და ეს ინსცენირება გახდა „ანტისადამური“ მობილიზაციის გადამწყვეტი ფაქტორი.

რაც შეეხება აქტორს, მოგვიანებით გაირკვა, რომ ფილმის „გმირი“ ვაშინგტონში კუვეიტის ელჩის ქალიშვილი იყო, თავად ფილმი კი, დოკუმენტური კი არა, რბილად რომ ვთქვათ, „მხატვრული“…

აი, ასეთი ინსცენირებების პროდუცირებით მოვიკოჭლებთ ჩვენ!

თუმცა, ჩვენში, როგორც არასდროს, უკვე დაიწყო სიცოცხლე ბრეხტისეულმა უტოპიამ: მომეცით სიტყვა TV-ში და გადავაბრუნებ სამყაროს.

თუმცა, მე ახლა ვაჭარბებ, თორემ ე.წ. „თავისუფალ ტრიბუნაში“ ვის აღარ აძლევენ სიტყვას, მაგრამ…

და მაინც, ტელეგამოჩენილობის კოეფიციენტმა იმატა; და მერე, როგორ…

შეიქმნა (თუ დაფუძნდა) TV-მწერლის ახალი ტიპი; TV-მუსიკოსის ახალი ტიპი; TV-მხატვრის ახალი ტიპი…

კმარა?!

TV-არტისტის სინდრომი მარტო ქართული „სახელოვნებო ინტელიგენციის“ მახასიათებელი როდია.

ჩვენს „ერთმორწმუნე რუსეთში“ ამგვარი დისკურსის ვეტერანი პოეტი გახლდათ ევგენი ევტუშენკო, „ოტტეპელის“ ლეგენდარული იმიჯი, ბორის პარამონოვს თუ დავესესხები, საესტრადო პოეზიის სტილი და ჟანრი, ანუ პოეზია, როგორც შოუ რომ შემოგვთავაზა; შოუ, სადაც არსებითია არ იმდენად ლექსის ხარისხი, რამდენადაც მისი პერფორმანსი.

ისე, მავანმა და მავანმა ჩვენშიც დაიჯერა, რომ პოეტი, როგორც არტისტი, თავის ტექსტებზე ინფორმაციული, გაცილებით ინფორმაციული უნდა იყოს… თავისი ქცევებით, ანდა უფრო ზუსტად, საქციელებით.

რაც შეეხება თავად ინფორმაციას, მგონი, ის დრო დგება, როცა ეს უკანასკნელი ხელისუფლების რეცეპტებით აღარ გაიცემა.

ეს დიდი მონაპოვარია! მით უფრო დიდი მონაპოვარია „სპექტაკლი“ და „სპექტაკლის საზოგადოება“.

ამასობაში თვით „თეატროკრატიის“ ეს მოდიფიკაცია გვევლინება აბსოლუტურ და, რაც მთავარია, თვითკმარ სახილველად.

სულ უფრო ვეჩვევით „სპექტაკლის“ ახალ ტიპებს:

სპექტაკლი – დიპლომატია;

სპექტაკლი – იუსტიცია;

სპექტაკლი – მშენებლობა;

სპექტაკლი – მედიცინა;

სპექტაკლი – მასმედია;

ბოლოს და ბოლოს, სპექტაკლი, როგორც დემოკრატია!

კმარა?!

ასეა, ძვირფასო პუბლიკავ:

„სპექტაკლის საზოგადოება“ სიკეთისა და ბოროტების მიღმა დგას!

ასეთი „სპექტაკლები“, გი დებორის სიტყვებით თუ ვიტყვი, მამაცებს და მათ იარაღს კი არა, მარტოოდენ საქონელსა და მათ მარკეტინგულ ვნებებს უმღერიან.

და ასეთი სპექტაკლია თავისებური ომი;

ომი ჰობსისეული დევიზით – „ყველანი ყველას წინააღმდეგ“.

ასეთი ომი, სპექტაკლ-საქონლის მფლობელის განკერძოებული ვნებების კვალობაზე, არაცნობიერად ახდენს რაღაც გაცილებით უფრო ამაღლებულისა და მომაჯადოებლის რეალიზებას.

და ესაა საქონლურად ჩამოყალიბებული სამყაროს რეალიზაცია; იმავდროულად სამყაროს საქონლად ჩამოყალიბებაც რომაა.

ეს უკვე, წმინდა საქონელია;

საკრალური საქონელი!

დიახაც, დღეს სპექტაკლი ფულის, როგორც ნებისმიერი საქონლის აბსტრაქტული ექვივალენტის მეორე მხარეა – რევერსი.

ოღონდ, თუკი აქამდე ფულს, როგორც ექვივალენტობის რეპრეზენტაციას მორჩილებდა საზოგადოება, ახლა სპექტაკლი მას დღესდღეობით განვითარებად დანამატად წარმოგვიდგენს, სადაც სასაქონლო სამყაროს მთელი სისავსე გვევლინება ბითუმად;

და ესაა ტოტალური ექვივალენტობა იმისა, რითაც თავად სამყაროს ტოტალობა შეიძლება არსებობდეს.

აი, რატომაა სპექტაკლი ფული, რომელსაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ, ვუცქერით.

რატომ?

მოხმარების ტოტალობა აბსტრაქტული წარმოების ტოტალობითაა ჩანაცვლებული და იმიტომ!

და საერთოდ, ზედმეტ კითხვებს ნუ დავსვამთ, ნუ ჩამეკითხებით, თორემ, ასინეთასი არ იყოს, თქვენც შეიძლება დაგაპატიმროთ, თანაც თეატრალურ ციხეში…

ასეა თუ ისე, სპექტაკლი, უბრალოდ, ფსევდომოხმარების მსახური კი არა, თავისთავადაა ცხოვრების ფსევდომოხმარების სფერო.

და კიდევ, საქონელი რეალური ილუზიაა; სპექტაკლი კი – მისი საყოველთაო გამოხატულება.

„დიდი ლენინი“ გვმოძღვრავდა, ხელოვნების სახეობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი კინო არისო…

„ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ“ – გასული საუკუნის 20-იან წლებში.

 

1 2 3 4