***
მშვიდი დინება ნავივით არწევს კალათას. დაჭიმული თავსაბურავი მზის სხივებს ყურძნის მტევნებივით წურავს. ბადაგისფერი სილბოთი ივსება ხომალდის შეზღუდული სივრცე. ზემოდან გამოჟონილ უცნაურ სინათლეს ბიჭი გაფაციცებით უყურებს. თითქოს წამოდგომა უნდა, ბატკნის ხუჭუჭა ბეწვზე თოთო ქუსლების ხახუნით ეთამაშება ცის ნათებას. ან იქნებ ტბის დარწეულ ზედაპირზე რაღაც მყარის მოძიებას ცდილობს და ფეხებს არ აჩერებს.
პატარა, ცეცხლისფერი ხომალდი გენესარეთის ტბაში მიცურავს…
***
ზურმუხტისფერ ფერდობზე მიმოფანტული ცხვრის ფარა ბალახს კიკნიდა. მსუყე სიმწვანეში თავჩარგული ისე მშვიდად, უვნებლად იღებდა სარჩოს, კაცი იფიქრებდა, მთელი ხილული სამყარო ამ ჰარმონიული ნეტარებისათვის იყო გაჩენილი.
ფერდობს ზემოთ, რცხილის ფოთლოვანი რტოებით გადახურულ ღია კარავში, მწყემსები შეყუჟულიყვნენ. ერთი მათგანი, თავქვეშხელამოდებული მიწაზე იწვა და ღიღინებდა, მეორე იჯდა, სივრცეს გაჰყურებდა. ძნელი გასარჩევი იყო, ფარას აკვირდებოდა თუ ტბის ზედაპირზე წამოქოჩრილი პაწია ტალღების ციმციმს.
საღამოსკენ გადახრილი შუადღის მდუმარება მოულოდნელად საქონლის გაბმულმა ბღავილმა დაარღვია. თანდათან, უფრო და უფრო მკვეთრად გაისმოდა ცხვრის მონოტონური კიკინი. ფერდობზე გაწოლილი ბომბორა ძაღლი ზანტად წამოიწია. წინა ფეხებზე შემართულმა, თვალი ერთიანად მოავლო გარემოს და საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა. თათებში თავჩარგული მისი ტყვიისფერი სხეული დამაჯერებელი უდრტვინველობით მიანიშნებდა, რომ საგანგაშო არაფერი იყო. ცხვარი კი ისევ მონოტონურად, ჯიუტად განაგრძობდა ბღავილს. გაბეზრებულმა, ფეხზე ამდგარმა მწყემსმა იგუმანა – ერთ-ერთს აშკარად რაღაც უჭირდა. მთელ მიდამოზე მიმოფანტულ ფარას საგულდაგულოდ დაუწყო თვალიერება. ერთბაშად დაინახა ფერდობის ძირისკენ, ტბის ზოლთან შეჩერებული ბატკანი, კუპრივით შავი ტანისა და ქათქათა თეთრი თავის გამო ასე გამორჩეულად რომ უყვარდათ კუნძულზე მცხოვრებ პატარებს. `სასაცილო ბატკანი~ ტბის წინ იდგა და კაცს მოეჩვენა, რომ წყლისკენ პირმიქცეული ბღავილით მოუხმობდა ვიღაცას თუ რაღაცას. მწყემსმა გაუაზრებლად წამოავლო კომბალს ხელი და ფერდობზე სირბილით დაეშვა. უკვე ბატკნის გვერდით იდგა, პირუტყვთან ერთად გაოცებული ადევნებდა თვალს ჩამავალი მზის შუქზე მეწამულისფრად შეღებილ პატარა ხომალდს როგორ მოატივტივებდა ტბის მშვიდი ტალღები. წყალში მუხლამდე შესულმა კომბლის თავით მოიწადინა პატარა ხომალდის დაჭერა. რომ ვერ მისწვდა, მთელი ძალით კომბალი ნაპირზე მოისროლა. სასოწარკვეთილმა რამდენჯერმე ასძახა მეწყვილეს უანგარიშოდ, პირდაპირ გაუხდელად შეცურდა ტბის სიღრმეში… ღონიერი მკლავები ნიჩბებივით მოუსვა წყლის ზედაპირს და ხომალდის `ანძაზე~ აფრასავით აჭიმულ ყვავილოვან გვირგვინს ხელით წაეტანა, დაითრია. მოსწია თუ არა, მიხვდა, რაც ხდებოდა, კინაღამ გული ამოუხტა საგულედან. კალათის სიღრმიდან ბიჭის მზერა ბურუსიდან გამოწეული მუგუზალივით შიშინებდა. ტანში გასცრა, შეაძაბძაბა.
