ფილმში სცენებს წინ უძღვის დასათაურებები, რომელთაგან უმეტესობა იუმორისტული ხასიათისაა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, ბენდის პროდუსერი წევრების სრულ ექსპლუატაციას იწყებს, ფულს უმალავს, თავად სტეიკებს მიირთმევს, მათ ხახვს აჭმევს, სრულად განკარგავს სამუშაო ძალას და მისგან მიღბულ დივიდენდებს. ერთ-ერთ სცენაში, რომელსაც სათაურად რევოლუცია ეწერება, ლენინგრადელი კოვბოები, გაბეზრებული მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობებით, აუჯანყდებიან თავიანთ ოპრესორს და გაკოჭავენ. შემდეგ სცენაში, როდესაც პროდუსერი ძალაუფლებას დაიბრუნებს და გააგრძელებს ბენდის წევრების ჩაგვრას, რეჟისორი შემდეგ დასათაურებას გვთავაზობს: „დემოკრატიის დაბრუნება“. მისთვის ლიბერალური დემოკრატია ჩავარდნილი პროექტია, ისევე, როგორც საბჭოთა სოციალიზმი. კაურისმაკი ფინეთის იდენტობის ძიებაშია, მარგინალიზებული მოსახლეობის, ღირსეული ცხოვრების პირობებისგან დისტანცირებული სოციუმის გადარჩენის გზების ძიებაში. მშველელად არც ამერიკა ესახება, არც ევროკავშირი. ამიტომ აბსურდული ფილოსოფიის პერსპექტივიდან ცდილობს არსებული მდგომარეობის გადააზრებას. იმ ფასეულობების დაცინვით, რაც საჭირო აუცილებლობებად მოგვეწოდება, მოჩვენებითი თავისუფლების დაინდივიდუალისტური ეთიკის.

კაურისმაკის ფილმები, რამდენად ტრაგიკული შინაარსის გარემოებებსაც არ უნდა გვიჩვენებდეს, ყოველთვის სავსეა იუმორით, რომელშიც ყველაზე დიდი დოზით შეიგრძნობა ჰუმანიზმი. „ლენინგრადელი კოვბოები ამერიკაში მიემგზავრებიან“ სავსეა ჰუმანიზმით, ნოსტალგიით, უკეთესი მომავლის ძიებით, ძალიან სასაცილო ხუმრობებით, არქეტიპული პერსონაჟებით, დასამახსოვრებელი სცენებით, ჯიმ ჯარმუშით და იმ რწმენით, რომ სამყაროში ყოველთვის გაიმარჯვებს ადამიანი, როგორც თავად უყვარს ხოლმე თქმა, „დას კაპიტალზე“. ერთი სიტყვით, ვისაც ეს ფილმი არ გინახავთ, წინ გრანდიოზული სანახაობა გელოდებათ, რომელიც სულ საათსა და 15 წუთს გრძელდება და რომლის ყურების დროსაც მრავალ გლობალურ საკითხზე დაიწყებთ ფიქრს, მაგრამ პასუხების ძიება უკვე სეანსის შემდგომ, ნანახის გაანალიზებისას, საკუთარ თავთან მოგიწევთ.

 

 

 

 

 

1 2 3