პოეტი გვიხატავს მგოსნის ძველისძველ, სახლს, რომლის სახურავიც ვერ აკავებს თოვლსა და წვიმას; ოთახში ქარი თარეშობს, ირგვლივ სიცივე და სევდა გამეფებულა, „გადაკარგულა მშიერი თაგვიც, ღარიბი მგოსნის ბოლო სტუმარი“. თავად მგოსანი საბანში გახვეულა და ამაოდ ცდილობს გაუმკლავდეს სიცივესა და შიმშილს.

მკითხველი უკვე მზადაა თანაგრძნობით განიმსჭვალოს უპოვარი მგოსნის მიმართ. ამ ფონზე უჩვეულოდ ჟღერს პოეტის სიტყვები:

 

მაგრამ მკითხველო, ცრემლს ნუ გადმოღვრი,

ნუ მოგაკლდება გულში ხალისი,

მგოსანს, რაც უნდა ღარიბი იყოს,

არაფერი სჭირს შესაბრალისი.

 

რატომ არ სჭირს არაფერი შესაბრალისი მგოსანს? გურამ პეტრიაშვილის პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ მას აქვს ცხოვრებისაგან მიღებული ტკივილების შემოქმედებით, სულიერ ენერგიად გარდაქმნის უნარი, ახალი, მხატვრული სინამდვილის შექმნის ძალა.

 

წვიმა ჩამოსდის? რა მოხდა მერე?

განა თავსა გრძნობს ოხერ-ტიალად?

წვეთის წკაპუნი მის ლამაზ გულში

გადაიქცევა ბროლის წკრიალად.

ფანჯრიდან ავი შემოქრის ქარი?

მძლავრია ქარი და უგლეჯს ფარდებს?

მგოსნის ოცნება ქარსაც გარდაქმნის:

ჰა, ქალის სუნთქვა ეხება ვარდებს.

 

ასე ამოიზრდება ცხოვრებისეული ტანჯვიდან პოეზია. ხელოვანი ქმნის ისეთ წარმოსახვით სამყაროს, რომელიც სულის მოსათქმელი თავშესაფარი ხდება ყოფისაგან დათრგუნულიადამიანებისათვის. ის, იდეალები, რომლებიც არასოდეს განხორციელდება მიწიერ სინამდვილეში, ხორცს მხოლოდ  პოეზიაში ისხამს და შვებით ავსებს ადამიანთა სულებს:

 

იქ ყველა მგელი ცხვართან მეგობრობს,

არავის სცივა, არავის შია,

არავინაა ავი, ბოროტი,

ყველას ყველასთვის გული აქვს ღია.

 

ასეთია შემოქმედებისა დაშემოქმედის ძალა, რომელიც პოეტურად გარდაქმნის სამყაროს და ამ გზით ასატანს ხდის ტანჯვითა და ტკივილებით სავსე მიწიერ სინამდვილეს.

გურამ პეტრიაშვილიც თავისი ზღაპარლექსებით სწორედ ისეთ წარმოსახვით სამყაროს ქმნის, რომელიც მშვენიერი უბრალოებით ხიბლავს მკითხველს, ამაღლებს მას ყოფის პროზაულობაზე  და სიკეთითა და სითბოთი უვსებს გულს.

ჭეშმარიტ ხელოვნებას ამაზე დიდი მისია ვერც ექნება.

 

 

1 2