გეიმანის წერის სტილი საკმაოდ ჩამთრევი და ლირიკულია. ავტორი არასოდეს ერიდება დრამატიზაციას ისეთ მომენტებში, რომელშიც თვლის რომ განსაკუთრებულად უნდა დაისვას აქცენტები. პირადად მე რაც მხიბლავს ყველაზე მეტად, მძიმეების ხშირი გამოყენებაა, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ხმამაღლა კითხულობ ტექსტს, რომ წინადადებებს რითმული სტრუქტურა გააჩნია. მან კარგად იცის სიტყვის ეკონომიური თხრობის მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტ სიტყვას არასოდეს ხარჯავს, თუ ის წინადადების კონსტრუირებაში მნიშვნელოვან ფუნქციას არ ითავსებს. თუ მაგალითად სტივენ კინგი თავის რომანებში ხუთ გვერდს უთმობს იმის აღწერას თუ როგორ გამოიყურება დილის რიჟრაჟზე ღამის წვიმისგან დასველებული ასფალტი, გეიმანი გარემოს აღწერას მოკლე წინადადებით ახდენს და ყველა საჭირო ინფორმაციას გაწვდის. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ასეთ დროს წიგნის სამყაროში ტრანსპორტირება უფრო რთული საქმეა, მაგრამ გეიმანს აქვს ზებუნებრივი უნარი, რომ პირველივე გვერდიდან გადაგსანსლოს.

აი მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრაზა მისი ავტორობით „ამერიკული ღმერთებიდან – “I’m here, said Shadow, “because back in December a young boy played a game of checkers with an old god, and he lost” . არ ვიცი რა აქცევს ამ წინადადებას ჯადოსნურად, რატომ დამამახსოვრდა განსაკუთრებულად და დღემდე რატომ მიღვივებს აღმატებულ ემოციას, საქმე მის მონუმენტურობაშია, სიმარტივეში, რიტმში, რომლის პაუზებიც ფილტვების ჰაერით ღრმად ავსებას საჭიროებს, თავდადებულობაში და ღირსების დემონსტრაციაში, რომელსაც ის იტევს, მეტაფიზიკურ განზომილებაში, რომელიც გააჩნია თუ სხვა, მაგრამ წაკითხვიდან რვა წელი გავიდა და ეს წინადადება თავიდან არ ამომსვლია. ან კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, გეიმანის ჩემი ყველაზე საყვარელი რომანიდან „საფლავის წიგნი“: “There was a hand in the darkness, and it held a knife.” – ესაა პირველივე წინადადება, რომელსაც კითხულობ და უკვე ყველაფერი ახლავს მას, უდიდესი საფრთხის შეგრძნება, მისტიკა, დაძაბულობა, მეტის გაგების სურვილი, მღელვარება, არადა ჯერ ისიც არ იცი ვისზე ნერვიულობ და ავტორი უკვე ახერხებს, რომ განერვიულოს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „ოკეანე ქუჩის ბოლოს“, იშვიათი ლიტერატურული ფუფუნებაა (და ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ მისი წაკითხვა უკვე ქართულ ენაზეც შესაძლებელია) განსაკუთრებით თუ პირველად მას ზრდასრულ ასაკში გაეცნობით, როდესაც ბავშვობის მოგონებები ისეთივე ბუნდოვანი და მელანქოლურია, როგორც ამას მთხრობელი აღწერს. წიგნის ეპიგრაფი, რომელიც მორის სენდაკის სიტყვებს სესხულობს, საუკეთესოდ ახდენს საკუთარი თავის სუმარიზებას: „ გუშინდელივით მახსოვს ჩემი ბავშვობა … რამდენ საშინელებას ჩავწვდი მაშინ , მაგრამ დიდებს არაფერი უნდა სცოდნოდათ იმის შესახებ , რა ვიცოდი და რა – არა , შეეშინდებოდათ და იმიტომ .“ გეიმანი ბავშვობის წლებში დასაბრუნებელ პორტალს თავაზობს მკითხველს, რომელიც კარს გაგიღებთ საკუთარი მოგონებებისკენ, იმ პერიოდისკენ, როდესაც უსაზღვრო შესაძლებლობები არსებობდა, ყველა ოცნებას, რამდენად მასშტაბური და ფანტასტიკურიც არ უნდა ყოფილიყო ის, ლეგიტიმაცია გააჩნდა, ყველა შიშს მონუმენტური საფრთხე ახლდა თან და ყველაფერი, რაც თვალს წვდებოდა, ჯადოსნური ხასიათის იყო.

 

 

1 2