Feeling lonely

(ფრაგმენტები  რომანიდან)

 

 

3.

ნახევარ საათში ქეთინოს  მეგობრობის შეთავაზების  შეტყობინება მიუვიდა  khatunas tolmebiსგან.

  • ეტყობა, ჩემ რეცეპტებსაც კითხულობს და დავაინტერესე, რაღაცნაირად- ჩათში წერდა  Lia  Menteshashvili-ს.
  • ჰო, გოგო, ჩემი   ვაჟა  ყოველ დღე მთხოვს  რეჰანის სუპს.   შენი ფანია.
  • საეჭვიანოდ გქონია საქმე J
  • აბა, აბა.
  • გოგო, უსმინე დემეს გამოსვლას?
  • კი. ძააან ნიჭიერია, უბრალოდ აქ მეცოდება, რა. ამ ველურების ხელში.
  • რა გინდა, ტელევიზორში კი გამოყავთ.
  • ეგ კი.
  • უი, დაიცა, რა გამოგიგზავნო.

 

Lia  Menteshashvili-ს  მოლოდინში   ქეთინომ  khatunas Tolmebi -სგან  შეტყობინება მიიღო:

 

გამარჯობა, ქეთი. ხომ შეიძლება  შენობით მოგმართო?  მოკლედ,   პირდაპირ საქმეზე გადავალ: კრეატიული დიასახლისების ჯგუფში შენი  ტოლმის რეცეპტი წავიკითხე.გვინდა ჩვენს მომხმარებლებს  ტოლმის ახალი სახეობა შევთავაზოთ. ძალიან მოგვეწონა შენეული შიგთავსი და  წარმოებაში ჩაშვების  დიდი სურვილი გვაქვს. თუ რეცეპტის გამოყენების უფლებას მოგვცემ, ჩვენი პროდუქციის შესაძენად  50 პროცენტიან ვაუჩერს გამოგიგზავნი. რას იტყვი? :)))

 

 

  • აგერ, ლინკი. უსმინე, რა. რა საყვარელია!- Lia Menteshashviliსთვიის პასუხის მიწერა დაეზარა,   ერთი ცალი გული  გაუგზავნა,  khatunas tolmebi-ს  ფანჯარა  დროებით  ჩახურა და  საბურთალოელი გენიოსის ლინკი გახსნა.

ეკრანზე ცხენის სიფათიანი  ქერა  თინეიჯერი გამოისახა, სტუდიაში იყო. ხანგრძლივი ოვაციების შემდეგ ფურცლები გაშალა, მსუბუქად ჩაახველა და დაიწყო:

მე რიკულებთან დავსველდი უცებ,

ზურგში ჩამიდგა წყალი.

მამაჩემი კი უკვე მოსულა

და სახლში გდია მთვრალი.

 

უფალო, ღმერთო, რატომ დამსეტყვე:

რად მომივლინე წვიმა?

ნუთუ ტანჯვისთვის, იმ წამებისთვის,

რაც აწ მომელის ხშირად?

 

მე ჩემს ხვაშიადს ვერვის გავანდობ

ამ რიკულებთან  მდგარი.

ქოთნის კაქტუსი ეკალს მაწოდებს

და ეშინია  ღამის.

 

ეკლის გვირგვინი თავზე დავიდგი

და მსწრაფლ  ტკივილი  ვიგრძენ.

კაქტუსის სევდამ მე შორს წამღო

და უშენობას  ვითმენ.

 

ო, როგორ მძიმე ჟამის დროს გავჩნდი,

თვალი დამეფსო რაკი:

რომ მიმატოვე, რომ გამამწარე

დედის მოგიტყან ტრაკი!

 

ქეთინომ ვიდეოს ქვეშ განთავსებულ კომენატარებს გადახედა:

 

Lashiko  metreveli:  შენ შემოგევლე! აი, ნიჭიერი თაობა!

Omari-gela- eteri:  ra ginda, xom  tseren axalgazrdebi galaktionis  shemdeg poezias?

Anarqisti:  რა ყლე  ხარ!!!

Malvina Alimonaki:  ჩემი ბავშვის ტოლა ხარ, რატო იგინები, არ გრსხვენია?

ქეთინო გარუჩავა ვირტუალურ ქოროს შეუერთდა და რატომღაც ლათინურად  მიაწერა: kargi iko.

მერე Lia  Menteshashvili-ის  ფანჯარა გახსნა და ლინკის გამო   უხმო დასტური- საჩვენებელი თითი გაუგზავნა.

 

-ხო იცი, რომ მაგ სმაილს ვერ ვიტან?- რამდენიმე წუთის მერე მისწერა Lia  Menteshashvili-მა.

 

 

 

 

1 2 3