ყოველი ახალი წიგნის დასაწყისი იგივე ტიპის გამოცდილებაა, როგორიც ელისისთვის იყო კურდღლის სოროში ჩავარდნა: ახალი სამყარო, ახალი თავგადასავალი, სავსე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციებით, შიშებით, იმედებით და ა.შ. ნილ გეიმანი ერთ-ერთი საუკეთესო თეთრი კურდღელია, ვისთან ერთადაც შეიძლება უცნობ ლაბირინთებში ამოყოთ თავი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მასთან თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. მისი ყოველი ნაწარმოები, გარდა იმისა, რომ საოცარ ლაშქრობებში გაგიყოლებთ, ამასთან, ყოველ აბზაცში, იზრუნებს, რომ დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზაზე, მზრუნველობა არ მოგაკლოთ. გეიმანის ყოველი პერსონაჟი, ყოველი წინადადება, ყოველი ისტორია, მიმართულია იმისაკენ, რომ მკითხველში ემოციური სპექტრი მთელი დატვირთვით აამუშავოს, გამოიწვიოს მხიარულება, ინტერესი, ძრწოლვა, ნოსტალგია თუ სხვა და სხვა. მისი ნამუშევრები ძირითადად ერთი სიუჟეტური ტროპით ვითარდება: მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ არსებულ მიკროსამყაროში გაცილებით მასშტაბური, შეუცნობელი და ფანტასმაგორიული ამბები ტრიალებს, ვიდრე წარმოედგინა. და ეს იდეალური ფორმულაა მკითხველისთვის კომფორტის შესაქმნელად, რადგან ერთდროულად აჩენს შეგრძნებას, რომ ნაცნობ და რეალურ სამყაროში აღმოჩნდი და ამავდროულად, კარს აღებ ისეთ განზომილებებში შესასვლელად, რომელიც წიგნის პერსონაჟის მსგავსად, შენც გეგონა, რომ არ არსებობდა.

„ოკეანე ქუჩის ბოლოს“ კვინტესენციურაი გეიმანია, თუმცა ყველა მისი რომანისგან განსხვავებით, მთავარი მელოდია, რომელიც მასში ჟღერს, უიმედობის მატარებელია, სწორედ ამის გამო, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტორის ბიბლიოგრაფიაში. სიუჟეტი კამიუს „უცხოს“ მსგავსად იწყება, მთავარი პერსონაჟი, რომლის სახელიც უთქმელი რჩება, მიდის მისი ახლობლის პანაშვიდზე, თუმცა გაცხადებულად არც ის ჩანს, ვინ გარდაიცვალა. მთავარი გმირი ემოციურად ინდიფერენტული ჩანს ტრაგედიის მიმართ, შემდეგ კი საკუთარი ბავშვობის გახსენებას იწყებს, და თხრობა გადადის ზრდასრული ადამიანის მოგონებებზე, რომელიც პირველ პირში ყვება ისტორიას, რაც შვიდი წლის ასაკში გადახდა. ეს ისტორია კი ერთბაშად არის ძალიან პირადული და ლოკალური და ამასთან საოცრად გლობალური და საზიარო.

მეხსიერების ბუნება და ხასიათი, ის მთავარი თემაა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ტექსტი. მეხსიერება ისაა, რისგანაც შედგება ადამიანი, მისი იდენტობა, თუმცა მეხსიერება არ არის ობიექტური რეალობის ნაწილი, რადგან წარსულიდან ბევრი რამ არ გვახსოვს, ან გვახსოვს განსხვავებულად იმისგან, რაც მოხდა სინამდვილეში. განსაკუთრებით, როდესაც ბავშვობის მოგონებებს ეხება საქმე. ბავშვობაში ჩვენი წარმოსახვა ჯერ არ არის შერყვნილი ყველაფრის რაციონალიზაციის პრიზმაში გატარების ფილტრით, ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ ბავშვობა ჯადოსნური მედიუმია, რადგან იქ საზოგადოებრივი ცნობიერი ნებას გვრთავს, საკუთარი ფანტაზიები რეალობად დავარეგისტრიროთ. ეზოში გადგდებული ტელევიზორის ყუთი კოსმოსურ ხომალდად წარმოვიდგინოთ, რომელიც ჰაერში ლევიტირებს, სკამებისა და საბნისგან აშენებული კონსტრუქცია ციხესიმაგრედ მივიღოთ, რომელშიც არამიწიერი არსებებისგან ვიცავთ თავს და ა.შ. თუმცა ეს უწყინარი და ლაღი ბავშვობის ნაწილია. მაგრამ როდესაც ტრაგედიებთან და ტრავმატულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, ფანტაზიების და ცოცხალი წარმოსახვის წყალობით, ისინი გაცილებით შემაძრწუნებელ სახეს იღებენ და პრინციპში, მათ რეალურ ბუნებასაც გამოხატავენ.

