ხომ გახსოვთ რობერტ სტურუასეული „კავკასიური ცარცის წრე“ როგორი თავბრუდამხვევი მუსიკალური კარუსელითაც იწყება: „იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე“…

ამ უკვდავი სპექტაკლის პირველი ნახვისთანავე გამიელვა კითხვამ: კი მაგრამ, რა უნდა ვიყიდოთ, რის ყიდვას გვთავაზობენ?

ეტყობა, ამაზე პასუხი რეჟისორსაც კი არ ჰქონდა…

უბრალოდ, ეს იყო თავისებური „წინასწარმეტყველება“ იმისა, რომ იყიდებოდა თავად სპექტაკლი; სპექტაკლი, როგორც კაპიტალი; სანახაობა, როგორც ქონება…

საერთოდ, სტურუას თეატრი – „კავკასიური ცარცით“ დაწყებული „ვენეციელი ჩარჩით“ დამთავრებული – აღმოჩნდა ტოტალური სპექტაკულარიზაციის მაცნე; ანუ მესიჯი იმისა, რომ სპექტაკლმა, როგორც სასცენო ხელოვნების ფორმამ, სხვა ფასი დაიდო; სხვაგვარად, სპექტაკლი, როგორც ბალაგანი, გახდა კაპიტალი; კაპიტალი კი, პირიქით, სპექტაკლად, როგორც ბალაგნად წარმოგვიდგა.

სხვათა შორის, თავის დროზე, მარქსის „კაპიტალის“ დადგმას ეშურებოდა, თურმე, ეიზენშტეინი; გენიალური სერგეი ეიზენშტეინი…

ნეტა დაედგა!

ახლა კი, ნუ გაიკვირვებთ და, სწორედ მარქსის XI თეზისი მინდა გაგახსენოთ იმის თაობაზე, რომ თუ აქამომდე ფილოსოფოსები ლამობდნენ, გაეგოთ სამყარო, ახლა ის დრო დადგა, სამყარო შევცვალოთო.

დღეს კი, სპექტაკლად, კერძოდ, ერთი ფრანგი კულტუროლოგის, სახელდობრ, გი დებორის თეორიული ბესტსელერის სათაურსა და პათოსს თუ დავესესხები, „სპექტაკლის საზოგადოებით“ თვით თეატრალური ხელოვნების ერთგვარი გადასინჯვის მომსწრენი შევიქმენით.

სპექტაკულარიზაცია ბევრწილად ჩამოჰგავს თეატროკრატიას.

როგორც ყველა დიდი იდეა, „თეატროკრატიის“ იდეაც პლატონიდან მოდის.

პლატონს თავისი „კანონების“ ერთ-ერთ პასაჟში მოჰყავს მუსიკალური კანონების მაგალითი, ხალხი ერთ დროს პატივისცემით რომ ეკიდებოდა და შემდგომ ისინი ნელ-ნელა მოსპეს დიონისური აღტყინებით შეპყრობილმა მგოსნებმა.

ასე ჩამოყალიბდა განსხვავებულ მუსიკალურ სტილთა კაკაფონია და მუსიკალური არისტოკრატიის ნაცვლად მივიღეთ უბადრუკი თეატროკრატია.

აი, ნიცშე კი, პლატონისეულ ტერმინს – „თეატროკრატია“ უკვე ვაგნერის პრეცედენტის ერთერთ პასაჟში გამოიყენებს და აქცენტს დასვამს თეატრის, როგორც ადგილის იდეაზე და არა თეატრზე, როგორც მაყურებელთა თავყრილობაზე.

ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ ნიცშე ხსენებულ პასაჟში, ბაიროითის მოძრაობას საყვედურობს, რომ მან ხელი შეუწყო არასპეციალისტის, ხელოვან-იდიოტის თავდაჯერებულობას, რასაც იქითკენ მივყავართ, რომ ეს ხალხი ასოციაციებით იკვებება; ცდილობს, თავისი გემოვნება სხვებს მოახვიოს და მსაჯულად მოგვევლინოს.

აი, რატომაც წარმოადგენს ნიცშესეული „თეატროკრატია“ თავად თეატრის, როგორც ასეთის, პირველადობის ფანტასტიკურ იდეას საკუთრივ, შემოქმედებითობისა და საზოგადოდ, ხელოვნების მიმართ.

ასეთ თეატროკრატიას მიელტვის ტოტალიტარული თეატრი.

ასეთ თეატრს ფარულად თანაუგრძნობდნენ „სტურუას ეპოქაში“.

დღეს ეს თეატრი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და, იქნებ, რეჟისორმაც ამიტომ მიმართა ვებ-სპექტაკლების დადგმას.

ფინალი ყველასთვის ცნობილია.

ფაქტია: ჩვენს დრამატულ თეატრს საბოლოოდ დაუშრა ცრემლი.

და სპექტაკლმაც რახანია ქუჩაში, პარლამენტში, საარჩევნო კომისიებსა და სხვაგან გადაინაცვლა.

„სამდივნოები გაჭედილია, ჩინოვნიკები ლამის არის ქუჩაში დასხდნენ“ – გაიხსენეთ რამაზ ჩხიკვაძისეული აზდაკის ნახევრად აბსურდული არიის ტექსტი; ნახევრად რეჩიტატივი, ნახევრად ვოკალიზი…

ყოველ შემთხვევაში, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო და რადგან საყოველთაო სპექტაკულარიზაციის პროცესი ჩვენშიც რახანია დაწყებულია და სპექტაკლს, როგორც ასეთს, „სპექტაკლის საზოგადოება“ ავიწროებს, ისევ ამ უკანასკნელის ლეგიტიმაცია სჯობს, ანდა, ელემენტარულად, გარკვევა იმისა, თუ იმავე „თეატრალურ თბილისს“ დრამატული ცრემლების რატომ აღარ სჯერა.

არც დრამატულის, არც ტრაგიკულისა და არც ტრაგიკომიკურის…

სხვათა შორის, „თეატრალური თბილისი“ იყო ჩემს ბავშვობაში პირველი სარეკლამო ბუკლეტი, სადაც რამაზ ჩხიკვაძის ქოსას ფოტო ვნახე მიხეილ თუმანიშვილის დაუვიწყარ „ჭინჭრაქაში“. მერე ეს სპექტაკლი „რუსთაველშიც“ ვნახე;

და არა ერთხელ…

გავიდა წლები და ისიც ვნახეთ, სპექტაკულარიზაცია პრაქტიკისკენ მიბრუნებად როგორ წარმოგვიდგება; თუნდაც ამგვარ პრაქტიკად ქუჩის მიტინგები გვევლინებოდეს, საჩვენებელი ბუნტების სერიალი, სადაც „არსებული ხელისუფლებით“ უკმაყოფილებაც სპექტაკლად წარმოგვიდგება, საქონლად, რომელიც საკმაოდ ძვირად იყიდება.

 

1 2 3 4