6.

–  რა დეგენერატია!-  აწითლებულმა ქეთინო გარუჩავამ კიდევ ერთხელ გადახედა ქმრის  უხერხულ  რეპლიკას:

 უიმე, როგორ დაყლევებულა ენვერ კუკუა!

რამ გააღიზიანა? სმის დროსაც არ  იგინება და აქ  რამ გადარია?

პრაქტიკულად, ანდრო  არც მისთვის წარმოადგენდა ავტორიტეტს და მით უფრო არც ვიტოსთვის. ქმრის ამპლუაში მეტნაკლებად ახერხებდა მდგრადობის შენარჩუნებას,მაგრამ მამის სტატუსი მისთვის მუდმივ აუტსაიდერობას გულისხმობდა.

ანდრომ შვილთან  ვერც სრულფასოვანი მეგობრული ურთიერთობის  დამყარება შეძლო.  ვიტოსთვის ის  მხოლოდ  ბანკომატის როლს ასრულებდა.  სულ ეს იყო  ოჯახური ბანალურობის აუტანელი  სიმსუბუქე.

-ენვერს მივწერ.  გავეცნობი და ბოდიშს მოვუხდი! – ქეთინომ  ჩატში   კუკუა ენვერი ჩაწერა.

საიტზეა.  მომწერს.

-გამარჯობათ, ბატონო  ენვერი!  პირველ რიგში, მინდა  გამოვხატო ჩემი  უდიდესი სიყვარული და სითბო თქვენი გადაცემების მიმართ. ძალიან საინტერესო ციკლი გქონდათ, საგანმანათლებლო და ვწუხვარ რომ დაგიხურეს.  გებრძვიან, ბატონო ენვერი! ძალიან ბევრი  მტერი გყავთ და მინდა ისიც იცოდეთ რომ ამ მტრებს შორის ნამდვილად არ მოიაზრება ჩემი ოჯახი. აქვე, ბოდიში მინდა მოგიხადოთ  ანდრო ყარანგოზაშვილის, ჩემი ქმრის  პოსტის გამო. აშკარად  გაუგებრობა მოხდა.  არ არის ეგ მაგ კატეგორიის კაცი და რა ვიცი,  სახლშიც იშვიათად იგინება. ახლა რომ მხედავდეთ, მიხვდებოდით როგორ ვღელავ. იქნებ არც უნდა გწერდეთ, მაგრამ ვეღარ მოვითმინე.  თუ საჭიროა  ანდროსაც მოვახდევინებ ბოდიშს. რას იტყვით?

 

საკუთარ  კედელზე გადავიდა, 3 დღის წინანდელი სადილის ფოტო ატვირთა და თან წააწერა:  ასეთია ჩვენი  დილა. მოგწონთ?

მაგიდაზე   მწვანილმოყრილი  კარტოფილი, იოგურტი, კარაქწასმული ტოსტის პურები, სიმეტრიულად გაჭრილი  კვერცხი და ხსნადი ყავით სავსე  ჭიქები იდო.

რამდენიმე წუთში  Lia  Menteshashvili-მა მიუკომენტარა:

რას აყრი  კარტოფილს? ნერწყვი მომადგა. გამასინჯებ?

Ketino Garuchava:   წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, ნიორთან ერთად

Lia  Menteshashvili:  აუცილებლად ვცდი. სპასიბა, ქეთუ :*

Ketino Garuchava:  :* :* :*

ქეთინომ  ლეპტოპის ეკრანი გაასწორა და შეტყობინებები გახსნა.   კუკუა ენვერი წერდა:

ქეთი, გამარჯობა. მადლობა  გამოხმაურებისთვის. ჰო,  გადაცემათა ციკლი  ნამდვილად დიდი მოვლენა იყო ქართული კულტურის ისტორიაში და ამას  არც ვმალავ.  უკვე ვმუშაობ მსგავსი ფორმატის  გადაცემაზე. ვნახოთ, რა გამოვა. კვლავ თქვენნაირი  ერთგული მაყურებლების მხარდაჭერის იმედი მაქვს. ახლა კი რაც შეეხება თქვენი მეუღლის უტაქტობას. არ ვიცი,  ასე რამ გააღიზიანა. ბოდიში თქვენთან და სექსი ხშირად გაქვთ? J თუ გნებავთ, არ გამცეთ პასუხი. რა ჩემი საქმეა. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი. არ ვაპირებ ანდროსთან ჩხუბს. ამის არც სურვილი მაქვს და არც ენერგია. უბრალოდ, მე თავი დამანებოს. არ მინდა თქვენი ქმარი უმუშევარი დარჩეს J  ხალხი მეც მყავს და ჩავრევ J აბა, ჰე.

