გასული თვის 4 რიცხვში, ფინეთის ყველა დროის საუკეთესორეჟისორი, კარგი მსმელი და ნასვამზე იდეალური სოციო-პოლიტიკური კომენატორი იუმორისტული მიგნებებით, აკი კაურისმაკი 65 წლის შესრულდა, ამიტომ გადავწყვიტე მის სახასიათო ფილმზე მესაუბრა, რომელიც მრავალმხრივ შეიძლება დაახასიათო: პოლიტიკური სატირა, საგზაო ფილმი, მიუზიკლი, აბსურდული კომედია თუ სხვა და სხვა. თუმცა გადაჭრით, რაც შეიძლება ითქვას, ისაა, რომ ეს გახლავთ ფინური კინემატოგრაფის ოქროს ფონდის უდიდესიანაბარი, აკი კაურისმაკის შედევრი, სახელწოდებით, „ლენინგრადელი კოვბოები ამერიკაში მიემგზავრებიან“.

ფინეთი, ტუნდრა, როგორც ეკრანზე გაჩენილი ტიტრი გაუწყებთ, „არავის მიწა“. ხის თავლის წინ, გარდაცვლილი კაცი წევს გიტარით ხელში, ამ სასოწარკვეთილ მოცემულობას კი წამებში მხიარული პოლკა ანაცვლებს და სურათის მთავარ მოქმედ გმირებსაც ვეცნობით. ყველა ერთმანეთს გავს – ძალიან უცნაური ვარცხნილობები, საოცრად გრძელცხვირიანი ტყავის ფეხსაცმლები და უემოციო სახეები. კაურისმაკი თავის ქვეყნის ნაციონალურ იდენტობას მის პერსონაჟებში აერთიანებს, გვიჩვენებს კომუნას, რომელიც ფინეთში სიღარიბეში და უიმედობაში ცხოვრობს და გამოსავალს ეძებს. ბენდის მოსასმენად მოსული ავტორიტეტული ფიგურა ამბობს, რომ მათი მუსიკა ნაგავია, ამიტომ ამერიკაში უნდა წავიდნენ და იქ მიაღწევენ წარმატებას, რადგან ამერიკაში ნაგავი უყვართ. ამიტომ ჩვენი გმირები ამერიკაში მიფრინავენ, უკეთესი ცხოვრების საპოვნელად.

 

 

 

1 2 3