ფესტივალს ყოველთვის ჰქონდა სირთულეები და გამოწვევები. ეს ცოცხალი სამუშაო პროცესია და ბუნებრივია, ხარვეზებიც ახლავს, რომლებიც ყოველთვის არა,  მაგრამ ხანდახან გარკვეულწილად მაყურებელს დისკომფორტს უქმნის, რაც გამოსასწორებელია და გასათვალისწინებელია.

 

მაშ ასე, წლევანდელი  თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოგურმანების წინაშე 1-იდან 8 დეკემბრის ჩათვლით წარდგა.

წლევანდელი კინოფესტივალი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაღრმავებას მიეძღვნა. ბუნებრივია, კინოფესტივალიც ბრიტანული უხმო კინოს შედევრით, ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟით’’ გაიხსნა. 1929 წელს გადაღებული „შანტაჟი-ს’’ ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართა. აკომპანიმენტს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, „ალტერ ორკესტრი“ ასრულებდა. ორკესტრს მირიან ხუხუნაიშვილი დირიჟორობდა. მუსიკა ფილმისათვის ბრიტანელმა კომპოზიტორმა ნილ ბრენდმა 2007 წელს დაწერა. ინგლისელი დრამატურგი და კომპოზიტორი წელს თბილისის კინოფესტივალისა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ეწვია და მასტერკლასიც ჩაატარა. იგი 30 წელზე მეტია, რაც უხმო ფილმების აკომპანიატორია. ლონდონში შესრულდა მისი აღიარებული საორკესტრო პარტიტურები ისეთი უხმო ფილმებისათვის, როგორიცაა ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟი“, ენტონი ესკვიტის „მეტრო“, ჩარლი ჩაპლინის „მარტივი ქუჩა“ და დუგლას ფერბენქსის „რობინ ჰუდი“.როგორც ტელეწამყვანი, ნილ ბრენდი ცნობილია ძალიან წარმატებული სერიებით BBC4-ზე: „კინოს ხმა, მუსიკა, რომელმაც კინო შექმნა“ (2013), „სიმღერის ხმა“ (2015), „მიუზიკლების ხმა“ (2017) და „კინომიუზიკლების ხმა“ (2018).

„შანტაჟი“ კინოფესტივალის განსაკუთრებული, ყოველწლიური სექციის „აპოლო: კინომეხსიერების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სექციაში ფესტივალი განსაკუთრებულ რეტროსპექტივებს მასპინძლობს ხოლმე, წელს კი ბრიტანული კინოკლასიკისკენ აიღო კურსი.

20 წელი მრგვალი თარიღია, ამიტომ ჩაფიქრებული იყო, ფესტივალს წელს ყურადღება უფრო საზეიმო ნაწილზე გაემახვილებინა;  წითელი ხალიჩა თითქოს ქმნიდა ამის განწყობას.

წლევანდელი საიუბილეო კინოფესტივალი საერთაშორისო კონკურსის გარეშე ჩატარდა. ფესტვალმა ევროპული დებიუტების კონკურსის ნაცვლად, ქართული კინოსურათების (როგორც მოკლემეტრაჟიანი, ასევე სრულმეტრაჟიანი) მასშტაბური კონკურსი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსის ფარგლებში პირველად შედგა კინოფესტივალის ტელევიზიასთან, კერძოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა: პირველმა არხმა საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისათვის ფულადი პრიზები ოც-ოცი ათასი ლარი დააწესა. საუკეთესო ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორი კი შემდეგი პროექტის განსავითარებლად, ფულად ჯილდოს ქართული ფილმის განვითარების ფონდისაგან მიიღებს.

