2018 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ცნობილი პოეტისა და მეზღაპრის გურამ პეტრიაშვილის წიგნი „ახალი და ძველი ზღაპარლექსები“. კრებულში თავმოყრილია ავტორის როგორც ადრე დაბეჭდილი, ისე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

თანამედროვე მწერლობაში ზნეობრივი ნიჰილიზმის, გულგრილობისა და ფსევდოინტელექტუალიზმის მოძალების ფონზე განსაკუთრებით იზრდება ისეთი პოეზიის ფასი, რომელიც სუნთქავს სითბოთი, სინათლით და მკითხველს აბრუნებს მშვენიერებისა და სიკეთის სამყაროში.

სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა გურამ პეტრიაშვილის ზღაპარლექსები, რომლებშიც ერთმანეთთან ორგანულადაა გადაჯაჭვული მეზღაპრისა და პოეტის თვალთახედვა. ყოველივე ამის ნაყოფი კი თავისებური უჩვეულობით აღბეჭდილი მხატვრული სამყაროა.

არსებობენ მწერლები, რომლებიც საკუთარი ფანტაზიით ქმნიან, იგონებენ საგანთა შორის რეალურად არარსებულ კავშირებს, სხვებს კი პირიქით, – უკვე ობიექტურად არსებულ საგანთა წესრიგში შეაქვთ ახალი შინაარსი. შედეგად ხდება ყოფის გაზღაპრულება,ყოფის პოეტიზაცია. გურამ პეტრიაშვილი სწორედ იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, ვისაც ჩვეულებრივ, პროზაულ ფაქტშიც კი ზღაპრულის აღმოჩენა და განჭვრეტა ძალუძს. რიგითი მოკვდავისათვის მატარებელი ოდენ გადაადგილების საშუალებაა, მეზღაპრე-პოეტის თვალი კი ხედავს „მოხუც და ონავარ ორთქლმავალს“, რომელსაც „მისდევენ ვაგონები, კარგი ბავშვებივით გამგონები“. ორთქლმავლისა და ვაგონების ურთიერთმიმართება  ლექსში ამგვარადაა პოეტიზებული: „ვაგონებს, სულ მუდამ ეძინებათ, ყველგან გაჩერება ესიზმრებათ, ორთქლმავალს არ უყვარს გაჩერება, არა სურს სიბერის დაჯერება“. მხოლოდ პოეტი-მეზღაპრის თვალი თუ შეამჩნევს ორკესტრის ცქერისას, რომ „პატარა სულელ ვიოლინოებს ვიოლონჩელო მფარველობს დიდი“. ასეთი უჩვეულო მხატვრული ხედვის არაერთი ნიმუში შეიძლება მოვიხმოთ გურამ პეტრიაშვილის წიგნიდან.

გურამ პეტრიაშვილს აქვს საოცარი უნარი ორიგინალური სიუჟეტების გამოგონებისა, – ისეთი სიუჟეტების, რომლებიც თავისი შინაარსითვე უკვე პოეტურად და ზღაპრულად გვევლინებიან. ამ მხრივ გამორჩეული ზღაპარლექსებია: „ფილოსოფოსი და ვარდი“, „ველოსიპედიანი დედაბერი“, „ჟირაფი“, „მოკრივე და იასამანი“ და სხვ.

მეზღაპრის ყურადღების მიღმა, ცხადია, ვერ დარჩება ხალხური სიბრძნის საუნჯე. საზოგადოდ, ანდაზები, აფორიზმები და ხატოვანი თქმები იმთავითვე შეიცავს სიუჟეტური განვრცობის პოტენციალს. ლიტერატურის ისტორიაში მრავლად მოგვეპოვება ფაქტები, როდესაც მწერალირომელიმე ანდაზის საფუძველზე ქმნის მცირე პროზაულ თუ პოეტურ ტექსტს. ჩვენს სინამდვილეში ამის მაგალითია იაკობ გოგებაშვილის მხატვრულიშემოქმედება. მაგრამ თუ, მაგალითად, იმავე  გოგებაშვილის მცირე პროზაული თხზულებანი ოდენ ანდაზით გადმოცემული მორალური პრინციპის მხატვრულ ხორცშესხმას წარმოადგენენ, გურამ პეტრიაშვილი ხალხური სიბრძნის მიმართაც მეტადორიგინალურ მიდგომას ავლენს. აღნიშნულის დასტურია ლექსი „ჭინჭრაქა“.

ცნობილია ირონიული შეფერილობის ხალხური ანდაზა: „ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოვარდეს, ფეხებით დავიჭერო“, რომელშიც გაკიცხულია უსაფუძვლო დიდგულობა, ქედმაღლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის ქონა. ზღაპარლექსების ავტორი პატარა ჩიტის საქციელში სულ სხვა რამეს ხედავს:

 

ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა,

შურით ავივსე მაგრებო!..

ზეცა თუ ჩამოვარდება,

ფეხებით შევიმაგრებო…

აღტაცებული შევყურებ

და მისი ძმობა მწყურია,

ამ უღიმღამო სხეულში

ძგერს გმირთაგმირის გულია.

 

ანდაზაში დაცინვის ობიექტად ქცეული პატარა ჩიტი ზღაპარლექსში უკვე სიმამაცისა და გაბედულების სიმბოლო ხდება. ასე ორიგინალურადაა მხატვრულად ათვისებული ხალხური სიბრძნე გურამ პეტრიაშვილის შემოქმედებაში.

ხელოვნების რაობის, ცხოვრებისა და პოეზიის ურთიერთმიმართების საკითხი ალბათ ისეთივე ძველია, როგორც თავად ლიტერატურა. გურამ პეტრიაშვილი ამ მეტად რთული პრობლემის ირგვლივაც ჩვეული სისადავით მსჯელობს ლექსში „მგოსანი“, რომელშიც ნათლად ვლინდება შემოქმედის ესთეტიკური და ზნეობრივი მრწამსი.

 

1 2