დამამთავრებელ კლასებში „სიამაყე და ცრურწმენა“ და „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ წავიკითხე და დამემართა ის, რასაც იმ დროს, (როცა როკ ვარსკვლავის ფენომენზე ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვქონდა) ერქვა სტანდარტული სიყვარული მისტერ დარსისა და ჰიტკლიფის მიმართ. ჩემდა საბედნიეროდ, მაშინ არ ვიცნობდი უხასიათო, უხეშ, შავგვრემან ახალგაზრდებს, თორემ აუცილებლად გავიქცეოდი რომელიმე მათგანთან ერთად. ჩემი იმდროინდელი საკითხავი მოზრდილების მხრიდან მოწონებას იმსახურებდა, რადგან ისინი ეთაყვანებოდნენ ყველაფერს, რასაც კლასიკად მოიხსენიებდნენ. იგივეს ვერ ვიტყვი სხვა ტიპის საკითხავზე. მაგალითად, მეცხრე კლასში, მკითხველთა კლუბში ჩავეწერე, რომლის ძირითადი ფუნქცია კლუბის წევრი სტუდენტების სტიპენდიის ნაწილის მითვისება აღმოჩნდა, სამაგიეროდ კი, სტუდენტები ფოსტით შელამაზებულ ვერბალურ ნაგავს იღებდნენ. მახსოვს, „დონოვანის ტვინი“ სხვა წიგნებისგან გამოვარჩიე, რადგან ის იყო ამბავი მეტისმეტად გაფუებული, შეშლილი ტვინის შესახებ, რომელსაც მეცნიერები შუშის ქილაში ინახავდნენ. ის ტვინი მთელი მსოფლიოს დაპყრობას ლამობდა. „დონოვანის ტვინმა“ არა მხოლოდ სხვადასხვა ფრად დამანახა პოლიტიკოსები, არამედ, მარლოს „დოქტორ ფაუსტუსისა“ და მერი შელის „ფრანკეშტეინისთვის“ მომამზადა კიდეც.
ტორონტოში, სახლში, სადაც ვცხოვრობდი, სარდაფი ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. ჩემს მშობლებს ორი მანკიერი მხარე ჰქონდათ, რომელიც, უნდა ვაღიარო, მემკვიდრეობით მეც გადმომეცა – ისინი აურაცხელი რაოდენობის წიგნს ყიდულობდნენ და გადასაყრელად ვერცერთს ვერ იმეტებდნენ. ჩვენს სარდაფში კედელს წიგნის თაროები რამდენიმე წყებად მიუყვებოდა. მე ხშირად ჩავდიოდი და წიგნებს ვათვალიერებდი, თან სამზარეულოდან სასუსნავი ჩამქონდა – არაქისის კარაქგადასმული თაფლიანი კრეკერები, გარჩეული ფინიკი, რომელსაც ნამცხვრებში იყენებდნენ, ერთი მუჭა ქიშმიში, და ჩემი უსაყვარლესი ლაიმის ჟელეს ფხვნილი. ჩემი სვლა სარდაფისკენ ჰგავდა სახლიდან გემრიელ გაქცევას, ხოლო ჩემს ეკლექტიკურ კვებით გემოვნებას ავსებდა ის, რასაც ვკითხულობდი: ჭიანჭველებისა და ობობების შემსწავლელი სამეცნიერო სახელმძღვანელოები (მამაჩემი ენტომოლოგი იყო), ჰ.ჯ. უელსის თითქმის ყველაფრის ისტორია, უოლტერ სკოტის რომანები, ძველი ჟურნალები, ნაიო მარშის თეატრალურ მკვლელობები…
ისტორიის შესწავლამ და ტოტალიტალური რეჟიმების სტრუქტურების კვლევამ სწორედ იმ დროს გამიტაცა. სარდაფში გადავაწყდი ჩერჩილის წიგნს მეორე მსოფლიო ომის შესახებ, ორუელის „ათასცხრაასოთხმოცდაოთხს“ და არტურ კოსტნერის „შუადღის წყვდიადს“. ეს ის წიგნებია, რომელთა ზეგავლენით მოგვიანებით „მხევლის წიგნი“ დავწერე.
