უკვე მეოცე წელია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უალტერნატივოდ რჩება სივრცედ, სადაც კინოგურმანებს ერთმანეთზე საინტერესო, უახლესი ქართული და უცხოური საავტორო ფილმების ნახვა დიდ ეკრანზე შეუძლიათ. კინოგანათლების თვალსაზრისით მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს, რომელიც ასევე მოიცავს რეტროსპექტივებს, მასტერკლასებს და ვორკშოპებს.

არ დამავიწყდება, როცა ფესტივალის ათი წლის იუბილეზე, რეპრესირებული (30 წელზე მეტი ხნით აკრძალული) ქართული უხმო ფილმი, კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“ ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენეს. ფესტივალს რეტროსპექტივების კუთხითაც მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა. იმავე 2010 წელს აღდგენილი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში’’-ც ვიხილეთ.სხვადასხვა წელს მაყურებელს საშუალება ჰქონდა დიდ ეკრანზე ენახა: „თეთრი ქარავანი’’, „ინტერვიუ პირად საკითხებზე’’ „დიდი მწვანე ველი’’, „ნოსფერატუ’’, „ექიმ კალიგარის კაბინეტი’’, ესაძის და ბერგმანის ფილმები.  პატრიკ კაზალის ფილმები ფარაჯანოვის, რუბენ მამულიანის და კალატოზოვის შესახებ. ჰამსუნის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია „შიმშილი’’ სწორედ ფესტივალზე ვნახე. მახსოვს ასევე, ოთარ იოსელიანის „შანტრაპა’’ რეჟისორის ცოცხალი გახმოვანებით. იოსელიანი დარბაზში იჯდა და ფრანგულიდან  ქართულად თავად თარგმნიდა.

2018 წლის ფესტივალზე  ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე’’ და ანდრო ჭიაურელის ამ პერიოდის შესახებ გადაღებული ფილმის „საქართველოს დამოუკიდებლობის ქრონიკებიც’’ იყო ნაჩვენები. კინოთეატრ „ამირანის’’ ჰოლში გამოიფინა დამოუკიდებლობის პერიოდის ქართული კინოს ამსახველი ფოტომასალა.

ამ წლების განმავლობაში მაყურებელს შეეძლო ანდრაშ ნაგის, ლასლო რაიკის, მაიკლ ჰოფმანის, ულრიხ ზაიდლის, კატრიელ შორის, ნაუმ კლეიმანის, პიტერ ვებერის, ლეო კარაქსის, მაიკ ლის მასტერკლასელებს დასწრებოდა.

ფესტივალი სხვადასხვა დროს აქტიურად თანამშრომლობდა ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრთან, ევროპის სახლთან, თოფუზის ფესტივალთან…

ცალკე სექცია იყო „სტუდენტური ფილმები’’ და „ეროვნული არქივის საგანძურიდან’’  ფესტივალის ფარგლებში ხშირად ეწყობოდა გამოფენებიც.

2005 წლიდანდაწყებული თბილისის კინოფესტივალი თავის ერთგულ პარტნიორთან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ყოველწლიურად წარადგენს უახლესი გერმანული ფილმების პროგრამას – „დამზადებულია გერმანიაში’’.

2011 წელს ამ სექციას სტუმრობდა ცნობილი ფრანგი რეჟისორი ლეოს კარაქსი, წინა წლებში კი მისი სტუმრები იყვნენ: ჰიუ ჰადსონი, ულრიკე ოტინგერი, ბობ რაფელსონი, მაიკ ლი, ჯო რაიტი, პატრიკ კაზალსი, ჰარუტიუნ ხაჩატრიანი.

ფესტივალის პროგრამებს ვინახავ. ეს კარგი საშუალებაა ნანახ ფილმებს თვალი გადავავლო. ოცი წლის წინ კინოპროგრამა ღია ყვითელ ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, ფილმების გარდა მოიცავდა ქართული კინოპლაკატების გამოფენას. ასევე გერმანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენებასაც, მაშინ ლარს ფონ ტრიერის „წყვდიადში მოცეკვავე’’ ორჯერ უჩვენეს. ეს ყველაფერი ოცი წლის წინ იყო.

