4.

ანდრო ყარანგოზაშვილი   ახალი სახეობის კიტრის მწნილის ქარხნის დირექტორის მოადგილედ ორი წლის წინ დაინიშნა. მოსაწყენი სამსახური იყო: საბუთები, საბუთები, საბუთები, თანაც დაწინაურების მინიმალური შანსებით.

როგორც კი  საბუთები მოაწესრიგა, კონდიციონერი ჩართო, მობილური დამტენიდან გამოაძრო, დივანზე გადაწვა და საკუთარ გვერდზე შევიდა.

დირექტორის ცოლის მიერ გაზიარებული საჯარო ლექცია ლაივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობილი ქართველი კრიტიკოსი ენვერ კუკუა , ავადმყოფურად ტანწვრილი,  შემეჩხერებულ თმიანი და მრგვალსათვალიანი ვირთხა, რომელსაც მამაკაცისთვის არაბუნებრივი ძუძუები ჰქონდა, ,,ქვევრის’’ფროიდისტულ კონტექსტზე  საუბრობდა:

 

-ქვევრი, როგორც საშო ერთგვარი  პრეოიდიპალური ფაზის ანალოგიაა, რაც დღემდე ყურადღების მიღმა რჩება. როდესაც სექსუალობას გამორიცხავს ქართული  ხელოვნება, ეს ნიშნავს იმას, რომ  ჩვენს  საზოგადოებას, კულტურას ზოგადად, უჭირს მენტალურად და  მოდით პირდაპირ ვთქვათ, სექსუალურადაც. საბჭოთა კავშირი ხომ ყველაფერთან ერთად ყველაზე ასექსუალური  სისტემა იყო ანუ  საბჭოთა მოქალაქეს სრულიად ჰქონდა ატროფირებული   სხეულის აღქმის უნარი. მეტიც, სხეულის ესთეტიკის აღქმის უნარიც. შესაბამისად,  ჩემი  მეორე წიგნი  ,,სექსი, მორალი და  ქართული კინო’’ სწორედ  ოიდიპალურ, პრეოიდიპალურ და ფალიკურ ჭრილში აანალიზებს  ქართველ რეჟისორთა კინოპროდუქციას ,,ჭრიჭინათი’’ დაწყებული და ,, გაღმა ნაპირით’’ დამთავრებული.  მგონი, დროა ქართულმა კინემატოგრაფიამ დაიწყოს საკუთარი ტრავმული გამოცდილების რეფლექსია, საკუთარი წარსულის გადააზრება.  დემონიზებული სექსის  დეკონსტრუქციის გარეშე  ეს პროცესი  ჩანასახშივე განწირულია. გარდა ამისა, პრობლემის მეორე მხარე ქართველ მაყურებელთა სწორხაზოვნებაშია. მე სწორება მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე მაქვს, ცხადია. პრაქტიკულად, ქართული ფილმის  ერთგულ და პერმანენტულ მაყურებელს არა აქვს სექსის, როგორც კონტექსტუალური და კონცეპტუალური მოდელის აღქმის ტრადიცია. სხვათა შორის, მათ არც  კინოთეატრში სიარულის კულტურა აქვთ. ძალიან ბანალურია ბილეთის სიძვირეზე და ქვეყანაში არსებულ  სიღარიბეზე აპელირება იმდენად, რამდენადაც ეს არის   განათლებულ და ტრავმებისგან განთავისუფლებულ ადამიანად  ქცევისგან  თავის არიდების ყველაზე  ბანალური მიზეზი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ  ჰიგიენისგან შორს მდგარი განუვითარებელი ერი ვართ. ამიტომაც ჩამოვრჩით  ევროპულ კულტურას. ამიტომაც ვერ განვითარდით.  ამიტ…

 

–   უიმე, როგორ დაყლევებულა?! არადა, რა მაგარი გადაცემები ქონდა- ანდრომ ლექცია გამორთო და პოსტის  დაწერა გადაწყვიტა:

,,ენვერ  კუკუა  გოიმია! ‘’ვარგა?  რომ ნახოს?  ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი რომ აღმოჩნდეს?  უხერხულია!

,,   მოისმინეთ  ენვერ კუკუას ლექცია? ეთანხმებით? ‘’- მგონი, ნორმალურია.

როგორ უნდოდა ამ თვეში მაინც  გაზრდილიყო  მისი უღიმღამო და უკონტექსტო პოსტების დამლაიქებელთა რიცხვი. გულებს მხოლოდ დაბადების დღეზე უწერდნენ, ისიც ქარხსნის თანამშრომელთა ცოლები. კაცები ამ მხრივ თავშეკავებულები იყვნენ, არადა როგორი გაბუტვა იცოდა  დირექტორმა ლაიქის არ დაწერის შემთხვევაში!

ვერ მამჩნევთ?  აქ  უინტერესო ვარ? გავაუქმო? გღლიით?-  იქნებ, ახლა იყო ნამდვილი?  იქნებ, ამ ფრაზით ცდილობდა საკუთარი უნიათობის  და კომპლექსების  მანიფესტაციას? თუ აქაც თამაშობდა? აქაც სიმულირებდა?

 

ანდრომ  კონდიციონერი გამორთო და სტატუსის ველში  საკუთარი იმჟამინდელი ხასიათი განსაზღვრა: Feeling lonely

 

 

5.

