ქრისტე არ იკვეცება

/სახარებაში განზავებული კაცის მონათხრობი /

 

გურამ დოჩანაშვილის დაკრძალვისას სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდა გოგონას ფოტო მის საფლავთან, კაქტუსით ხელში, როგორც საყვარელ მწერალთან გამოთხოვების სიმბოლო. „ჩემი შემავსები“ – იტყოდა ამაზე დოჩანაშვილი, რომელიც მიიჩნევდა, რომ  მკითხველი – ესაა მწერლის შემავსებელი. „კარგი მკითხველი, ოღონდ!“

დოჩანაშვილთან ინტერვიუ შარშან, პამდემიამდე ჩავწერე ესსეების კრებულისთვის „რა არის ძალაუფლება“ („ნიუ იორკ თაიმსის“ სპეციალური მედიაპროექტი). „ღმერთმა დაგვიფაროს გამარჯვებისგანო“ – ბოდიშის მოხდით გაიხსენა ამაზე თავისი კანუდოსელი პერსონაჟის ნათქვამი. ისედაც, მთელი ინტერვიუს მანძილზე (და ცხოვრებაშიც) ყოველთვის ბოდიშობდა, როცა საკუთარ მაგალითს მოიყვანდა, ან საკუთარ ტექსტს მოიშველიებდა.

ძალაუფლებაზე საუბრისას  ვისაუბრეთ ტკივილის ძალაუფლებაზეც (ვიცით, რომ შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და უდიდესი ტკივილით იცხოვრა). „ეს უბედურება – ბედნიერება როგორ ვთქვა, მაგრამ წყალობაა საიმისოდ, რომ ადამიანი ამაღლდეს“-ო, მიპასუხა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ვესაუბრებოდი ადამიანს, რომელიც ყოველგვარ ამქვეყნიურს დიდი ხანია,  გასცდა, სხვა სიმაღლეზე, სხვა განზომილებაში იყო და ისევე უკვირდა თავისი 81 წელი, როგორც – ვაშლის ყვავილობა… 

„კაცობრიობის აღსასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?“- ეს იყო  ბოლო შეკითხვა.„სახარება რომ იკითხონ ადამიანებმა!“  – მიპასუხა.  ინტერვიუს ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორი მავედრებელი სახე აქვს ამის თქმისას. „მე არ მიყვარს  სიტყვა ქრისტიანი. არსებობს ქრისტეიანი – ქრისტე არ იკვეცება, ეს მაინც ვთქვათ სწორად! “ – ესეც დაგვიბარა ამ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. ისაუბრა მის ბოლო წიგნზეც, სათაურით „ბრმადყოფილი…..“  (ხუთი წერტილით და არა სამითო – დააკონკრეტა), რომლის ინსპირაციაც მთლიანად  იოანეს სახარების მე-9 თავმა მისცა. „როგორია 80 წლის ასაკში?“ – მკითხა ერთმა მეგობარმა ინტერვიუს მერე.  „სახარებაში განზავებული“ – მხოლოდ ეს მომივიდა თავში და მგონია, რომ ამ სპონტანური ასოციაციით ზუსტად გადმოვეცი ის ემოცია თუ შთაბეჭდილება, რაც ამ ბოლო შეხვედრისას დამიტოვა. მანამდეც ბევრისგან გამიგია, რომ სახარების კითხვა დოჩანაშვილის მერე დაიწყეს (მათ შორის მეც).

გთავაზობთ ჩვენი საუბრის შერეულ ვერსიას (ინტერვიუ, ესსეი) – ოდნავ განვრცობილს,  ვიდრე ეს ინგლისურენოვანი გამოცემისთვის იყო განკუთვნილი.

 

 

 

ძალაუფლება

მე მაპატიეთ, ჩემი თავისამაგალითოდ კი არ მომყავს, მაგრამ“ჩვენ გავიმარჯვებთო“ – ჩემი პერსონაჟი რომ ამბობს კანუდოსში (მოგეხსენებათ, სამხრეთ ამერიკაში წამდაუწუმ ხდება გადატრიალებები), „ღმერთმა დაგვიფაროსო“ – მეორე ეუბნება. ღმერთმა დაგვიფაროს იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გამარჯვებულები მიდიან პატივმოყვარეობაში,  თავმოწონებაში და ფუჭდება გამარჯვება. ჩემთვის დამარცხებულები არიან უფრო სიმპათიურები. მლიქვნელობა არის საშინელება – მლიქვნელები უბიძგებენ გამარჯვებულებს, რომ გახდნენამპარტავნები.