ეს ყველაფერი სკოლის გარეთ ხდებოდა. სკოლაში სწავლას პრაქტიკულად ვუდგებოდი და საკუთარი თავი საბოლოოდ სადღაც სერიოზულ სამსახურში წარმომედგინა. სირთულე ის იყო, რომ ქალებს პროფესიის არჩევა მხოლოდ ხუთი სპეციალობიდან შეეძლოთ. ესენია: ოჯახის ეკონომისტი, ექთანი, მასწავლებელი, თვითმფრინავის გამცილებელი და მდივანი. ოჯახის ეკონომისტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური იყო, მაგრამ მე კარგად ვერ ვერკვეოდი ელვა-შესაკრავებში. ეს გარემოება დეპრესიაში მაგდებდა და წიგნებს უფრო მეტად ვეძალებოდი.
ინგლისურის გაკვეთილებზე შექსპირს გავდიოდით, წელიწადში ერთ პიესას ვსწავლობდით, ბლომად ტომას ჰარდის, ცოტა ჯორჯ ელიოტს და უამრავ პოეზიას ვკითხულობდით, უმრავლესად, რომანტიკოსებსა და ვიქტორიანელებს. იმ დროს კანადის სკოლას ჯერ კანადური თანამედროვე პოეზია და არც თვითონ კანადა ჯერ აღმოჩენილი არ ჰქონდა. „კანადელი პოეტი“ წინააღმდეგობრივად ჟღერდა. როცა თექვსმეტი წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ წერა იყო ის, რაც ნამდვილად მინდოდა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მეკეთებინა, ეს აღმოჩენა ყველაზე მოულოდნელი ჩემთვის აღმოჩნდა.
დღეს რას ვკითხულობ? მიჭირს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან პასუხი ყოველდღიურად იცვლება. მაგიდიდან, რომელთანაც ახლა ვზივარ და ვწერ, უამრავ წიგნს ვუყურებ. ჩემს წინ წიგნები იატაკზე თვრამეტ რიგად აწყვია. ყველა მათგანი ჩემი სიამოვნებისთვის არ არის განკუთვნილი, ზოგიერთი სამუშაოდ მჭირდება. აღწერა მარცხნიდან მარჯვნივ რომ დავიწყოთ, გეტყვით, რომ სულ ზემოდან დევს გამომცემლობა Virago-ს ახალი წიგნების კატალოგი, მარკესის „გენერალი თავის ლაბირინთში“, ჯანმრთელობის საინფორმაციო ბიულეტენი, წიგნი კაცობრიობის წარმოშობის შესახებ, კანადური ლიტერატურული ჟურნალი სახელად „პარაგრაფი“, ეტელ დორვალის „ჰეთი დორვალი“, ფრანგული სინონიმების ლექსიკონი, ორი კრიმინალური ისტორია – ერთი პ.დ. ჯაიმსის, მეორე კი რობერტ ბერნარდის; „წრეწირის შემოხაზვა“ – მკვიდრი მოსახლეობის (ინდიელების, ესკიმოსების და ინუიტების) ქალი მწერლების ანთოლოგია; კურტ ვონეგუტის ახალი რომანი, „ფოკუს პოკუსი“ – წიგნი დანიაში ქარის ენერგიის შესახებ. ვგონებ, ამ ჩამონათვალით ჩემს წიგნებზე მცირეოდენი წარმოდგენა შეგექმნათ. დროდადრო ახალ წიგნებში ვიძირები, ვარჩევ და ვცდილობ მათ ისედაც გადაჭედილ თაროებზე განთავსებას. ან, გროვებად ვაწყობ და მათ დალაგებისგან ვიცავ, ან სხვა ადგილას გადამაქვს. ლოგინში კითხვაზე ვგიჟდები, აი, ესაა ნამდვილი განცხრომა, თვითმფრინავშიც ვკითხულობ, აბაზანაშიც, სამზარეულოშიც. ჩემთვის კითხვა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელი პროცესია და უწინდებურად მიყვარს.
თარგმნა
დალილა გოგიამ

1 2