***

როგორც კი სამეურნეო იარაღებითა და ნაკეთობებით სავსე ფარდულის კარი გამოაღო, ერთმანეთში არეული გამომწვარი თიხის, კედრისა და ნაძვის სურნელი წამალივით შემოეგება. შეისუნთქა თუ არა, უცნაური შვება იგრძნო. თითქოს სულისშემხუთველი დარდისაგან გათავისუფლდა, ისეთი სიმსუბუქე ჩაუდგა ტანში.

მოგრძო ფარდულის მარცხენა კედლის გაყოლებაზე ნიჩბები, ბარები, თოხები, ფიწლები და სხვადასხვა ზომის ნამგლები ეწყო. იქვე გუთანი, ერთმანეთში ჩადგმული მარცვლის სალეწი დოლაბის მრგვალი ქვები და ხარ-კამეჩის უღელიც ელაგა. მარჯვენა მხარეს კი, ფარდულის სიღრმეში, საგანგებოდ გამოყოფილ ოთხკუთხა თეჯირში, თიხის ფილები, კეცები, ფიალები, დოქები და ქოთნები ჩამოერიგებინათ. თეჯირის გადმოღმა ტერიტორია, თითქმის კარამდე, მტევნის ფორმის გოდორებს, ბრტყელძირიან გიდელებს, ოთხკუთხა თუ ორმუცლიან მრგვალ კალათებსა და ყუთებს ეკავათ.

როველი რამდენიმე მათგანს თითქმის ერთდროულად წაეტანა. მერე შერჩეული კალათა და ყუთი კარგახანს ატრიალა ხელში, მთელი გულისყურით ათვალიერებდა, თითქოს წნელისგან ნაქსოვ ბადეებში ჩავარდნილ თვალს ეძებდა. როგორც კალათები, ისე ყუთები, მჭიდროდ, უზადოდ იყო მოწნულ-შეკრული, შეწებებული.

ბოლოს შერჩეული კალათა გარეთ, ეზოში გამოდგა, ფარდულის კარი გადარაზა და სახლის კიბეს აუყვა.

აბიგაილს გულმა რეჩხი უყო, როგორც კი ქმრის ხელში მოზრდილი კალათა შეამჩნია. არაფერი უკითხავს. უსიტყვოდ ადევნებდა თვალს. არც როველს უთქვამს რამე, ისე დაიხარა და ჩაძინებული ბავშვი საწოლიდან კალათში ჩააწვინა. გაუკვირდა, კალათის ფუძე ასეთი სიზუსტით რომ დაემთხვა ჩვილის სიგრძეს. თითქოს საგანგებოდ ამ მოგზაურობისათვის იყო ჩაფიქრებული. მერე ბავშვი ისევ ლოგინში გადააწვინა და აბიგაილს საქმიანად მიმართა:

– მე ამას გავფისავ, შენ ბავშვს მიხედე, დრო აღარ ითმენს, მოამზადე, შებინდებამდე უნდა მოვასწროთ…

აბიგაილი მდუმარე შეთქმულივით დაემორჩილა. კარგახანს ეძებდა რაღაცას, ლანდივით გადადიოდა ოთახის კუთხიდან კუთხეში. მერე მძინარე ჩვილი საგანგებოდ მომზადებულ მაგიდაზე ფრთხილად გახსნა და წელს ქვემოთ თბილი, სველი პირსახოცით საგულდაგულოდ გაასუფთავა. ყელკისრით დაწყებული მთელი ტანი სურნელოვანი ზეთით დაუმუშავა. ქათქათა საცვლებში ჩაცმულს, მარცხენა მაჯაზე გიშრის პაწია მძივი შეაბა და რბილ ნაჭრებში გახვეული ისევ საწოლზე მოათავსა. ბავშვი უდრტვინველად, მშვიდად სუნთქავდა. ქალი ისეთი გაოცებით დაჰყურებდა, თითქოს მისი არსებობა პირველად აღმოეჩინოს. მთელი გულით ნატრობდა, სახლიდან ჩაძინებული გაესტუმრებინა ბიჭი, რომელმაც ასე წაართვა და დაუნგრია მშობლის ყველა ოცნება და იმედი. ბიჭი, რომელმაც ჩასახვისთანავე, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროიდან გამოგზავნილი სიზმრებითა და ხილვებით აგრძნობინა – მათი დედაშვილობაც სიზმარს ჰგავდა, დაწყევლილსა და უარყოფილს.

როველს გაფისულ კალათაში ბატკნის ნაზბეწვიანი ტყავი ჩაეფინა და ჩვილიც ფაფუკ `ლოგინში~ რბილად მოათავსეს.

პაპანაქება ზაფხულის შუადღე იდგა. კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარეთ. მაგრამ ცოლ-ქმარმა სიფრთხილისათვის შარაზე გასვლას შორი გზა, ეკალ-ბარდებითა და მაღალი ლაქაშებით დაბურული ხეივნით გადასვლა ამჯობინა ტბისკენ.

ისე ცხელოდა, ჭალის ქინქლებიც კი სადღაც გამქრალიყვნენ. ქვებზე გართხმული ხვლიკები გამალებით ფეთქავდნენ. მხოლოდ ჭრიჭინების მონოტონური, გულისგამაწვრილებელი ხმაური იტყობინებოდა, რომ მათი უწყვეტი ზარ-ზეიმის ფონზე ცხოვრება ჯერაც ედემის ბაღში მდგარ ხეზე კი არ ეკიდა აკრძალული ხილივით, თავგადასავლების ცოდობრალიანი ნაყოფებით მძიმედ მიიწევდა წინ.