ფესტივალის დახურვის დღეს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ პირადად გადასცა ჯილდოები გამარჯვებულებს. ესენია: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

როგორც  დაჯილდოების ცერემონიაზე ითქვა, ეს არ არის უბრალოდ ფულადი ჯილდოები, არამედ, ფაქტობრივად – გამზადებული კონტრაქტებია. საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ეს ფულადი ჯილდო სტარტაპია ახალგაზრდა რეჟისორებისთვის.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ეროვნული კონკურსის შედეგები ასე გამოიყურება:საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”;ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის “სანამ მამა დაბრუნდება”;ჟიურის სპეციალური აღნიშვნა – გიორგი მრევლიშვილის “თორმეტი გაკვეთილი;საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის “მამული”;ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის – ანტონ გრომოვი და ალიშერ ხამიდხოჯაევი (დიმიტრი მამულიას ფილმისთვის “ბოროტმოქმედი”);საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი „ადამიანის უფლებები კინოში“ – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”; საპატიო პრომეთე – კარლოს რეიგადასი, ირაკლი კვირიკაძე;ეროვნული კინოცენტრის კონკურსი “წერე ქართულ კინოზე”, გამარჯვებულები: გიორგი ჯავახიშვილი (I ადგილი), ლევან აბდუშელიშვილი (II ადგილი) და ზაზა ცანკაშვილი (III ადგილი).

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს პრომეთე“ და „ტერა ინკოგნიტა ფილმსის“ პრიზი – კამერების სრული კომპლექტით უზრუნველყოფა მომავალი ფილმის გადასაღებად – გადაეცა დიტო ცინცაძის ფილმს „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“. როგორც „ტერა ინკოგნიტა ფილმსის“ წარმომადგენელმა გიორგი მუხაძემ განაცხადა:„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა რეჟისორების მხარდაჭერა და წახალისებაა, სწორედ ამიტომ იგივე პრიზი ჩვენი მხრიდან გადაეცა უტა ბერიას ფილმისთვის „უარყოფითი რიცხვები“.ვულოცავთ ყველა გამარჯვებულსა და ვუსურვებთ მათ მომავალშიც ნაყოფიერ სამუშაო პროცესს’’.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ სექციაში – „რეჟისორი ფოკუსში’’ თბილისს მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი ეწვია,რომლის ფილმები: Our Time ჩვენი დრო (2018), Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012), Silent Light ჩუმი სინათლე (2007), Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005) და Japan იაპონია (2002) იყო ნაჩვენები.

კარლოს რეიგადასმა 3 და 4 დეკემბერს პროექტ „თანამედროვე კინოს დიდოსტატების’’ ფარგლებში მასტერკლასები ჩაატარა.

საგულისხმოა, 2007 წელს რეიგადსის ფილმმა – „მდუმარე სინათლე’’ კანის კინოფესტივალის ჟიურის გრანპრი მოიპოვა და რეიგადასს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის სახელი დაუმკვიდრა.

2012 წელს კი ფილმისთვის „წყვდიადის შემდეგ ნათელი’’ რეიგადასმა კანში, საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი. მისი უახლესი ფილმი, „ჩვენი დრო”, 2018 წელს ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა.

სექციაში „აპოლო, კინოს მეხსიერება’’ კლასიკური ბრიტანული ფილმები იყო წარმოდგენილი: Don’t Look Now / არ გამოიხედო! – Nicolas Roeg, 1973;Sunday Bloody Sunday / კვირა, წყეული კვირა – John Schlesinger, 1971;The Browning Version / ბრაუნინგის ვერსია – Anthony Asquith, 1951;The Loneliness of the Long Distance Runner / გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა – Tony Richardson, 1962;The Servant / მსახური – Joseph Losey, 1963;This Sporting Life / ასეთია სპორტული ცხოვრება – Lyndsay Anderson, 1963;Women in Love / შეყვარებული ქალები – Ken Russell, 1969.

ხოლო „ქვეყანა ფოკუსში: დიდი ბრიტანეთი’’ – ბრიტანული კინემატოგრაფის უახლესი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: Bait / სატყუარა – Mark Jenkin, UK, 2019;Hope Gap / იმედის ნაპრალი – William Nicholson, UK, 2019;Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019;The Souvenir / სუვენირი – Joanna Hogg, UK, 2019.

 

1 2 3