იმასაც გავიხსენებ, პირველად როგორ მოვხვდი კინოფესტივალზე. წლების წინ, სტუდენტობისას, არ მახსოვს რომელმა ლექტორმა გაგვაგზავნა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ წავედით და მე და შალვა მიქუტიშვილი გრძელი ხვეული კიბით კინო სახლის „კოშკში’’ რომ აღმოვჩნდით, სადაც გაგა ჩხეიძემ ხელი ჩამოგვართვა და აკრედიტაცია გადმოგვცა. ძველად სტუდენტისთვის რთული იყო კინოფესტივალზე დასწრება, დღევანდელივით ბილეთი ხუთი ლარი არ ღირდა – გაცილებით მეტი ღირდა.

ფესტივალი თავდაპირველად კინოთეატრ „რუსთაველში’’ ტარდებოდა, განსაკუთრებული ჩვენებებისთვის კინოამირანის პირველი დარბაზიც იყო გათვალისწინებული. თავისებური ხიბლი ჰქონდა რუსთაველიდან ამირანში სირბილს. ბოლო წლებია კინორუსთაველი რემონტზეა, შარშან კინოს სახლი ახალგარემონტებული დარბაზით ამოუდგა მხარში ფესტივალს. წელს კი ფესტივალი მხოლოდ კინოთეატრ „ამირანის’’ ოთხ დარბაზში ჩატარდა.

თბილისის კინოფესტივალის ისტორია, მხოლოდ პროგრამების და ვორკშოპების ჩამოსული სტუმრების და რეტროსპექტივების ისტორია კი არ არის, ეს არის ქალაქის ურბანულ-კულტურულ ცხოვრებაში კინოთეატრების ისტორიის შემდეგი ეტაპიც. რადგან ჩვენ ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ კომერციული კინოთეატრები დარჩა (გარკვეულ დრომდე ისიც მხოლოდ თბილისში), ე. წ. საავტორო ფილმების დიდ ეკრანზე ნახვა და  ასეთ კინოზე ორიენტირებული კულტურულ-სოციალური სივრცის შექმნა ფესტივალის ორგანიზატორების დამსახურებაა.

ახალი საავტორო ფილმები, რეტროსპექტივები, ვორკშოპები და მასტერკლასები, პანელდისკუსიები, ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმები. რაც მთავარია ფილმები ორიგინალშია ქართული სუბტიტრებით. დიდ ეკრანზე ნახვის ესთეტიკურ სიამოვნებას რომ თავი დავანებოთ, ეს არის იმ ტიპის თავშეყრის სივრცე, სადაც ფილმების ცოცხალი რეცეპფციაც ხდება. ეს ყოველივე ასე მწვავე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი არ გამოჩნდებოდა, დედაქალაქში რომ მუნიციპალური კინოთეატრი არსებობდეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით იმუშავებდა. ამ კინოფესტივალის დროს თბილისში კინო იბრუნებს იმ ,,მასობრივი სიზმრის’’ და ,,კოლექტიური ჰიპნოზის’’ ძალას, მაყურებელმა ჩაბნელებულ დარბაზის ანთებულ ეკრანზე პირველად მატარებლის შემოსვლით რომ გაიცნო.

კინოფესტივალის 10 წლისთავზე პრომეთეს ქანდაკებამ სახე იცვალა – გია ჯაფარიძის სკულპტურა თამარ კვესიტაძის მიერ დამზადებულმა პრიზმა შეცვალა. გარდა ამისა, კინოფესტივალზე ყოველ წელს გაიცემა არაოფიციალური პრიზები, როგორიც არის, მაგალითად, სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის. პრიზების დაწესება შეუძლიათ სხვადასხვა ორგანიზაციებსაც. მაგალითად, 2011 წელს საქართველოს ბანკმა დააწესა პრიზი „ქართულ პანორამაში” წარმოდგენილი საუკეთესო ქართული ფილმისთვის, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით რეჟისორ ნანა ჯანელიძეს მიენიჭა ფილმისთვის „ნეტავი იქ თეატრი არის?!”.