ზვიად გამსახურდია 

ჩვენ გადაბმული მეგობრები ვიყავით. ის იყო ნამდვილად ჩვენი წინამძღვარი. სულ კოლხურ კოშკში ვიყავით. დეიდა მირანდა იყო ანგელოზი, ჩვენი საფიცარი ხატი! მერე, პოლიტიკაში რომ წავიდა, ის ზვიადი აღარ იყო.  ერლომს აქვს ერთი შესანიშნავი მოთხრობა: ვანო და ნიკოდან ერთ-ერთმა გადაწყვიტა, რომ სიკეთე მოუტანოს ხალხს, ავიდეს ყველაზე მაღალ მთაზე და იქედან გადმოსძახოს, რა კარგია სიკეთეო.  იმდენი დაბრკოლება შეხვდა ამ გზაზე, რომ როცა მთაზე ავიდა, დავიწყებოდა, რისთვისაც მიდიოდა. ზვიადს შემოევლოს ჩემი თავი!

სამშობლო

ადამიანი სადაც დაიბადა, იქ უნდა დარჩეს.ეს მე არ მითქვამს: ღმერთმა, მთავარმა  – არ ვიცი, რა ვუწოდო – იმან თქვა, მისგანაა ნათქვამი ყოველივე. არ შეიძლებოდა, გოეთე დაბადებულიყო ჩინეთში. სადაც დავიბადე, იქ უნდა კეთილ ვინებო და ვზიდო ის ტვირთი. კალმახი, სიკვდილი რომ მიუახლოვდება, იქ მიდის, სადაც დაიბადა. სადაც დავიბადეთ, იმის ღირსები უნდა ვიყოთ. დავითი, თამარი… თამარ მეფე ქუთაისიდან მოწამეთაში მუხლზე დაჩოქილი ავიდა  – მეფე! დედოფალი! იმათი ნატამალის მემილიარდედის ნამცეცის ატომიც არა ვართ…

ტკივილის ძალაუფლება

იმაზე მეტი საშინელება არაფერია, შვილი რომ გარდაგეცვლება. მე უწმინდესმა გადამარჩინა.  ეს გაჭირვება, თან უმძიმესი გაჭირვება, გაჭირვების გარდა არის უებარი საშუალება, რომ ადამიანი ამაღლდეს.  წყალობა როგორ ვთქვა, მაგრამ წყალობაა ნამდვილად.

გაჭირვება

როცა ქვეყანას უჭირს (იმას კი არ ვამბობ, რომ რა კარგია, რომ საქართველოს უჭირს), მაშინ ჩნდება დიდი კულტურის ხალხი. ილია, ვაჟა, ყაზბეგი, გალაკტიონი – გაჭირვების დროს მოგვცა ღმერთმა.  მე არ ვგულისხმობ უკიდურეს გაჭირვებას; ერთნაირად დუნდებიან იმ ქვეყნებში, სადაც არ შიათ, არ სწყურიათ და იმ ქვეყნებში, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა, მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში, სადაც ერთადერთი ოცნებაა აქვთ: ბავშვის საკვები.

ღმერთი

რუსთაველზე დიადი ვინ გვყავს!„რომელმან შექმნა სამყარო“- ვინაა? ღმერთი! ბარათაშვილის ერთადერთი პოემა ასე იწყება; „ღმერთო კეთილო“. ანდა გურამიშვილს რომ აქვს საოცარი გოდება  იესოზე….  ვერ აძლევს ადამიანი თავს უფლებას, რომ თქვას, რა არის ღმერთი. ისევ ბავშვის პირით ათქმევინა, ბავშვმა თქვა სიბრძნე: „ღმერთი ისეთი დიადია, რომ ყველაფერს მოიცავს და თან ისეთი პატარაა, ჩემს გულში ეტევაო.“ბავშვის გულში ჩატეული რამაა ღმერთი.

 

 

1 2 3