–  რამე წამოვიღო?-  ანდრო  ცალი ხელით  საჭეს იმორჩილებდა, ცალით კი ცოლს წერდა.

–  რავი.  დღეს არაფერი გამიკეთებია. ვიტო ნაჭამია უკვე.  გამზადებულები წამოიღე.-  2 წუთის მერე მისწერა  ketino  garuchava-მ.

-კაი. გამოვედი.

-მალე.

-ოკ.

ანდრომ მარკეტისკენ გაუხვია.

ოკ, მალე, ხო, რავი, ააა – მხოლოდ    ნახევარფაბრიკატი სიტყვებითა და ავთვისებიანი შორისდებულებით ცდილობენ  ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებას? სულ ესაა?

თავიანთი 18 წლიანი თანაცხოვრების პერიოდის შეფასებისას  ანდრო უკვე  იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ  მათი  ურთიერთობა ცოლ-ქმრული კომუნიკაციის კარიკატურა უფრო იყო, ვიდრე სრულფასოვანი, ჯანსაღი და რაც ყველაზე მთავარია,   საციცოცხლოდ ფუნქციური გამოცდილებების ჯამი.

  • როგორი მოსაწყენი გვერდი აქვს!-   ცოლის  პროფილზე გადავიდა. ბოლოს,  3 თვის  უკან იყო.

 

ამდენი ინგლისური იცის?-  ტრამპის  წინააღმდეგ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ბლოგი  ედო.

თვალთმაქცობს. სხვებს აჩვენებს, რომ  მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც აინტერესებს, არადა რეალურად მისი ინგლისური ,, I am a table’’- დონისაა.- ჩაიცინა ანდრომ და  ცოლის პროფილის ფოტო  გაადიდა.

როდინდელია? რატოა აქ  ასეთი განსხვავებული?

აღარც ახსოვს, ჰქონდა თუ არა ქეთინოს დატალღული თმები.

უყვარდა ეს, ოდნავ ღაბაბაკიდებული და საკუთარ სრულფასოვნებაში ჯიუტად დარწმუნებული, ქალი? თუ უყვარდა, რატომ უღალატა  ვინმე Eva  Nikoladze         -სთან? პრობლემები ჰქონდათ?  ბედნიერებას სიმულირებდნენ? სხვებისთვის   თამაშობდნენ   ოჯახობანას? სიყვარული ჩვევაში გადაეზარდათ?  შვილი  ქმნიდა  ბარიერს განქორწინებისთვის?-  ანდროს  ტვინი აუდუღდა.

აქ  როგორი აქტიურია და სახლში რა ჭირს?  დეპრესია აქვს? რა უნდა? რატომ ვერ მელაპარაკება? ამ დროს, არ არის  უინტელექტო ქალი.

ანდრომ  შუქნიშანს ახედა.  წითელი იყო.

-ამას აქ რა უნდა!-   ცოლის კედელზე    კუკუა ენვერის    პოსტს  გადააწყდა.   დროს დახედა-5 წუთის წინ გაუზიარებია.

ამას ჰყავს მეგობრებში?  ერთმანეთს წერენ? რა უნდა იმ არასრულფასოვანი გოიმისგან?

პოსტს ჩაყვა:

,, უიმე როგორ დაყლევებულა ენვერ კუკუა!’’-  ნახეთ როგორ უსაფუძვლოდ  მლანძღავს  ანდრო  ყარანგოზაშვილი?   ეტყობა, ჩემი დღევანდელი ლექცია არ ესიამოვნა. რაო, სექსის ნაკლებობა გაქვთ, ბატონო ანდრო?  კიტრის მწნილზე ვერ იღგზნებით?    ვერ ხვდებით, რომ ჩემი სახით  ქართულ კულტურას ებრძვით და ეგ ობსკურანტიზმი ძვირად დაგიჯდებათ???  და კიდევ, ეგ თქვენი მწნილი  ტრაკში გაიკვეხეთ! არ გამაბრაზოთ, თორემ მიგხურავთ იცოდე :)))  ნაკურთხი  მარინადი არა ისა კიდე… მუა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა!!!

ამ ჩლუნგს იცავს?   მისი ადვოკატია?  რატომ არაფერს მწერს.- ანდროს  ცოლთან  ჩხუბი  ეზარებოდა.

უკნიდან წაუპიპინეს.

  • მივდივარ, ჰო.

დაიძრა.

როგორც კი მანქანა  სუპერმარკეტთან მიაყენა და ძრავა გამორთო, გადმოსვლისას  გულისამრევად ნაცნობი  სარეკლამო აბრა შეეჩეხა:

 ალიოშა ქერდიყოშვილის  კიტრის მწნილი: იგრძენი ნამდვილი კიტრის გემო!  თბილისის  ფარგლებში მიტანა  უფასოა. დაგვირეკეთ: 5-44-44-00

აბრაზე  თავად  ბატონი ალიოშა გამოესახათ:  პრაქტიკულად, უკისრო კაცი იყო და უსაშველოდ სქელი. ხელში  კიტრის მწნილის  ქილა ეკავა. იკრიჭებოდა.

ანდრომ მანქანის კარი ჩაკეტა და კონდიცირებულ შენობაში შეაბიჯა.

 

 

 

 

 

1 2 3