კატების დარიგება

 

არც ისე დიდი ხნის წინ ერთ, მწერლობას მოწყურებულ ახალგაზრდა კაცს შევხვდი. იცოდა, მე რომ მწერალი ვიყავი და რჩევა მკითხა, სანუკვარი ოცნება როგორ ავიხდინოო. ძალიან მოვინდომე, კარგად ამეხსნა.  – უპირველეს ყოვლისა, – ასე ვუთხარი, – ბევრი ქაღალდი უნდა იყიდოთ, მელანი და კალამი. ამის მერე, შეგიძლიათ დაიწყოთ წერა. მაგრამ ახალგაზრდა მეგობარი ამით არ დაკმაყოფილდა. მგონი, ეჭვობდა, თითქოს სადღაც საიდუმლო ლიტერატურული რეცეპტების წიგნი არსებობდა და თუ იმ წიგნს გულისყურით გაეცნობოდი დიკენსი, ჰენრი ჯეიმზი ან ფლობერი გახდებოდი – ეს უკვე  „გემოვნებაზე იყო დამოკიდებული“, როცა საქმე შეკმაზვაზე და დატკბობაზე მიდგებოდა. ეგებ თვალი შემავლებინოთ იმ წიგნისთვისო. ვუთხარი, ვწუხვარ, მაგრამ (დასანანია, არადა, რამდენ დროს და ტანჯვას დაზოგავდა კაცი!)  ასეთ ნაშრომს არსად გადავყრივარ-მეთქი. დაღონდა, აშკარად იმედგაცრუებული დარჩა; დადარდიანებული ყმაწვილი ცოტა რომ მენუგეშებინა, ვურჩიე, იქნებ რომელიმე სახელოვან უნივერსიტეტში მოღვაწე და დრამატურგიის და მოკლე მოთხრობების მკვლევარი პროფესორისთვის მიემართა; თუკი  ლიტერატურის სანდო კულინარიული წიგნი მართლა არსებობდა, მათ უეჭველად ექნებოდათ. მაგრამ, ახალგაზრდა კაცი ვერა და ვერ დაკმაყოფილდა. რაკი იმედი ვერ გავუმართლე, მიმეცა „კვერცხის მომზადების ასი ხერხის“ ან „დიასახლისის დავთრის“  ტოლფასი მხატვრული ნაშრომი, გადაწყვიტა ჯვარედინი დაკითხვით გამოეკვლია ჩემი „მასალის ძიების“ მეთოდი. მქონდა თუ არა უბის წიგნაკი ან დღიური? ვინიშნავდი თუ არა მოსაზრებებს და ფრაზებს ბარათებზე? მდიდრების და მაღალი წრის ადამიანების სალონებში სისტემატურად ხშირად დავდიოდი? ან იქნებ პირიქით, სასექსის ცარცის კლდეებთან მერჩივნა ცხოვრება? ან საღამოობით ისთ-ენდის ჯინის მაღაზიებში ხომ არ დავდიოდი „მასალის“ საძიებლად? ვფიქრობდი თუ არა, რომ ინტელექტუალების საზოგადოებაში ყოფნა ჭკვიანურია? რამდენად სარგებლიანია მწერლისთვის კარგი განათლების მიღება, თუ აჯობებს მხოლოდ სხვისი რომანების კითხვით შეიფარგლოს? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან მოვინდომე, ყველა კითხვაზე პასუხი გამეცა – რა თქმა უნდა, როგორც შემეძლო, მიკიბ-მოკიბულად. და რადგანაც მაინც ვერაგზით ვერ გავუმართლე იმედი, ნებაყოფლობით და უანგაროდ უკანასკნელი რჩევა მივეცი. – მეგობარო, თუ გსურთ, ადამიანთა ფსიქოლოგიას ჩასწვდეთ და მათზე წეროთ, ყველაზე კარგი, რაც ამისთვის შეიძლება გააკეთოთ, წყვილი კატა იყოლიეთ. ეს ვუთხარი და დავემშვიდობე.

