ლუარსაბ თათქარიძე  – საყვარელი პერსონაჟი

დღევანდელი გაჭირვების დროს ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება გურამიშვილი. „ქართლის ჭირი“ დაწერა – არც ჩამოვიდა: შორიდან უფრო მეყვარებაო. გურამიშვილი და ყაზბეგი – ეს არის კეთლშობილება! რუსის გარნიზონის მოსაყვანად გაგზავნილმა მარტიამ:  რუსის ხელში არ ჩავაგდოო, მივიდა ელგუჯასთან და მტერს შეაკლა თავი.  ეს არის უდიდესი გმირი!  კიდევ იცით, რომელი პერსონაჟი მიყვარს?? წინასწარ უნდა გითხრათ, რომ გაგიკვირდებათ: ლუარსაბ თათქარიძე! აზრად არ მოუვიდოდა, ბოროტება რომ ჩაედინა. მოურავს რომ ვითომ „კიცხავს“ – ეგეთი მიამიტობა ღვთის წყალობაა! ნეტავ, მონაცემი მქონდეს, რომ მიამიტობის ამ დონეს მივაღწიო…

მარკესი, რჩეულიშვილი, ჰემინგუეი 

ვინც თვლის, რომ თვითონ დაწერა, ის მწერალი არ არის. პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ მწერალი არ არსებობს – არსებობს გადმომწერი. მხატვარი არ არსებობს – არსებობს გადმომხატავი.  კომპოზიტორი არ არსებობს – არსებობს გადმომღერებელი.

ყველა მწერალი, მათ შორის მარკესიც ჩემზე გავლენას ახდენს. როგორ შეიძლება, არ მქონდეს გურამ რჩეულიშვილის გავლენა?  18 წლის რომ ვიყავი და წერა დავიწყე, ხუთი წლით იყო ჩემზე უფროსი.  პროზა იწყება 30 წლის შემდეგ. გურამი 26-ის გარდაიცვალა – ეს ძალიან მცირე ასაკია.

ჰემინგეუისთან ბევრი იბნეოდა. მე არ დავბნეულვარ. „ვის უხმობს ზარი“ – ეს კაცის დაწერილია!  რომ იძახიან: კაცური კაცი, ვაჟკაცი და ა.შ. თქვი „კაცი“ და გათავდა! კაცური კაცი დამცირებაა ადამიანის. არ მომწონს, რომ ფიცჯერალდზე უზრდელობა აქვს ნათქვამი ჰემინგუეის.  ამ დროს – კაცია!

 

ჩემი სასოება – ვან გოგი

„კარტოფილის ამოღება“ გიჟივით ნახატია: ზურგით რომ დგას ხუთიდან ერთი – იმასაც კი ხედავ სახეზე. ჩემი სასოება – ესაა ვან გოგი.  მოძღვრად წავიდა თავიდან.  უკანასკნელს გაიხდიდა და აცმევდა გაჭირვებულს. მერე თავისი ძმა თეო არჩენდა.

 

ასეთი დაფასებაც მხვდომია

ჩემი მეოთხე წიგნი რომ გამოვიდა, რამდენიმე ეგზემპლარი მომცეს – ჰონორარიდან დამიქვითეს. ვურიგებდი ახლობლებს. ბებიაჩემის დეიდაშვილ დეიდა კატუტას ვერ მივეცი. ვერც ვიშოვე – 20-25 კაპიკი ღირდა. ერთმა კაცმა მირჩია, აეროპორტისკენ წადი, იქ ძირითადად რუსები და სომხები ცხოვრობენ და წიგნები გვიან იყიდებაო. საერთოდ, წიგნი რომ გამოვიდოდა, სამ დღეში ჭაჭანება არ იყო – პროზა სამ დღეში იყიდებოდა, უნიჭო პოეზია – ერთ კვირაში. ტაქსი ათი კაპიკი იყო  – წავედი აეროპორტში. მივაგენი წიგნის მაღაზიას. საერთოდ, ჩემი სახელის და გვარის ძალიან მერიდება და მორიდებით ვიკითხე – ამა და ამ კაცის წიგნი თუ გაქვთ-მეთქი. „იყო, გათავდაო“. ვაიმე, შევწუხდი – იყო გათავდა – ანუ აღარ იქნება აწი. გათავებულია საქმე. ეს ჩემი ხეტიალი ჯანდაბას, დეიდა კატუტას რა პირით შევხედო! გამყიდველმა შემატყო, რომ დავღონდი, თან ეტყობა კეთილი ბუნების ადამიანი იყო და მანუგეშა – მანუგეშა კეთილმა: „რატომ შეწუხდით, მეც წავიკითხე ის წიგნი და სისულელეა თავიდან ბოლომდეო.“ ასეთი დაფასებაც მხვდომია!

 

„არა უშავს“ საუკეთესოა

ადამიანებს რომ ეკითხებიან „როგორა ხარ?“ პასუხობენ: „კარგად“ ან „ისე რა, არა მიშავს“.  ეს „არა მიშავს“ საშუალოდ ითვლება. ამ დროს მასზე უკეთესი არ არსებობს! ერთხელ უწმინდესს ვუთხარი, თქვენზე რომ მეკითხებიან, როგორაა, „არა უშავს“  – ვამბობ და არ მიწყინოთ, იმიტომ, რომ  მე ქვეყანაზე ორი რამე ვიცი უდიდესი, რომელთანაც „კარგად“ ახლოს ვერ მივა და მხოლოდ „არაუშავს“ შეეფერება: სახარება – რაც წამიკითავს და თქვენ ადამიანებში-მეთქი.

 

არაფხიზლად ყოფნა

ერთხელ თბილისში საკავშირო შეკრება იყო მწერლების. ერთ სომეხ მწერალს უთქვამს: არაფერი  არ მინდა თქვენი, ოღონდ გურამი მაჩვენეთო. მივდივარ, ნაბახუსევი ვარ – ვაიმე, ვაიმეე, კედელს მივყვები, იმდენად სუსტად ვარ. შევჩერდი კედელთან – არ წავიქცე. ოთარ მამფორიამ დამინახა – ბოლო ხუთ წელში 40-ჯერ თუ 50 ჯერ ვყავდი ნანახი და სულ – მთვრალი, თან ერთდროულად ერთი კი არა, ორი სიგარეტით პირში. ამოიღო კოლხეთი, მომაწოდა და  – „პახმელიაზე ვერ ვეწევი“-მეთქი. „აბა, დაგინებებია, გენაცვალე, თავიო“. ბეთჰოვენი ხელით აჰქონდათ ხოლმე სახლში – იმდენს სვამდა, სულიერი აღარ იყო. დილის 6 საათიდან მუშაობდა საღამოს 6-მდე. მოცარტი  ისე გალოთდა,  წესი იყო, თვითონ უნდა ედირიჟორა და ვერ იდირიჟორა. ბეთჰოვენი და მოცარტი სვამდნენ და მე რომ დავლიო, რა გასაკვირია?!

 

სამყაროს დასასრული რომ დგებოდეს, რა იქნებოდა თქვენი უკანასკნელი გზავნილი?

იცოდეთ ბიბლია და განსაკუთრებით მისი გვირგვინი –  სახარება. „მამაო ჩვენო“-შიც კი, ყოველი ახალი წაკითხვისას აღმოაჩენ ახალს, რომელიც თურმე არ იცოდი. თვით „მამაო ჩვენო“-შიც! სახარებისთვის ამოუწურავი არის დაბალი სიტყვა, შეუძლებელიც დაბალისიტყვაა. აი, სახარება რომ იკითხოთ ადამიანებმა!

 

 

 

 

1 2 3