ზრდასრულ ასაკში მყოფ წიგნის მთავარ პერსონაჟს, ბევრი რამ წარსულიდან აღარ ახსოვს და მხოლოდ იმ ადგილების მონახულებისას, სადაც ბავშვობა გაატარა, იწყებს გახსენებას. ოღონდ გახსენების აქტს ცნობიერება რაციონალიზაციის გარეშე, ბავშვური პერსპექტივიდან ახდენს და მკითხველის თვალწინ ცოცხლდება ისტორია იმ ფორმებით და სიმბოლოებით, რომელსაც შვიდი წლის ბავშვის გონება აღიქვამდა. მთხრობელის ბავშვობა კი შორსაა იდილიურისგან – მზრუნველი და მოსიყვარულე დედის ფიგურის დეფიციტი, მკაცრი მამის კაფკასეული, მჩაგვრელი ავტორიტეტი და საკუთარი შიშების, ემოციების და პრობლემების მაგიური მანიფესტაციები, რომლებიც სიუჟეტის მსვლელობასთან ერთად სულ უფრო შემზარავ სახეს იძენს. შემზარავი მომენტები კი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შვიდი წლის ბავშვის პერსპექტივიდან ვისმენთ მოვლენების აღწერას, წიგნში თავზესაყრელად დაგხვდებათ.

აქ ალბათ აუცილებელია აღვნიშნო ის ფაქტი, რომ გეიმანი შავ-ბნელ, მისტიურ და სასპენსით ნასაზრდოებ პასაჟებს იმისთვის არ წერს, რომ მკითხველის მონუსხვა ან შოკირება გამოიწვიოს, უფრო მეტად ისინი ყოფიერების სრული სიცხადით და სიმართლით გადმოსაცემად იქმნება, იმის საჩვენებლად, რომ სიბნელეში შუქის ანთებით და საბნის ქვეშ დამალვით, მონსტრებს ვერსად გაექცევი და რომ მათთან პირისპირ დადგომა და ბრძოლაა საჭირო.

 

 

ბრიტანელი კოლოტირი ორსახოვანი ბუნების მწერალია, შემზარავი იმიჯები მასთან ბალანსდება ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული მშვენიერების დემონსტრირებით, რაც პირველ რიგში ადამიანურ უთიერთობებზე, კავშირებზე, მეგობრობაზე, ღირსებაზე, სიმამაცეზე დგას. ერთი შეხედვით სისასტიკის აღმწერი ეპიზოდები, გარდაიქმნება ესთეტურ რიტუალებად, თვითგამოხატვის პროზაულ ფორმად, რომელიც რეალობის მაგიურობას ეხმარება კონსტრუირებაში. როდესაც გეიმანის წიგნის კითხვას იწყებ, რთულია განსაზღვრო წერს ის საშინელებათა ჟანრის ისტორიას, რომელსაც ზღაპრული ელემენტები აქვს თუ ზღაპრულ ფენტეზის, რომელშიც უხვადაა შემაძრწუნებელი ეპიზოდები. ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ არის გეიმანი თანამედროვეობის გამორჩეული ავტორი, იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის ერთმნიშვნელოვანი ბუნება არაფერს გააჩნია, არც სიყვარულს და სიცოცხლეს, არც სიკვდილს და ბოროტებას, გეიმანი თანაბრად ახდენს ჰუმანიზმის დემონსტრირებას ორივე ფლანგზე, აცნობიერებს რა, რომ სამყაროში არსებული ნებისმიერი სიკეთე თუ უკეთურება, ადამიანის მიერაა ნაწარმოები, სიცოცხლის ფორმა კი ესენციურად შეუძლებელია იყოს ცალსახად ცუდი ან კარგი, რადგან მასზე მრავალი კომპლექსური ფაქტორი ახდენს გავლენას. გეიმანისთვის ისაა მნიშვნელოვანი, რომ თავის პროტაგონისტების და ანტაგონისტების ბუნება კომპლექსურად, მრავალშრიანი ფენებით გვიჩვენოს, რათა განსჯის ნაცვილად, თანაგრძნობის შესაძლებლობა გააჩინოს.

„დიდად ბედნიერი ბავშვობა არ მქონია , თუმცა კმაყოფილებას კი ვგრძობდი ხანდახან , მეტწილად წიგნებისგან “ – ამ სიტყვებით იწყება „ოკეანე ქუჩის ბოლოს“ მეორე თავი. რომანის საერთო ემოციური ენერგია მაინც დეპრესიულ განწყობებს ქმნის, და სხვაგვარად არც უნდა იყოს, რადგან ბავშვობის დავიწყებული ტრამვების ფანტასმაგორიული რეპრეზენტაცია ხდება, თუმცა როგორც ავტორს ჩვევია, სამომავლო ოპტიმიზმის უნარს, არასოდეს კარგავს და სასოწარკვეთაში არ გვტოვებს. როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, გეიმანის ტექსტების კითხვა მუდმივად გაგრძნობინებს იმას, რომ შენზე ზრუნავენ, თუ ფიზიკურად არა, მეტაფიზიკურად მაინც. იქიდან გამომდინარე, რომ გეიმანი ჟანრულ ავტორად ითვლება, შეიძლება იფიქროთ, რომ მხოლოდ ფენტეზის მოყვარულებისთვისაა მისი წიგნები, თუმცა გეტყვით, რომ ეს საკმაოდ აბსურდული აზრი იქნება. განსაკუთრებით „ოკეანე ქუჩის ბოლოს“ შემთხვევაში, რომელიც ყველაზე ფართო ველს ტოვებს ინტერპრეტაციებისათვის და მხოლოდ მკითხველის პირად პერსპექტივაზეა დამოკიდებული რომელ ჟანრს მიაკუთვნებს მას, რას დაარქმევს რეალობას და რას ფანტაზიის ნაწილს.

 

1 2