(ფრაგმენტი რომანიდან)

 

გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021 წლის მარტში გამოსცემს მაკა

ჯოხაძის ახალ რომანს „ისკარიოტის ეკლები“. გთავაზობთ ფრაგმენტს ახალი რომანიდან.

 

***

გადააბიჯა თუ არა კარის ზღურბლს, უჩვეულო, მდუმარე სიგრილე ნადირივით შემოეფეთა. საწოლსა და აკვანს შორის ჩაკეცილი ქალის გულ-მკერდი წითლად შეეღება სისხლს.

აბიგაილ! – შესძახა სასოწარკვეთილმა და ხელში ატაცებული ცოლით აქეთ-იქით უმწეოდ დატრიალდა. როგორც იქნა, მოპირდაპირე მხარეს ტახტზე დააწვინა. შიშით დაბინდული გონება უცებ დაიწმინდა და როველმა სახეში წყალი პირდაპირ თუნგიდან შეასხა ცოლს. შემკრთალმა, შეძაბძაბებულმა ქალმა მყისიერად ამოისუნთქა. პირი და თვალები თითქმის ერთდროულად გააღო და გაახილა. წამით იმედმოცემული კაცი კიდევ უფრო მეტად დააფრთხო ქალის უაზრო გამოხედვამ. მიხვდა, რომ მიუხედავად სასიცოცხლო ნიშნებისა, აბიგაილი ჯერ ისევ არ იყო მიღმიური სამყაროდან მობრუნებული, ჯერ ისევ ბურანში იყო. გამოსაფხიზლებლად ლოყებზე რამდენჯერმე სილაც შემოსცხო. მერე გაყინული თითებით საფეთქლებთან ერთად ყურის ბიბილოებს უზელდა ქალს და რა მოხდაო, კითხვის დასმას ვერ ბედავდა. რაც მთავარია, ჭრილობასაც კი არ ეძებდა ქალის სხეულზე, ისე ეშინოდა პასუხის. გული რაღაც საზარელს უქადდა. ქვეცნობიერად ხვდებოდა, ეს ყველაფერი ბავშვთან რომ იყო დაკავშირებული. იმასაც ხვდებოდა, უბედურების მოლოდინით გათანგულს, ამ ხნის მანძილზე საერთოდ რომ არ გაუხედავს ჩვილისაკენ. არადა, ლოგინის შუაგულში გასუსული ბიჭი მთელს ამ ორომტრიალს ისეთი გაკვირვებით ადევნებდა თვალს, იფიქრებდით, ამ საშინელ გაუგებრობას მამამისივით ისიც მოულოდნელად გადააწყდაო.

კაცმა საღსალამათი ბიჭის დანახვაზე შვებით რომ ამოისუნთქა, სწორედ იმ წამს თვალი ჰკიდა აბიგაილის მარცხენა მკერდზე თხილისოდენა მოძრავი ბუშტი პერანგის ქვეშ როგორ ფეთქავდა. ხელის კანკალით, ფრთხილად გადაუწია სველი საკინძე. სისხლის დამცხრალი შადრევანი კერტის ჩამუქებულ შემოგარენში ცრემლივით ჩუმად იღვრებოდა… ახლაღა გააცნობიერა ბავშვის წითლად დაჭორფლილი ცხვირ-პირი და როგორც იქნა, მიხვდა – ბიჭს დედისათვის კერტი მოეჭამა.

კაცის არსებაში სიბრაზე ცეცხლივით აბრიალდა. მისმა სიმხურვალემ წამით გონებაც კი დაუბინდა. ძლივს შეიკავა თავი, ბავშვისთვის ხელი რომ არ ეტაცა და ქვის იატაკზე მთელი ძალით დაენარცხებინა. საბედნიეროდ, წინა კვირის სიზმარი გაახსენდა, მუჭაში მომწყვდეულ გულს ვიღაც ცოფიანმა ხელი რომ უშვა და გაათავისუფლა… უცნაური შვება იგრძნო, საღი აზრიც თანდათან მობრუნდა… დაფაცურდა, სურნელოვანი ზეთებისა და მალამოებისთვის განკუთვნილ ყუთში მურტსა და რომელიღაც ბალზამს დაუწყო ძებნა. მერე ქალს პერანგი გახადა და დაფნის გრილი ნაყენით კერტთან ერთად მთელი გულმკერდი ჩამობანა. ქაფურგარეული ზეითუნის ზეთით ჭრილობა დაუმუშავა. გალადური ბალზამით გაჟღენთილი ბამბის მომცრო ფთილა მოკვნეტილი კერტის ადგილას მიაკრა. რომ არ ჩამოვარდნილიყო, აბიგაილს სთხოვა, ხელით დაეჭირა საფენი. თვითონ კარადაში ფაქიზად დაკეცილი მანდილებიდან ერთ-ერთი შეარჩია და მხრის გავლით მკერდსა და გულის ფიცარზე მჭიდროდ შემოხვეული, თეძოსთან გამონასკვა.

– ხომ გესიამოვნა, აბიგაილ, ცოტა არ დაგიამა?

