შენი სახლი

კილომეტრები…
გზის ბოლოს კი, მტკაველი სახრე.
ქრები, ინთები.
მე ახლა სხვისი სახლი ვარ- შენი სახლი,
შენი ნივთები,
დასასრული ვარ მიწებიან
დროის, მითების;
ჩემში ცხოვრობენ და მიკვდებიან
შენი ნივთები.

ქვისგან გამოთლილ გულით ვდგავარ, ფქვილისფერ სახით.
ძველ ალაყოფთან მომკლეს , დამცხრილეს
და სხვისი სახლი ვარ -შენი სახლი,
თითქმის დაცლილი.

წვიმაში მძინავს . ქარბუქია, ომია , ვიდრე.
მისაღებში კი, მოლბერტი და ერთი სკამია,
წინა ბინადრის ნაქონი სვიტრი,
წაუკითხავი დღემდე კამიუ
და მესიზმრება , როგორ ვტოვებ
ნისლიან მინდვრებს,
როცა ღამეა.

ამ გაზფხულზე , შორს წასული , მაღლობზე ახვალ
და მაღლობიდან სუყველაფერს ცივად მოყვები.
შენ გადარჩები, გადარჩები წერით და სახვით
ძღვენსაც ტერფებთან დაგიყრიან შენი მოგვები.
მე კი , სახლი ვარ, სხვისი სახლი- ის შენი სახლი.
ასე მოვკვდები.

 

კილომეტრები…
გზის ბოლოს კი, მტკაველი სახრე.
ძირფესვიანად ამომწვარი შავი კედრები.
მე ახლა სახლი ვარ, სხვისი სახლი- ის შენი სახლი,
ჩემი კედლები,
უკვე წლებია, გაბზარულან.
მზეზე გულდამთბარ
ეზოში მოისხა ხაზარულამ.
მე კი, ცუდად ვარ.
შენ ხომ არასდროს არ გინახავს
ჩემი სარდაფი,
ჩემი ნახვნარი, სავენახე,
მზის და სადაფის,
კედლის ბზარებზე ფოტოები
ძველი კიდია,
მაგრამ სახლებსაც ხომ ტოვებენ,
ცვლიან, ყიდიან.

 

 

1 2 3 4 5