23 ივნისს, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი, ბობ ფოსი, 94 წლის შესრულდებოდა. ფოსის ძალიან დიდი კონტრიბუცია აქვს შეტანილი, როგორც კინემატოგრაფში, ისე ქორეოგრაფიაში, მუსიკალური რიტმის და სხეულის ეკვილიბრისტიკის ახალი სტანდარტების დანერგვაში. თუმცა დღეს მინდა მისი ფილმოგრაფიის ყველაზე განსხვავებული წარმომადგენელი გავიხსენო, ერთ-ერთი საუკეთესო ბიოგრაფიული ფილმი, სახელწოდებით „ლენი“.

ბობ ფოსი ჟანრული კინოთი გაიცნო ფართო აუდიტორიამ, გამოკვეთილად ქორეოგრაფული და ფერადი მიუზიკლებით („კაბარე“, „ტკბილი ჩერითი“, „მთელი ეს დავიდარაბა“), რომლებიც პოლიტიკური და სოციალური მესიჯებით იყო დატვირთული. მისგან ისესხა მაიკლ ჯექსონმა თავის იკონური სტილი და მოძრაობები და დღემდე ვერცერთი მიუზიკლი ვერ უვლის გვერდს მის სტილურ თუ ტექნიკურ გავლენებს. მაგრამ ლენი რეჟისორის ფილმოგრაფიიდან ერთგვარი უნიკუმია, შავ-თეთრი, დაცლილი საცევაო და მუსიკალური ნომრებისგან, მაგრამ როგორც ყველა მისი ნამუშევარი, ისიც დატვირთულია პოლიტიკური და სოციალური თემატიკით.

ფილმი 60-ანი წლების ცნობილი კომიკოსის, ლენი ბრიუსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფოსის მრავალი ადამიანის ბიოგრაფია შეეძლო აერჩია გადასაღებად, ისეთი ფიგურების, ვინც მის ვიზუალურ ესთეტიკას უკეთ მოერგებოდნენ, ისევ კომფორტულ ჟანრში დატოვებდნენ და მეტ კომერციულ წარმატებას მოუტანდნენ, თუმცა რეჟისორმა ჩათვალა, რომ სწორედ ლენი ბრიუსი იყო ის სუბიექტი, ვის შესახებაც ცნობადობის გაზრდა ჭირდებოდა საზოგადოებას.

ლენი ნაადრევი კულტურული მოვლენა გამოდგა ამერიკისათვის, რომლის მიღებაც დემოკრატიის შუქურამ ვერ შეძლო და თავისუფალი სიტყვის ექსპორტიორმა ქვეყანამ თავის უძღები შვილის გაჩუმება და მორჯულება დააპირა. ფილმში იდეალურად ბალანსდება მთავარი პერსონაჟის პირადი და საჯარო ცხოვრება, ინტიმური ურთიერთობები და საზოგადოებრივი კომუნიკაციები. ფოსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს შემოქმედის და შემოქმედების შეფასების არეალი. რამდენადაც მომენტებში უღირსად და ამორალურად იქცევა მთავარი გმირი პირად ურთიერთობებში, იმდენად მნიშვნელოვანი და მონუმენტურია მისი საჯარო მოღვაწეობა.

დღევანდელ კონტექსტში, როდესაც მაგალითად MeToo მოძრაობა ჰოლივუდში მცირე გადაცდომებსაც არ პატიობს არტისტებს, ლენი ბრიუსი იგივე ბედს გაიზიარებდა, რაც რეპრესიულმა სისტემებმა პოლიციის და სასამართლოს სახით არგუნეს მას, რადგან ცოლთან მიმართებაში ვხედავთ, რომ მორალური წნეხის და ემოციური მანიპულაციის ქვეშ ამოყოფებს ქალს. 60-ანებში ლენის იმის გამო აპატიმრებდნენ და სადამსჯელო სასამართლო პროცესებს უწყობდნენ, რომ თავის გამოსვლებში სენსიტიურ საკითხებზე აგებდა სატირას, ხუმრობა ავტორიტეტებზე, ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებზე, გმობდა დისკრიმინაციას და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრას და ამას აკეთებდა უნიკალური გასართობი მოდელით, რაც დღეს უკვე ნორმადაა ქცეული, თუმცა თავის დროზე ვერავინ ბედავდა ღიად და მკაფიოდ მსგავსი კონტროვერსიული პოზიციების დაფიქსირებას, თან პოპულარულ, მეინსტრიმულ ფორმატში.

 

1 2 3