აღარც კი ახსოვს, როგორ გამოაღწია ნაპირზე. თავიდან ფეხებამდე გალუმპულს, წურწურით გასდიოდა წყალი. მთელი აღმართი გულისხეთქვით ისე აიარა, ბავშვისთვის არ დაუხედავს. დადევნებულმა ცხვარმა თითქოს თავისი მისია შეასრულა, შუაგზიდან გადაუხვია და საკუთარ საძმოს შეუერთდა.
კარავთან აღწეული ერთბაშად მოეშვა, ჯერ ისევ წამოწოლილი მეწყვილის დანახვაზე ისე გაბრაზდა, მთელი ხმით უღრიალა:
– რამ დაგაყრუა, არ გესმოდა ჩემი ძახილი?!
შეშინებული მეცხვარე ფეხზე წამოხტა.
– რას ჰგავხარ, რა დაგემართა! – გარშემო უვლიდა, სველ სამოსზე ხელებს უტყაპუნებდა. ისეთი დაფეთებული სახე ჰქონდა, მწყემსი დაშოშმინდა და ბავშვიანი კალათა მეწყვილეს ფეხებთან დაუდგა.
– ეს რა არის?! – აღელვებულმა შეხედა კაცს სახეში.
– რა უნდა იყოს, თევზია, ბადე მქონდა ჩაშვებული და ამოვიღე…
მეწყვილემ თვალი თვალში გაუყარა. მერე ქსოვილით შებურულ კალათას იჭვნეული დაკვირვებით დახედა და… წაბარბაცებულმა ძლივს ამოილუღლუღა:
– ვისია, აქ საიდან გაჩნდა?!..
– ტბის საჩუქარია… კარგად მოუარეთო…
– ჩვენ როგორ მოვუვლით, გაგიჟდი? – რატომღაც ჩურჩულით წარმოთქვა.
– დაწყნარდი! მოვუვლით! – ეს უფრო ბრძანებას ჰგავდა, ვიდრე სანუგეშო გადაწყვეტილებას.
– ბეგონის მივუყვანათ ამაღამვე…
ქვრივი ბეგონი კუნძულის განაპირა ხევთან, ბამბუკის ჭალაში ცხოვრობდა. წლებია, მელოგინე ქალებს საკუთარი ხელით ამშობიარებდა და ამიტომაც `ოქროსხელება ბეგონი~ შეარქვეს კუნძულზე.
ამ ოქროს ხელებით ეჭირა ახლა შორეული მოგზაურობიდან მოსული ბიჭი. დაბეგვილ, აქა-იქ ბებერაგაჩენილ ვარდისფერ ქუსლებს უსინჯავდა და მომცრო ჭინჭილით ჩვილს რძეს ასმევდა, თან ალერსიანი, გაბმული ღიღინით იწყევლებოდა:
– აი, დაიწვას შენი გამმეტებლის გულ-ღვიძლი, აღარასოდეს ეღირსოს დედაშვილობის მადლი… დარდსა და მწუხარებაში ჩაიფუფქოს მისი ახალგაზრდობის წლები, ქვად და ყინულად ექცეს ლოგინის სილბო და სითბო, კაცის ზრუნვა და ალერსი… სისხლი გაუწყალდეს, რძე გაუშრეს… როგორც გვალვამ მიწა, ცრემლმა დაუშაშროს, დაუხეთქოს სახის სალუქი კანი, მთელი სხეული…
– კარგი, მორჩი!! – შეწუხდნენ მწყემსები, – საქმეზე გადავიდეთ!
ბეგონის ბავშვი უნდა გაეზარდა. 4-5 წლამდე მეურვეობა უნდა გაეწია უპატრონო ობლისათვის. მწყემსები კი, თავის მხრივ, ხშირად შეუვლიდნენ, შემწეობასა და ყურადღებას არ მოაკლებდნენ არც ახლა და არც მაშინ, როცა გაშვილებულ ბიჭში გასამრჯელოს აიღებდნენ, ფულსაც პატიოსნად გაყოფდნენ სამ ნაწილად. ასეთი იყო პირობა და მიღებული თანხმობა ერთდროულად.
– სახელიც მე უნდა დავარქვაო?
ეს იყო ბოლო შეკითხვა გამომშვიდობებისას და მწყემსებმა ღიმილით დაუქნიეს თავი.
– შენ უნდა გაზარდო, შენი გადასაწყვეტიაო.
– ბარემ დღესვე გადავწყვიტოთო, – ბეგონიმ და…
– გადავწყვიტოთო, – კაცებმა.
– მე იუდა მომწონს, რას იტყვით თქვენო.
– იუდა მოგწონს და იუდა იყოს, ჩვენ რა უნდა ვთქვათო…
და დაარქვეს ბიჭს, როგორც იქნა, ნანინანატრი სახელი.
