* * *

 

მიყვარდი გაზაფხულის ამინდო,
ამიტომ ვიყავი ფუტკარი.
ფუტკარი ვიყავი ამიტომ,
ამიტომ ვიყავი – უთხარი!

ამბობდა -ცისთვალას კონა ვარო,
ლარნაკში იძინებს ღამით რომ,
ამიტომ ვიყავი ონავარი,
უთხარი, ვიყავი ამიტომ.

გზის და შარების ნისლი მოსავს,
დედაჩემს, სახლში ვერდარჩენილს,
დედაჩემია თოვლის მოსვლა,
თოვლის წასვლაა დედაჩემი.

იყო ნათქვამი წინასწარი,
ერთხელ რომ მზესავით აინთო.
ამიტომ ვიყავი წვიმასავით,
წვიმაში ვიყავი ამიტომ.

ვუსმენდი,
ვუსმენდი ქარს და ყანჩელს,
სამიკიტნოში ხარჯები.
ამიტომ ვუყვარდი ასე ყანჩებს,
ამიტომ მიყვარდა ყანჩები.

გამოთლილია ჯვარი ხისგან-
ოქრო მაბრმავებს, ვერცხლის მგუდავს.
ყველა ვიყავით ტალახისგან,
მაგრამ ხანდახან მერცხლის ბუდეც.

მიწაზე დაეცა ასე ვინც კი,
მიწაზე დაეცა ლაყუჩებით,
ამიტომ ვიყავი გულმავიწყი,
თეთრი ყვავილები მაყუჩებდნენ.

ჩემ ძველ ლამპარში ნავთია და
იწვის, მზესავით ანთია!
ამიტომ ვიყავი განთიადი,
ამიტომ ვხვდებოდი განთიადს!

 

 

1 2 3 4 5