდი. მახსენდება გამომცემლობა Dell-ის დეტექტიური სერია, სადაც წიგნის უკანა ყდაზე დანაშაულის სცენა ეხატა, ხოლო ზედა ყდას კი გასაღების ღრიჭო და  წითელ ღრმა დეკოლტიან კაბაში გამოწყობილი მოკლული ქერა ქალის ავისმომასწავებელი ფოტო ამშვენებდა. იმ ისტორიებიდან  ერთი იდუმალი დეტალი დამამახსოვრდა: ქალი გააშიშვლეს, კოღოების სეზონზე ტყეში ხეზე მიაბეს და ისე მოკლეს. (იქ სადაც მე ვცხოვრობდი, ეს გარემოება საკმაოდ დამაჯერებლად მეჩვენებოდა.) ერთხელ ხელში ჩამივარდა უვარგისი სამეცნიერო ფანტასტიური ჟურნალი, რომელიც ჩემს სტუმარს დარჩა, და გონებაში ჩამებეჭდა ამბავი, რომელშიც მშვენიერი ქალები პლანეტა X – ზე კაცებზე ნადირობდნენ, ყელზე კბენდნენ და  მათში კვერცხებს ობობასავით დებდნენ. ჭეშმარიტად საეჭვო წიგნებს კუთხეში მივათრევდი და ვმალავდი, როგორც ძაღლი მალავს ძვალს, და ჩემი მშობლებისგან მალულად ვკითხულობდი.

პომ გრიმების ზღაპრებზე მეტადაც კი ამაფორიაქა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის შეპყრობილია დეტალებით და მკითხველს სწორედ ამ დეტალებით სცემს თავზარს. ღამის კოშმარებში ცოცხლად დამარხული ადამიანები და გახრწნილი გვამები კი მესიზმრებოდა, მაგრამ პოს თავს მაინც არ ვანებებდი.

იმდროინდელ გამოცემაში ვეშაპების მშვენიერი გრავიურების ხათრით, მელვილის „მობი დიკის“ კითხვას შევუდექი და ისევ ცხოველებს ვგულშემატკივრობდი. ვახტებოდი ადგილებს, სადაც ადამიანებზე იყო საუბარი. თავი ვეშაპად წარმომედგინა და სულ არ მინაღვლია, როცა მან გემი ნაფოტებად აქცია და ეკიპაჟის წევრები შეიწირა. ჩემთვის მთავარი იყო,  რომ მან ადამიანებს თავი დააღწია და სამშვიდობოს გავიდა. მთელი იმ დატყვევებული მგლებისა და მოწამლული მელიების შემდეგ, ცხოველების გამარჯვების დრო დადგა!

 

 

1 2