დრო გადის, თაფლობისთვე იწურება და კატები ისეთ რამეს გვიმხელენ, რასაც ცივილიზაციის საბურველიც კი ვერ მალავს. კატები გვეუბნებიან – რაც, ვაი რომ ისედაც მშვენივრად ვიცით – ქმრებს მალე სწყინდებათ ცოლები, განსაკუთრებით თუ კნუტებს ელოდებიან ან უკვე ჰყავთ; მამაკაცის ცხოვრების არსი თავგადასავლის და ღალატის სიყვარულშია; სინდისის ქეჯნა და შეუპოვრობა იმ დაავადების ფსიქოლოგიური სიმპტომებია, პრაქტიკულად თვრამეტიდან სამოც წლამდე ყველა კაცს დროდადრო რომ ემართება და რომელსაც „ნაბახუსევი“ ჰქვია; დაავადების გაქრობასთან ერთად ფსიქოლოგიური სიმპტომებიც ქრება და როცა კაცი ახალი ცდუნების წინაშე დგება, სინდისი უკვე მშვიდი აქვს და აღარც შეუპოვრობა არგია რამეში. ამ სამწუხაროდ ყველასთვის ნაცნობ სიმართლეს შეუნიღბავად ააშკარავებენ კატები, რაც თავისთავად ძალიან კომიკურია. ჯერ არც ერთ კაცს არ გაუბედავს ისე თავხედურად ეგრძნობინებინა ცოლისთვის, თავი მომაბეზრეო, როგორც ამას მამრი სიამის კატა აკეთებს. მას შეუძლია პირდაპირ სახეში მიამთქნაროს სიყვარულს მონატრებულ ცოლს. ჯერ არც ერთ კაცს არ გაუბედავს, ასე გულახდილად ეღიარებინა, წინა ღამე სხვასთან გავატარეო. მაგრამ მერე როგორ ქურდულად –  არც ერთ კაცს ასე თავი არ დაუმდაბლებია – მოიძურწება მეორე დილით, ბუხრის წინ ცოლქმრის კალათში რომ მოისვენოს! რამდენად ძლიერად ტანჯავს სინდისის ქეჯნა, უკან გადაწეულ ყურებზე და ამოძუებულ კუდზე ეტყობა. ცოლი ჯერ დასუნავს, უნამუსო საქციელს მიუხვდება და, როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, სახეზე კლანჭებს ჩამოუსვამს (ისედაც ნაიარევ სახეზე, ასობით დუელის კვალი რომ ემჩნევა). ის კი არ ეწინააღმდეგება; რადგან იცის, რომ დაიმსახურა, შეგნებული აქვს დანაშაული.