დაუძლურებულმა ქალმა მადლიერებისა და თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია.

როველმა ახლაღა შენიშნა სიმწრის ოფლით დაცვარული თეთრი, ფართო შუბლი და ახალნამშობიარები ცოლის სახე დაუდგა თვალწინ.

– ნუ გეშინია, ახლავე მურნარევ ღვინოსაც დაგალევინებ და ტკივილიც გაგიყუჩდება – ახალთახალი კვართის სახელოებში მკლავებს აყრევინებდა, თან საგანგებო სიმშვიდით ესაუბრებოდა ქალს.

ქმრის გულმოდგინე ზრუნვამ და თანაგრძნობამ გული აუჩუყა აბიგაილს. ვინ იცის, წამალზე მეტად ამანაც იმოქმედა და სულიანხორციანად დაძაბული ქალი ისე მოეშვა, მალე ჩაეძინა კიდეც.

ზაფხულის ნათელი დილა იდგა, მაგრამ როველმა ჩაძინებულ ცოლს თეთრი მირინოსის თხელი შალი მაინც გადააფარა.

მხოლოდ ამის შემდეგ ოდნავ ჩაწყნარებულმა და ბავშვზე გადართულმა, სველი ჩვრით სისხლიან ცხვირ-პირს რომ უსუფთავებდა პატარას, ორივე ლოყის შუაგულში ლურჯი ლაქები შენიშნა. ერთბაშად წარმოიდგინა, სიმწრისგან შეშლილი აბიგაილი როგორ ებრძოდა ბიჭს, როგორ უჭერდა ლოყებზე თითებს, როგორმე კერტი რომ გამოეგლიჯა. კაცს იმ კბილების დანახვა მოუნდა, ასე რომ დატანჯა ქალი. დამუწული ტუჩები თითქმის ძალით გააღებინა ბავშვს. ზედა-ქვედა წყვილი კიჭი ისე მორცხვად ანთებდა ჩვილის ვარდისფერი პირის ღრუდან, კაცს ძალაუნებურად გაეღიმა. ვერაფრით ვერ წარმოიდგინა, ძვლის უმწეო ამ თხელ ფირფიტებს საიდან აღმოაჩნდა ამხელა ღონე და ალმასის ბასრი, დამღუპველი ძალა.

ისეთი უტიფარი, გამჭოლი მზერით მისჩერებოდა ბიჭი, კაცს ღიმილი დამღასავით შეაშრა. ჩასველებული თეთრეული ისე გამოუცვალა, სახეში აღარ შეუხედავს მისთვის. ტილოში მუთაქასავით გამოკრული, საწოლის სიღრმეში, კედლისკენ მისწია და თვითონაც მის გვერდით გულაღმა გაიშხლართა.

სიჩუმეში აბრეშუმის ჭიის შრიალივით ისმოდა, როგორ იშმუშნებოდა და წრიალებდა ბავშვი. გასუსული ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. აბიგაილის მშვიდი ფშვინვა პერიოდულად წყდებოდა, თითქოს რაღაცას დადარაჯებული თრთოლვით გადადიოდა კვნესაში. ასეთ წამებში როველს უნდოდა, ეკითხა ცოლისთვის – ძალიან გტკივა, აბიგაილ, თუ ცოტა გაგიარაო, მაგრამ ეშინოდა, არ გაეღვიძებინა. იქნება ძილში გამოშუშებულიყო მისი ტკივილი და საფიქრალიც, ჭრილობაზე არანაკლებ მწარედ რომ ფეთქავდა…

კაცი გრძნობდა – ასე აღარ შეიძლებოდა.. შიშის, გაუცხოებისა და მუდმივი საფრთხის მოლოდინში ვეღარ გააგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალი კი არა, თავად ბედისწერა ითხოვდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. უნდა აერჩია – ცოლი ან შვილი!..

საშიშად უყვარდა აბიგაილი, უცნაურად, ყოველწამიერად. აბიგაილი იყო ცოლიც, შვილიც, დედაც, მეგობარიც, საყვარელიც… ყველა და ყველაფერი ერთდროულად. აბიგაილი მისი განუყოფელი ნაწილი იყო, მისი სუნთქვა, მისი არსებობის გამართლება. ცოლი უყვარდა უღვთოდ, უპირობოდ. აბიგაილს ვერ დათმობდა, ვერ შეელეოდა.

ბიჭი უნდა გაწირულიყო წყალში გადაგდებული ნაფოტივით. თუ ბედი ექნებოდა და იღბალიც ინებებდა, იქნება გადარჩენილიყო კიდეც. იქნებ ვინმეს შეემჩნია და ამოეყვანა… იქნებ სხვაგან უკეთაც ყოფილიყო და უკეთესიც გაზრდილიყო. მთავარია, ის სხვა არ დაეკბინა და დაეზაფრა. სხვას შერწყმოდა, შეხიზნოდა, შეთვისებოდა ერთხელ და სამუდამოდ, როგორც ბედისწერით დაგეგმილ განაჩენს.

 

 

1 2 3