ვიმედოვნებ და, მისთვისაც ნამდვილად აჯობებდა, ჩემი რჩევა ყურად ეღო. იმიტომ რომ ნამდვილად კარგი რჩევა იყო – ნაყოფი დიდი გამოცდილებისა და ხანგრძლივი მედიტაციების. მაგრამ ვშიშობ, რაკი ისედაც ცოტა მოსულელო კაცი ჩანდა, ჩემს ნათქვამს სავარაუდოდ ხუმრობად მიიღებდა და მხოლოდ და მხოლოდ გაიცინებდა: გაიცინებდა, როგორც წლების წინ თავადაც შტერივით გამეცინა, როცა უჩვეულოდ მომხიბვლელმა და ნიჭიერმა კაცმა, რონალდ ფერბენკმა მითხრა, რომანში მეიფეარის ცხოვრება მინდა აღვწერო და ვესტ-ინდოეთში მივემგზავრები, შავკანიანების გარემოცვაში მასალის საძიებლადო. მაშინ გამეცინა; ახლა კი ვხვდები, მართალი ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებივით და ცხოველებივით ველურებიც ჩვეულებრივი ცივილიზირებული ადამიანები არიან, ოღონდ მათ მანერების, პირობითობების, აზროვნების და გრძნობების საბურველი არ ფარავთ, რომლის ქვეშაც ჩვენ გვიწევს არსებობა. ეს საბურველი იოლად შეიძლება შეისწავლო მეიფეარში, პარკ ავენიუზე, ან პასიში. მაგრამ რა ხდება საბურავის ქვეშ ამ ელეგანტურ და მოწესრიგებულ უბნებში? უშუალო დაკვირვება (თუ მეტისმეტად გამჭრიახი ინტუიციით არ ხარ დაჯილდოვებული) ბევრს არაფერს მოგვცემს; და თუ, საკუთარი საბურველის ქვეშ მალულად შეჭყეტითაც ვერაფერს დავასკვნით, მაშინ აჯობებს ვესტ-ინდოეთში მიმავალ მომდევნო გემს გავყვეთ ან, რაც უფრო იაფი დაგვიჯდება, რამდენიმე დილა გავატაროთ საბავშვო ბაღში, ან, როგორც უკვე შემოგთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტი, ვიყიდოთ წყვილი კატა.

დიახ, წყვილი კატა. თუ არჩევანის საშუალება გაქვთ, სიამის კატა სჯობს; იმიტომ რომ ისინი სხვა დანარჩენ კატებთან შედარებით ყველაზე „ადამიანურები“ არიან. ამას გარდა ყველაზე  უცნაურებიც ბრძანდებიან და თუ არა ყველაზე ლამაზები, უდავოდ ყველაზე განსაცვიფრებლები და ფანტასტიკურები.  არ არის მართლაც სულის შემძვრელი, შავი ხავერდის ნიღბიდან კრიალა ცისფერი თვალებით რომ გიყურებენ! სიამის კატა თოვლივით ფითქინა იბადება, მერე, ცოტა რომ წამოიზრდება, წენგოსფერი ედება. წინა თათებზე, ლამის მხრებამდე კაბარეს მომღერალივით შავი ხელთათმანი ამოუცვამს; უკანა თათებზე კი თითქოს შავი აბრეშუმის მაღალყელიანი წინდები აქვს შემოტმასნილი, ისე უხამსად და გამომწვევად, როგორც ფელისიენ როპსი მოსავდა თავის ილუსტრაციებში მარგალიტისფერ შიშველ ფიგურებს. კუდები, თუკი აქვთ კუდები – იმედისმომცემ მწერალს ყოველთვის ვურჩევდი კუდიანი კატა ეყიდა, რადგან ემოციის გამოსახატად, კუდი მათთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, უკუდო კატა ხომ იგივე მუნჯი კაცია – ისინი, შავი გველებივით მოხდენილად დაკლაკნილები მუდამ თავისი მოუსვენარი და ფხუკიანი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაშინაც როცა პატრონები სფინქსებივით არიან გარინდული. და რა საოცარ ხმას გამოსცემენ! ხან ბავშვებივით წუწუნებენ; ხან მამა აბრამის ბატკნებივით კრუსუნებენ; ხანაც განწირული ადამიანივით სასოწარკვეთილები და განრისხებულები მოთქვამენ. ამ ფანტასტიკურ არსებებთან შედარებით სხვა კატები, როგორი ლამაზებიც და სანდომიანებიც არ უნდა იყვნენ, ცოტა უსიცოცხლოები მოგეჩვენებათ.

ასე რომ, ჩვენი მომავალი მწერალი კატებს რომ იყიდის, სხვა არაფერი დარჩება, თუ არა მთელი დღე  მათი ყურება; ჩანიშვნა, სწავლა და ადამიანის ბუნებაზე შეძენილი ცოდნის გულში შეჯამება; და ბოლოს, – სამწუხაროდ ასეთი შრომატევადი და არასასიამოვნო აუცილებლობა ყოველთვის გამოგვიხტება ხოლმე – ნება-სურვილის მიხედვით  მეიფეარზე, პარკ ავენიუზე, ან კიდევ პასიზე წიგნის დაწერა.