მეეჭვება შევძლო ყველა ის ადამიანური ჭეშმარიტება ჩამოვთვალო, რომელსაც წყვილი კატა ააშკარავებს ან ადასტურებს. მხოლოდ კიდევ ერთ მაგალითს გავიხსენებ კატების უთვალავი დარიგებიდან – უცნაური პანტომიმით წარმოდგენილ დარიგებას, რომელმაც ცხადად მომაგონა ადამიანური ბუნების ყველაზე სევდიანი თავისებურება, უიმედო სიმარტოვე. ერთხელ ჩემი მდედრი კატა, უკვე დიდი ხნის გათხოვილი და რამდენჯერმე ნამშობიანები დედა, სიყვარულის იშტაზე მოვიდა. მისი, გაფურჩქვნის ხანაში მყოფი ქმარი ზარმაცი ქედმაღლობით რომ ავლენდა მოწიფული, ძლევამოსილი მამრის თვისებებს, უარზე დადგა. სულ ამაოდ ირჯებოდა ცოლი, სიყვარულით გატანჯული კნაოდა და ქმრის წინ ყოველ გავლა-გამოვლაზე კედელს ან სკამის ფეხს ვნებიანად ეხახუნებოდა. სულ ტყუილად მივიდა და აულოკა სახე. მამრმა თვალები დახუჭა, დაამთქნარა და სახე აარიდა. ცოლი კიდევ უფრო რომ გაჯიუტდა, ადგა და ნელა, შეურაცხმყოფელი მედიდურობით გაეცალა. ხელსაყრელ შემთხვევას თავი აარიდა, წავიდა და მომდევნო ოცდაოთხი საათით დაიკარგა. მარტოდ დარჩენილი ცოლი უაზროდ დაბორიალობდა სახლში, თითქოს გამქრალ ბედნიერებას ეძებდა და დებიუსის ოპერის მელიზანდასავით ძლივს გასაგონ, ნაღვლიან და მომხიბლავ ხმას გამოსცემდა. თითქოს ამბობდა – “Je ne suis pas heureuse ici “ (მე არ ვარ ბედნიერი აქ). და საწყალი პატარა ცხოველი მართლაც არ იყო ბედნიერი. მაგრამ, ადამიანთა სამყაროს დიდი დების და დიდი ძმების არ იყოს, ისიც სიმარტოვეში უნდა გამკლავებოდა თავის უბედურებას, ვერავინ ანუგეშებდა, ვერავინ გაუგებდა. იმიტომ რომ ვერც ენა, ვერც ინტელექტი, ინტუიცია თუ თანაგრძნობა, სინამდვილეში ვერ გეხმარება გაუზიარო შენი დარდი სხვას. ყველა აზრის და გრძნობის არსი გაუზიარებელი რჩება, ადამიანის სულის და სხეულის შეუღწეველ, ფოლადის საცავში გამოკეტილი. ყველას მისჯილი გვაქვს ტყვეობა მარადიულ სიმარტოვეში. მიტოვებული, სიყვარულით გატანჯული კატის შემხედვარემ, ეს სევდიანი ჭეშმარიტება მთელი სიცხადით შევიგრძენი და გული შემეკუმშა. „მე არ ვარ ბედნიერი აქ“ – კნაოდა და კნაოდა, – „მე არ ვარ ბედნიერი აქ“. და სასოწარკვეთილი, მგრძნობიარე შავ კუდს მათრახივით ატყლაშუნებდა. ყოველ გატყლაშუნებაზე, ჰოპ-ლა! ხან სავარძლიდან, ხან წიგნის თაროდან, სადაც არ უნდა ყოფილიყო იმ წამს დამალული, მისი ერთადერთი ვაჟი (დანარჩენები გავაჩუქეთ) პატარა, სასაცილო ვეფხვივით კლანჭებით ეძგერებოდა დედის კუდს. ხან მოიხელთებდა, ხან ვერა, თუ მოიხელთებდა, კუდის ბოლოს კბილებში მოიქცევდა და ვითომ გააფთრებული ღრღნიდა. დედამ უხეშად გამოგლიჯა კუდი. ვაჟი ისევ სავარძლის ქვეშ შეძვრა და ახალი ნახტომისთვის გამზადებულს, თათები მოუთმენლობისგან უცახცახებდა. მაგიური კუდი და მისი სასოწარკვეთილი ჟესტიკულაცია პატარა კნუტისთვის შეუდარებელი გასართობი აღმოჩნდა. დედა კი მართლაც რომ ანგელოზის მოთმინებას ავლენდა. არც ერთხელ არ დაუტუქსავს და არც გაბრაზებია; თუ პატარა მეტისმეტად აუტანელი ხდებოდა, უბრალოდ გაეცლებოდა, ეს იყო და ეს. და მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ სევდიანად კნაოდა. „მე არ ვარ ბედნიერი აქ“, „მე არ ვარ ბედნიერი აქ.“ პატარა კნუტის გადამეტებული უდარდელობა და პამპულაობა, კიდევ უფრო სევდიანს ხდიდა სანახაობას. თითქოს მელიზანდას გოდებაში მოულოდენლად მასხარა შემოიჭრა – ოღონდ პატარა კნუტის ქცევა სრულიად გაუაზრებელი იყო, განზრახ არავისთვის ტკივილის მიყენება არ სურდა, უბრალოდ ვერ უგებდა დედას. ორივე თავ-თავიანთ სამუდამოდ მისჯილ სიმარტოვეს ამართლებდა. საკნებს შორის კავშირი არ არსებობდა. არავითარი კავშირი არ არსებობდა. კატის დარიგებამ ზოგჯერ შეიძლება უსაზღვროდ დიდი სევდა შეგყაროთ.

 

 

 

ინგლისურიდან თარგმნა 

თაკო  ჭილაძემ

 

 

 

 

1 2