ესენიც ჩუმად წინ მიიწევდნენ… კაცს მარჯვენა ხელით ბავშვიანი კალათა ეჭირა. მარცხენათი ერთმანეთში ჩახვეულ, დაბურდულ ლაქაშებს იგერიებდა, მის უკან მომავალ ქალს გზას უკაფავდა. აბიგაილის ზაფრანისფერი თავსაბურავი სიმწვანეში ცეცხლივით ღუოდა. ფეხადგმული ხანძარივით მიირწეოდა. ერთიანად იწვოდა. თვალებში ისეთი სიცხე ედგა, მზერა გავარვარებულ თონეს მიუგავდა. ამომშრალი ფოსოებიდან შეშლილი გუგები საცაა ამოხტებოდნენ. მდუღარე გულიც უსაშველოდ გუგუნებდა. დაბანგულ ქალს აღარც ბიჭისგან მიყენებული ჭრილობა ახსოვდა და აღარც ის, საერთოდ ჰყავდა თუ არა შვილი. სადღაც, ცხელ ბურანში მიედინებოდა მისი ამწამიერი სიცოცხლე…

მთებშუა მოქცეული მალაქიტისფერი ტბა, რა ხანია, მათ შესახვედრად ემზადებოდა და აი… შეხვდნენ!

ისე, როგორც არასდროს, ცოცხალი იყო და მშვიდი გენესარეთის ტბა. `ქალს ჰგავს რაღაცით~ – გაიფიქრა როველმა და შორს, თვალსაწიერზე, ტბაში სოლივით შეჭრილ, ძლივსშესამჩნევ კუნძულს იმედით გახედა.

– ტბა მშვიდია და უსაფრთხო, – უფრო თავისთვის აღნიშნა.

– მშვიდი და უსაფრთხო, – გაიმეორა ქალმა.

– კუნძულამდე არც ისე შორია, – ეს უკვე ცოლის გასაგონად იყო ნათქვამი.

– არც ისე შორი… – არეკლილი სიტყვები ბუმერანგივით ბრუნდებოდნენ…

ცოლისკენ შემოტრიალდა, შეცბა. ქალიც ტბის ანარეკლს ჰგავდა, უსულოს, უსხეულოს, სიტყვად ქცეული განცდების ექოს.

მოეჩვენა, რომ ერთი სული ჰქონდა, აქაურობას გასცლოდა. თვალხელშუა მიიპარებოდა, ქრებოდა და მარტო ტოვებდა ქმარს. ტბის ზედაპირზე არეკლილი მისი აჩრდილი წყალმცენარეთა ბადეში გახლართული ცხედარივით ირწეოდა, ცახცახებდა. მზისგან აბრჭყვიალებულ ტალღებში ხან ჩანდა, ხანაც უჩინარდებოდა. კაცს შეაჟრჟოლა. ბავშვიანი კალათა მიწაზე დადგა და ორივე ხელით ფრთხილად შეეხო აბიგაილს.

– ცუდად ხომ არა ხარ?

ქალმა უარის ნიშნად თავი გაიქნია, კაციც ოდნავ ჩაწყნარდა და გაიფიქრა: `ესმის, ესე იგი, გაიგო შეკითხვა~.

სანამ გაბედავდა და სათქმელს ბოლომდე იტყოდა, რაღაცის იმედი მიეცა.

– ახლა კალათას ტბაში შევაცურებ.

– კარგი, – კაცის გასაოცრად მაშინვე დაეთანხმა ქალი.

– მშვიდია დინება, უსაფრთხოდ მიაღწევს კუნძულამდე.

– მიაღწევს, – იგივე ხმით დაუდასტურა ქალმა.

– მწყემსები გვიანობამდე აძოვებენ ფარას…

– გვიანობამდე… – თავს მორჩილად უქნევდა.

– რომელიმე მათგანი აუცილებლად დაინახავს კალათას.

ქალი ისევ თავის ქნევით, უსიტყვოდ ემორჩილებოდა ქმარს და გაღიზიანებულმა კაცმა იკითხა:

– არ გინდა, გამოემშვიდობო?!

და ორივემ ერთდროულად დახედეს ჩაძინებულ ჩვილს.

ბიჭს ეღვიძა… ვეებერთელა შავი თვალებით ამოსცქეროდა ხან ერთს, ხან მეორეს. თითქოს მათი გადაწყვეტილებით გაოგნებულს დანაღვლიანების თავიც კი აღარ ჰქონდა. არც კრუსუნებდა, არც ლუღლუღებდა, ჩვეულებისამებრ არც იშმუშნებოდა კალათაში. იწვა როგორც ღალატის მხილება, როგორც გამეტების ღია ჭრილობა… უსისხლო… გამომშრალი…

მოულოდნელად აბიგაილმა ცეცხლისფერი თავსაბურავი მოიძრო და იქვე, მშრალ ბალახზე, ორმაგად გაფინა. მერე კალათა თავსაფრის შუაში ჩადგა, ერთად თავმოყრილი ოთხივე კიდე სახელურის თავზე გარდიგარდმო განასკვული ყვავილივით ლამაზად გადაშალა. თხელი აბრეშუმის გამჭვირვალე ქსოვილმა იდუმალი რიდე ჩამოაფარა ბიჭის სახეს.

– ასე მზის სხივები ვეღარ შეაწუხებს, – აუხსნა გაკვირვებულ ქმარს.

– ჰო, სწორეა, ამას გარდა, ისეთი ფერია, იოლად შეამჩნევენ.

– ცეცხლწაკიდებული ხომალდივითაა.

პატარა, ცეცხლწაკიდებული ხომალდი გენესარეთის ტბაში შეცურდა…

 

 

1 2 3