კითხვა და მკითხველი

ჩვენს დროს არ იყო ტელევიზია. ახლაც, სწორ ქვეყნებში ტელევიზორს არ აჩერებენ სახლში. ჩვენი მთავარი წყარო იყო კითხვა. მე იშვიათად ვამბობ ჩემს თავზე, რა სწორად ვთქვი. სულ ვამბობ, რომ მკითხველი არის ჩემი თანაავტორი. რაც მე დავაკელი, კარგმა მკითხველმა უნდა შეავსოს. კარგმა მკითხველმა ოღონდ! თორემ ისეთი მკითხველიც არსებობს (ამპარტავანი, პატივმოყვარე) , რომელიც რაც მეტს წაიკითხავს, უარესია.  მკითხველი არის შემავსები იმის, რაც მწერალმა დააკლო. თანაავტორს ვეძახი, ისეთი პასუხისმგებლობა მაქვს მის წინაშე. ერთს ჰკითხეს, წერისას რაზე ან ვისზე ფიქრობო, არაფერზეო.  თქვენი ნაშრომის მიხედვით კი ჩანს,რომ არათუ მკითხველზე, საერთოდ არაფერზე არ ფიქრობთო.  როგორ შეიძლება, რომ მკითხველზე არ იფიქრო!ჩვენ ძმები კი არა ვართ –  მოფერებით  უარესები ვართ.

ბოლო წიგნი

არ მეგონა, რომ 80 წელს მივაღწევდი. ჩემს ასაკში ან ვერ წერენ, ან აჯობებს, რომ არ დაწერონ. ჩემი ბოლო წიგნი იმაზეა, დაბრმავებულად რომ გვზრდიდნენ.  სათაურიც ესაა, „ბრმადყოფილი…..“ –  ხუთი წერტილით და არა – სამით. იმდენი შეცდომა მაქვს, არ ვასწორებ – იმიტომ კი არა, რომ არაა შესასწორებელი. იოანეს სახარების მეცხრე თავშია: რატომ გაჩნდა  დაბადებიდან ბრმაო და რომ განმტკიცდეს ძლიერება ღვთისაო. ხშირად და ბევრს ვეკითხები სასულიერო პირებს: ბევრი რამ იციან, მაგრამ ამას არსად არა აქვს ახსნა: რომ განმტკიცდეს, რითი განმტკიცდება და ამ წიგნში ეს მინდა ავხსნა.

ის, რაც დღემდე გაოცებთ და აღგაფრთოვანებთ

სახარებაში – უძღები შვილის დაბრუნება. …ის, რომ ღმერთმა შექმნა ვეშაპიც და კოღოც.რომ ამ მიწაზე იშვნენ ვაჟა ფშაველა და ფიროსმანი.რომ ორი ყველაზე ძლიერი გრძნობა მოგვცა ღმერთმა – მშობლის გრძნობა და შიმშილის.  რომ ევამ კი არ შეაცდინა ადამი, ადამმა ვერ გაიგო სწორად, რაც ღმერთმა უწყალობა (როგორც მწერალი აკლებს მკითხველს, ეტყობა, ისე მოხდა). „რა ღირს, ბიჭო, შენი ვაშლი!“ – ასე უბრალოდ რომ იკითხავენ და ეს ვაშლის ხე რომ ჯერ ამოდის, მერე იზრდება, ყვავილობს, ნაყოფს გამოისხამს…  ანდა ბროწეულის ყვავილი  – ეს ხომ სასწაულია!

საკუთარი ნაწარმოები, რომელმაც ყველაზე მეტად გაგრძნობინათ, რომ მკითხველი იყო თქვენი შემავსები.

„თავფარავნელი ჭაბუკი“! მე არ ვიცი, ამაზე უკეთესი რა უნდა მოეცა ხალხურ პოეზიას!„…ცალ ხელით დოლაბი მოაქვს… სანთელი კელაპტარობდა“.იცით,  ნებისმიერი ადამიანი უერთგულესი უნდა იყოს თავისი საქმის. „ერთი ავსული ბებერი… სარკმელზე ანთებულ სანთელს აქრობდა, აბეზარობდა“ – ეს ბრძოლაა, დოლაბი კი არის პასუხისმგებლობა.  სანთელი აქვს – დიდი კოცონი კი არა და უნდაინებოს კეთილიადამიანმა და გააღწიოს! ესაა ქრისტიანობა, ესაა სარწმუნოება. არ არსებობს ორი ადამიანი, ერთმანეთზე რომ არ იყოს ჯაჭვით გადაბმული –  ჩვენს წელთაღრიცხვამდე ვიღაცამ რომ რაღაც გააკეთა, ის გვეხება ჩვენ, მოქმედებს ჩვენზე, გადაბმულები ვართ. ეს არის პირველწყარო მართლმადიდებლობის. წუთისოფელი ხომ მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით არაფერი არაა, მაგრამ ამ წუთისოფელში  ასიათასობისთ ნაბიჯს ხომ ვდგამთ და ყველა ნაბიჯი უბრალო სიკეთისკენ უნდა მიდიოდეს.

თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ყველა ადგილს მოჰყვება შესაბამისი ღვთიური წერილი – რამაც უნდა განსაზღვროს ამ ადგილზე მცხოვრები ადამიანი. რა განგვსაზღვრავს კონკრეტულად ჩვენ?

შრომა. აი, ისე, კახელი გლეხი რომ შრომობს – მართლა ბარაქიანი. უნდა ვიშრომოთ, ეს არის წყალობა ღვთის და ნაწყალობევი უნდა გამოვიყენოთ, რომ ღმერთს არ ვუმტყუვნოთ. ეს მარტო თოხი არაა, ეს აზრობრივი, სულიერი შრომაცაა. არ გეგონოთ, მე კარგად ვიშრომე:  არააა, მე არ გადამიხდია მემილიარდედის ნამცეცის მოლეკულა თუ ატომიც კი,მაგრამ უნდა მექნა! ახლა ამისგან ძალიან შორს ვარ – სამწუხაროდ და საუბედუროდ. არ უნდა წავიდესმომავალი იქეთკენ, რომ ადამიანის ფიზიკური ჯაფა შემცირდეს. შრომამ შექმნა ადამიანი – სახარებაშია ეს – ენგელსმა კი არ თქვა!

რომ ადამიანი გახდეს უკეთესი

20 წლის ვიყავი – ორი მოთხრობა დამიბეჭდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. მკითხეს, რა გსურთ თქვენი ნაწერებითო. ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნებაა, ადამიანი გახდეს უკეთესი, ვიდრე იყო. თან გამიხარდა – რა კარგად ვთქვი-მეთქი. მუსიკალური სასწავლებელი მაქვს დამთავრებული – დილეტანტის დილეტანტი ვარ ამ საქმეში, მაგრამ მქონდა მუსიკასთან კავშირი და წლების მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემამდე ეს ჰენდელს უთქვამს,  ჰენდელმა დამასწრო. მე სულელი:  მთელი ბიბლია ისაა, რომ ადამიანი გახდეს უკეთესი! მე ვინ ვგდივარ, ან ჰენდელი ვინ ბრძანდება…

ქრისტე არ იკვეცება

„გიყვრდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენიო.“ „უფრო“ არ წერია სახარებაში, მაგრამ ქრისტიანობა ესაა: გიყვარდეს უფრო, ვიდრე საკუთარი თავი – და არა მხოლოდ მოყვასი – უცხოც კი. ოთხი ასეთი ადამიანი ვიცი:  მიხეილ თამარაშვილი(კათოლიკე),  რომელმაც თავი გასწირა უცხოს გამო. ასეთი იყო გრიგოლ ფერაძე – რომელიც მრავალშვილიანი უცხო კაცის მაგიერ შევიდა გაზის კამერაში – იქნებ ის გადარჩესო (მიუხედავად იმისა, რომ მასაც ვერ გადაარჩენდა) და ჩემს დროს: იოსებ ჟორდანია და მამა ილია კარტოზია. ცურვის არმცოდნე კაცი რომ თავის მაშველ რგოლს დაუთმობს სხვას, უცხოს –  ეს ქრისტიანობაა! იცით, რატომ არ მომწონს სიტყვა ქრისტიანი: ქრისტეიანი უნდა იყოს.  ქრისტეს შეკვეცა არ შეიძლება, ეს მაინც ვთქვათ სწორად.

დედამიწას სიყვარული ატრიალებს

ვაიმეე, ამას რომ მეუბნებიან, ისე ვწითლდები….იმდენი სინონიმია ქვეყანაზე…. მარტო სულხან საბას 11 განმარტება აქვს სულელის. ამას ემატება ჩვენი კუთხურობა: აბდალი, შუშტურა… კიდევ იმდენი რაღაცა ემატება – სულელსაც კი!!! და ერთადერთი, რომელსაც არაფერი არ ემატება – ესაა ღმერთი და  ესაა სიყვარული!

სახეები: „მე პამიდორი მეგონა“ და „ბალახისფერი კაცი“

„მე პამიდორი მეგონა“ – ეს რვამარცლოვანი წინადადებაა, რუსთაველის ხუმრობით, ვითომ პოეტური გამონათქვამი, რიტმიკა. ბალახისფერი კაცი კიდევ: წესიერი კაცი რომ დაიბადება სოციალისტურ სამყაროში.

პოეზია, რიტმი

ქართველებში მხოლოდ ორი მარცვლის გარითმვა ჩამორჩენილობად მიიჩნევა. ვერლიბრი არ არისჩვენი. რუსთაველი, ბარათაშვილი, აკაკი, გალაკტიონი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე – უდიდესი პოეტი – როგორი რითმაა, როგორი რიტმია! თეთრ ლექსზე არ ვამბობ: გილგამეში უდიდესი პოეზიაა! ჰომეროსი თეთრ ლექსს წერდა. სახარებიდან მარკოზი – მეთოთხმეტე ლექსი – მართლა ლექსია! რიტმია ყველაფერი! რიტმი უნდა იყოს! დღემდე  ვერავითარმა მეცნიერებამ ვერ დაადგინა, როგორ ეწყება დედის მუცელში ნაყოფს გულისცემა. ეს ყოვლად აუხსნელია, ისევე ის, რაც ბავშვმა სთქვა.

 

 

1 2 3