მოდით კატების რამდენიმე ყურადსაღები დარიგება განვიხილოთ, ფსიქოგოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს დიდად რომ გამოადგებოდა. დავიწყოთ – როგორც უნდა იწყებოდეს ყველა კარგი რომანი, აბსურდული დასასრულის ასარიდებლად  – ქორწილით. სიამის კატების შეუღლება, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, წარმოუდგენლად დრამატული მოვლენაა. თავდაპირველად, საცოლის და საქმროს ერთმანეთთან წარდგენას (მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ზოგადად კატების სამყაროში ისე ხდება, რომ მათ ადრე ერთმანეთი ნანახი არ ჰყავთ) შეუდარებელი სიმძვინვარის ბრძოლა უნდა მოჰყვეს. ახალგაზრდა მდედრის პირველი რეაქციაა, მომავალ ქმარს ყელის გამოსაღადრად ეცეს. როცა ხედავ როგორ ცვივა ირგვლივ ბეწვი და სიძულვილით და რისხვით აღსავსე ყურისწამღები კივილი გესმის, მართლაც რომ მადლიერების გრძნობით ივსები, ლმობიერმა განგებამ ეს დემონები უფრო დიდი რომ არ გაზარდა. ადამიანის ზომის არსებებს რომ გაეჩაღებინათ მსგავსი ორთაბრძოლა, ასი იარდის რადიუსზე ყველაფერი ნაცარტუტად იქცეოდა. ასეთ დროს, აღარ დაეძებ ნაკაწრებს, ქეჩოში წვდები ორივე მეომარს, ჯერ კიდევ გაცეცხლებულები რომ იკრუნჩხებიან და საჩხუბრად იწევენ და როგორღაც ერთმანეთს აცილებ. მე არც მეცნიერულ ცნობისმოყვარებას შევუწუხებივარ არასდროს და არც გამბედაობა მყოფნიდა, მეცადა გამეგო რით დასრულდება, ახლადდაქორწინებულებს ბრძოლის ბოლომდე მიყვანის უფლება რომ მივცეთ. სავარაუდოდ, სრულიად საპირისპირო მოხდება, რაც ჰამლეტის ოჯახში დატრიალდა, ქორწილისთვის დამზადებულ კერძებს ქელეხის სუფრაზე შემოიტანენ. ყოველთვის ვცდილობ ავირიდო  ტრაგიკული დასასრული და ამიტომ უბრალოდ ცალკე ოთახში გამოვკეტავ ხოლმე პატარძალს, დადარდიანებულ სიძეს კი რამდენიმე საათს ვაყურყუტებ გარეთ. სიძე ჩუმად არ დარდობს; პატარძალი დიდხანს ხმას არ იღებს, თუ არ ჩავთვლით პერიოდულ სისინს ან ღრენას, სიძის  მელანქოლიული, ვნებიანი წამოკნავლებების პასუხად. საბოლოოდ როცა პატარძალიც უკვე მასავით ნაზ და თანაგრძნობით აღსავსე ბგერებს გამოსცემს, შეგიძლიათ გააღოთ კარი. სიძე იმწამსვე ისკუპებს ოთახში და ამჯერად მას ბასრ კლანჭებს კი არ შეაგებებენ, პირიქით მეტისმეტად თბილადაც შეხვდებიან.

ერთი შეხედვით, ეს კატური ქცევის მაგალითი თითქოს ადამიანებისთვის განსაკუთრებულ „გზავნილად“ არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ერთი შეხედვით შექმნილი შთაბეჭდილება ხშირად მცდარია; ცივილიზირებული ადამიანები ისეთი სქელი და ისეთი უხვი მითოლოგიური ორნამენტებით გამოძერწილი საბურველის ქვეშ ვცხოვრობთ, გვიჭირს თვალი გავუსწოროთ ფაქტს, დ. ჰ. ლოურენსი თავის რომანებში და მოთხრობებში დაჟინებით რომ ცდილობდა ყურადღების მიპყრობას – ვნებიან სიყვარულს თითქმის ყოველთვის ზიზღი ახლავს და ხშირად  გაუთხოვარ ქალებს (თავიანთი სენტიმენტების და ძლიერი ლტოლვის მიუხედავადაც) ფიზიკური სიყვარული სძულთ. კატები ფარდას ხდიან ამ ადამიანური ბუნების ვითომდა ბნელით მოცულ საიდუმლოს. კატების ქორწილის თვითმხილველი ვერცერთი ახალგაზრდა მწერალი ვერ შეეგუება დღევანდელ მხატვრულ ნაწარმოებებში აღწერილი სასიყვარულო ამბების სიყალბეს და ბანალურობას.

 

 

1 2