ლენი ბრიუსმა შთააგონა და ბიძგი მისცა ჯორჯ კარლინს, რიჩარდ პრაიორს, ლუი სი ქეის, დეივ შაპელს, სტენდ აფ კომედიის ლეგენდარულ ფიგურებს, რომლებმაც ეს მედიუმი მხოლოდ იუმორისტული სემანტიკიდან გამოიყვანეს და სოციალური კომენტატორების როლი იკისრეს. ბრიუსის როლს საოცარი ქარიზმით და მომხიბვლელობით ირგებს დასტინ ჰოფმანი, რომელიც კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო პერფორმანსს ქმნის. ბრიუსის ცოლის როლში საოცარი სითამამით, დამაჯერებლობით და ექსპრესიით ვალერი პერინი დაგამახსოვრებთ თავს.

ფოსის ოპერატორი ბრიუს სარტისი მართალია შავ-თეთრ ფირზე იღებს, მაგრამ მდიდრულ და მრავლისმთქმელ გამოსახულებას ანიჭებს სურათს, განათების ჭკვიანური და სტილური გამოყენებით სიბნელეს განსაკუთრებულ სიღრმეს უმატებს და კადრებს დამატებით მეტყველ ბუნებას სძენს. ლენი ბრიუსი ამერიკული ესტაბლიშმენტის პირმოთნეობის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი იყო, მიუხედავდ პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემური ეპიზოდებისა. ის ერთბაშად აჟღერებდა უმცირესობების დამუნჯებულ ხმას და ამუნათებდა „მაღალი საზოგადოების“ კომფორტში დაბუდებულ დუმილს.

ლენი ბრიუსი საკუთარ კარიერას და სხეულსაც კი იმისთვის იყენებდა, რომ საზოგადოების მანკიერი მხარეები გამოეაშკარავებინა და მასზე მსჯელობის აუცილებლობა ეჩვენებინა. რეჟისორი დოკუემნტური გადაღების სტილის გამოყენებით მაქსიმალურად აღწევს რეალიზმს, არ ახდენს რომანტიზებას და იდეალიზებას, არ გვიყვება ისტორიას დაცემულ გმირზე, არამედ გვიჩვენებს კონტრკულტურის შემოქედის ცხოვრებას ზედმეტი შელამაზების გარეშე. ზედმეტი კომენტარის გარეშე, მხოლოდ კადრირებით და მონტაჟის გამოყენებით ახდენს ძალაუფრებრივი ურთიერთობების წარმოჩენას და ვერბალიზაციის ნაცვლად, ცოცხალ სოციალურ დოკუმენტს ქმნის, რომლის სწორი წაკითხვაც უკვე მაყურებლის მოვალეობა ხდება.

 

1 2 3