კინოფესტივალი შეძლებისდაგვარად ცდილობს, პატივი მიაგოს დამსახურებული ქართველი კინომოღვაწეების შემოქმედებას. მაგალითად, „სპეციალურ ჩვენებაში” წარმოდგენილი პროგრამით სხვადასხვა დროს აღინიშნა ნატა ვაჩნაძისა და მიხეილ კალატოზიშვილის 100 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის 80 წლის იუბილე, მიხეილ კობახიძისა და ირაკლი კვირიკაძის 70 წლის იუბილე.

12 წლის მანძილზე ფესტივალმა 500-ზე მეტ რეჟისორს, მსახიობს, კინომცოდნესა თუ პროდიუსერს უმასპინძლა. ამ წლების განმავლობაში ფესტივალის სტუმრები იყვნენ კინოს სფეროს ისეთი ცნობილი წარმომადგენლები, როგორებიც არიან ბობ რაფელსონი, ვანესა რედგრეივი, ლეოს კარაქსი, გრეტა სკაკი, მაიკ ლი, ქშიშტოფ ზანუსი, მიკა კაურისმიაკი, ფრანკო ნერო, ბრუნო დიუმონი, ჰიუ ჰადსონი, ჯაფარ პანაჰი, მარიამ დ’აბო, ფრენკ როდამი, სერგეი სოლოვიოვი, იესიმ უსტაოღლუ, ჰელმა ზანდერს-ბრამსი, ჯო რაითი, ჯიმ სტარკი და სხვები. აგრეთვე, უცხოეთში მოღვაწე ქართველი კინემატოგრაფისტები: ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, ნინო კირთაძე, მიხეილ კალატოზიშვილი, დიტო ცინცაძე, მერაბ ნინიძე და სხვები.

ოცი წელი  ცოტა დრო  არაა.

„კინოფესტივალის იდეა ერიკას სამზარეულოში გაჩნდა. იგულისხმება ერიკა და ულრიხ გრეგორების სახლის სამზარეულო, რომელიც კინოსამყაროში ცნობილი ადგილია. სადაც ვთქვით, რომ უკვე დროა ჩატარდეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი’’ – იხსენებს კინოფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი გაგა ჩხეიძე.

თბილისის კინოფესტივალთან მრავალწლიანი მეგობრობა, თანამშრომლობა აკავშირებთ და  უდიდესი დამსახურება მიუძღვით ულრიხ და ერიკ გრეგორებს. ერიკა გრეგორმა 1963 წელს მეუღლესთან, ულრიხ გრეგორთან ერთად დააარსა ასოციაცია „გერმანული კინემათეკის მეგობრები”. კინოთეატრ „არსენალის” დაარსების დღიდან ერიკა გრეგორი კინოჩვენებების, კინოპროგრამების შემდგენელი და კინოფესტივალების ორგანიზატორი იყო.

ულრიხ გრეგორი კინოისტორიის პროფესორია ბერლინის კინოსა და ტელევიზიის გერმანულ აკადემიაში და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში. ასევე კინოსა და ვიდეოარტის დამოუკიდებელი ინსტიტუტის „არსენალის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

გრეგორების გარდა ფესტივალს კონსულტაციას უწევს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც თბილისის ფესტივალის მთავარი პარტნიორიც არის. აგრეთვე სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორები, ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და ამ სფეროს აღიარებული პროფესიონალები. კინოფესტივალი თანამშრომლობს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა Hollywood Reporter და Screen Daily.

 

1 2 3