აუცილებელი იყო  სექსზე ყურადღების გამახვილება? უხერხულია, ნუ. არადა, როგორი ტაქტიანი კაცია! პრინციპული.- ქეთინო გარუჩავამ რამდენიმე წუთი დახარჯა გამართული წინადადების ჩამოსაყალიბებლად, თუმცა ბოლოს, გადაწყვიტა სამი გული გაეგზავნა.

-მოვედი!- ანდრო იყო.

დროა! იქნებ, ახლა მაინც ყოფილიყო ნამდვილი.

ქეთინომ  ლეპტოპი ჩახურა და საკუთარი გვერდზე მობილურით შევიდა.

  • ანდრო, ნორმალური ხარ?
  • არ მესმის,  ონკანი მაქვს მოშვებული.

ქეთინო ქმრის კედელზე გადავიდა და ანდროს  შეურაცხმყოფელი  პოსტი შეამზადა, სამხილისთვის.

ვიღაცას   მუქარის შემცველი კომენტარი დაეტოვებინა:  andro mogklav!  ვინაა? უიმე, Madona gegeshidze- Qerdikhoshvili.  ამის უფროსის ცოლი არაა?  აი, სად დაერხა!

-შეალაგე რა, ესენი, არ ამჟავდეს.-   ანდრომ პარკები  მაგიდაზე შემოაწყო,   კოლა ამოიღო,  გახსნა და  რამდენიმე ყლუპად მოსვა.

-როგორა ხარ, ქეთუსი!- ცოლს შუბლზე აკოცა.

ქეთუსი! როგორ ვერ იტანდა ამ კნინობით-ფამილარულ სახელს! რა რეგვენია!   წესიერად მაინც მომატყუოს!

ანდრო, ნიღაბი ჩამოგძვრა!-  ხომ არ დავუკომენტარო?

  • ნახე ეს?- ქმარს მობილურის ეკრანი მიუშვირა.
  • ვერ ვარჩევ, წვრილი შრიფტია. რა არი?
  • მადონა გიკომენტარებს.
  • სად?- ანდროს ყურის ბიბილოები შეუწითლდა. ნერვიულობის დროს ახასიათებდა.
  • რა სად, ანდრო, დებილი ხარ? რეებს წერს ენვერ კუკუაზე, ხალხი გლანძღავს. გსიამოვნებს? სკანდალი გინდა?  თატკალი ბიჭი…
  • ენვერის ადვოკატად გაფორმდი? რამდენს გიხდის? მე კი არა შენ როგორ იქცევი- სავარძლის სახელურზე  ჩამოდო ტრაკი.
  • რა გინდა, საჯაროდ გლანძღო?
  • მლანძღე.
  • წარმოდგენაც არ გაქვს, რა ნაგავთან მიწევს ცხოვრება.
  • ვააა, პირდაპირობისთვის ტერფები დაგიკოცნო თუ ახლაც თამაშობ?
  • რას?
  • რა რას.
  • რას ვთამაშობ, წესიერად ამიხსენი.
  • არაფერი.
  • ადე, ნუ მაწვები. გადავიზნიქე.
  • ოჰ, აღარც მოგედო? ფემინისტი გახდი?-ანდრომ ჩაიცინა.
  • არ გინდა რა თამამი კაცის  თამაში. ყველაფერს რომ შევეშვათ, ძაან ყალბი ხარ.
  • ვერ გავიგე?
  • მშვენივრად გაიგე, ანდრო.  დილით არაფრის გამო გალანძღე  მამაშენის ტოლა კაცი. რის დამტკიცებას ცდილობ მაგით: ვის თვალში იწერ ქულებს, ეგ გამაგებინე.
  • მოიცა, შენ გგონია  კრიტიკის დროსაც ვტყუი?  უბრალოდ აზრს ვაფიქსირებ.
  • არ შეგიძლია ასეთი აუტანელი არ იყო?
  • ასეთი როგორი.
  • რა სჭირს შენი დასაცინი კუკუას? რა გინდა, რეიტინგი აქვს, თავის საქმეს აკეთებს, ნუ მარცხვენ, რა.
  • აი, თურმე რაში ყოფილა საქმე. ეგეთი მნიშვნელოვანია იქ იმათი რეაქციები?
  • კი.
  • იცი, ხანდახან ვრწმუნდები, რომ ერთად არც გვიცხოვრია.
  • შენ მე ცხოვრებაზე მელაპარაკები?
  • ხო.
  • მგონი, შენ მხოლოდ  იქ  ხარ ნამდვილი. არ შეგიძლია გაქრე?

 

 

 

1 2 3