იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამეო, რომ მღეროდა ერთ დროს ელეგანტური ჟანრი ლოლაშვილი, ამ „რამეში“ ეს „უკმაყოფილება“ რომ ჩავსვათ, საწყისი კაპიტალი უკვე დაგროვილი გვექნება.

და მაინც, რა ნიშნები ახლავს ამ უცნაურ და, იმავდროულად, ძალზედ საცნაურ „სპექტაკლის საზოგადოებას“?

ჯერ ის საერთო ადგილები, ანუ ტოპოსები მოვნიშნოთ, სადაც ამგვარი სპექტაკლის არსებობა აშკარაა:

ომი, როგორც სპექტაკლი;

ოლიმპიური თამაშები, როგორც სპექტაკლი;

სუბკოლონიური სპექტაკლები;

ინტერნეტი, როგორც სპექტაკლი;

პოდიუმი, როგორც სპექტაკლი;

ბოლოს და ბოლოს, არჩევნები, როგორც სპექტაკლი.

კმარა?!

ახლა, თავად ნიშნები (თუ სიმპტომები) ვნახოთ:

პასიურობა (სუბიექტ-მაყურებლის მხრიდან);

საბაზრო ეკონომიკის ვიზუალური იმიჯი;

ხელისუფლების ქმედებათა რეჟისურა;

სოციალური კონვენციების პირობითობა;

მოდი, ჯერჯერობით ამ ნიშნების არასრული ჩამონათვალით დავკმაყოფილდეთ.

ახლა კი, შევეცადოთ, დავახასიათოთ თვით ეს „სპექტაკლი“.

პირველი მახასიათებელი ისაა, რომ წარმოების (ნუ შეგვაშინებს ეს ჭაღარა სიტყვა!) დღევანდელ პირობებში გაბატონებულ საზოგადოებათა მთელი ავანჩავანი – სპექტაკლების უსაშველო მოზღვავებაა.

მეორე: ეს „სპექტაკლები“ სახე-ნიღბების ერთობლიობა კი არა, პირიქით: ამ სახე-ნიღბებით გათამაშებული ურთიერთობებია ადამიანებისა, რომელთაც არც ერთმანეთისა სჯერათ და არც, ისევ და ისევ, ცრემლებისა…

მესამე: ეს „სპექტაკლები“ რეალობის დამატება და მასზე დაშენებულ დეკორაციებში გათამაშება კი არა, თავად „სპექტაკლის საზოგადოების“ ვირტუალური რეალობის მედიუმია. შემდეგ (დანომვრას ნუღარ გავაგრძელებთ!): თანამედროვე ინდუსტრიული (თუ პოსტინდუსტრიული) საზოგადოება შემთხვევით ანდა ზედაპირულად კი არაა სანახაობრივი, არამედ თავის ძირისძირშია, ძველი ქართული თეატრალური ტერმინი რომ გავიხსენოთ, „სახილველი“.

კმარა!

ასე რომ, სპექტაკლი პოსტთანამედროვე საზოგადოების უმთავრესი წარმოებაა.

და ეს წარმოება (თუ მრეწველობა) გადაარჩენს საქართველოსაც…

დიახ, პოლიტიკური სპექტაკლების „წარმოებაც“ გადაარჩენს საქართველოს.

და ამ დევიზში მხოლოდ ნაწილობრივ თუა ჩადებული ირონიის მარცვალი.

სპექტაკლის საფუძველში უძველესი სპეციალიზაცია – ძალაუფლების სპეციალიზაცია და კიდევ უფრო კონკრეტულად – ძალაუფლების ჯერ მოხელთების (არ მინდა ვთქვა – ხელში ჩაგდების!), მერე კი მისი შენარჩუნების ტექნოლოგიები იგულისხმება.

თუ კარგად დავაკვირდებით, აქაც მონაცვლეობენ ხოლმე სტანისლავსკის „გამჭოლი მოქმედება“ და ბრეხტის „გაუცხოებაც“, იონესკოს „აბსურდის დრამა“ და არტოს „სისასტიკის თეატრი“…

კმარა?!

და ასე, პერმანენტულად იხატება (და გადაიხატება) ავტოპორტრეტი ძალაუფლებისა, რომელიც კაპიტალზე დგას, სპექტაკულარიზებულ კაპიტალზე, თუნდაც, კაპიტალურ სპექტაკულარიზაციაზე…

დიახ, სპექტაკლი ესაა კაპიტალი მისი დაგროვების იმ სტადიაზე, როცა იგი პოლიტიკურ-სცენურ ხატად ყალიბდება.

აი, ესაა იდეოლოგია „Avant tout“ – ანუ იდეოლოგია უწინარეს ყოვლისა.

მუსიკა უპირველეს ყოვლისა – ამბობდა ვერლენი.

პოეზია უპირველეს ყოვლისა – გადათქვამდა გალაკტიონი.

სპექტაკლი უპირველეს ყოვლისა – ვიტყვით ახლა ჩვენ…

წეღან აბდურახმან ავტორხანოვისეული ტერმინი მოვიხმე – „ძალაუფლების ტექნოლოგია“, რომელსაც ამჟამად „ინფორმაციული ტექნოლოგია“ ჩაენაცვლა.

„ძალაუფლების ტექნოლოგია“ ბიუროკრატიას ამყარებს და აძლიერებს.

„ინფორმაციული ტექნოლოგიები“ კი ტელეკრატიის იარაღია;

ელექტონული მედიაა ის იარაღი, რომლის მეოხებითაც ხდება სახელმწიფო გადატრიალებები, რევოლუციები, ომები…

ჯერ კიდევ ერაყის წინააღმდეგ „საომარი მოქმედების“ დაწყებამდე ერთ-ერთმა ამერიკულმა სააგენტომ გაავრცელა 15 წლის კუვეიტელ გოგონაზე ძალადობის ინსცენირება.

1990 წლის 10 ოქტომბერს ფილმი 53 მილიონმა ამერიკელმა ნახა.

 

1 2 3 4