Franz Liszt (1811-1886)

ფრანც ლისტი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია როგორც რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომელმაც ევროპულ კულტურასა და მუსიკის ისტორიას დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ ლისტზე, არა როგორც რომანტიკულ ფიგურაზე, კომპოზიტორზე, რომელმაც ვაგნერის მუსიკის ჰარმონიას, იმპრესიონისტებსა და ატონალურ მუსიკას ნიადაგი მოუმზადა, არა როგორც პიანისტ ვირტუოზზე, დირიჟორსა და პედაგოგზე, არამედ პიროვნებაზე, როგორც ეპოქალური მოვლენაზე – პირველ პანევროპელზე, მსოფლიო მოქალაქესა და კოსმოპოლიტ შემოქმედზე.

ლისტი, როგორც პიროვნება,თავისი უსაზღვრო მრავალფეროვნებით წარმოადგენს სრულიად უნიკალურ მოვლენას კლასიკური მუსიკისა და, საერთოდ, ევროპული კულტურის ისტორიაში. ლისტს ვერ შემოსაზღვრავ და ვერ დაატევ ერთ კონკრეტულ ნიშაში. მისი პიროვნება იყო ისეთივე, როგორიც მისი მშობლიური ევროპა – უაღრესად ჭრელი, კომპლექსური და მრავალსახოვანი.

მას ინსპირაცია შეიძლებოდა მიეღო არა მხოლოდ ვენისა და ვაიმარის კლასიკოსებისგან, არამედ იტალიური ხელოვნებიდან, პოეზიიდან, შვეიცარული ლანდშაფტიდან, ფრანგული ლიტერატურიდან, ფილოსოფიიდან, უნგრული, ბალკანური თუ ბოშური ხალხური მუსიკიდან…

მან გაიარა უჩვეულოდ საინტერესო და ვრცელი გზა: პარიზის სალონების ლომი სიცოცხლის ბოლოს კათოლიკური ეკლესიის აბატი გახდა. იყო ბედის ნებიერა:  ყმაწვილობიდანვე იცნობდნენ ევროპაში,  როგორც ვუნდერკინდ ვირტუოზსა და იმპროვიზატორს, ადარებდნენ მოცარტს;  შემდეგ აღიარეს გენიალურ პიანისტად, რომელსაც საკონცერტო პოდიუმზე პირველობა არასოდეს დაუთმია. ის პირველი წარსდგა საკონცერტო ტურნეებში პუბლიკის წინაშე სოლო რეპერტუარტით, სიცოცხლეშივე გახდა ლეგენდა, რომლის მიმართაც ჰქონდათ ამბივალიენტური დამოკიდებულება: ან აღმერთებდნენ ან მწვავედ აკრიტიკებდნენ. ის იყო ძალიან მრავალმხრივი და  წინააღმდეგობრივი ადამიანი, უხვი შუქ-ჩრდილებით, მისი პიროვნება ითავსებდა მეფისტოს, დონ ჟუანსა და წმინდანს. ის თვითონ იყო ხელოვნების უნიკალური ნიმუში, ხოლო მისი ცხოვრება მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდ რომანი გახლდათ. დაუსრულებლად შეიძლება მასზე საუბარი.ზუსტად შენიშნავდა სერგეი რახმანინოვი (1873-1887): „მის გვერდით ფერმკრთალდება ყველაზე საუკთესო რომანტიკული ფიგურაც კი, რომელიც შეგვიძლია საერთოდ წარმოვიდგინოთ, მასთან შედარებით ფერმკრთალდება ნებისმიერი სხვა მუსიკოსი პიროვნული თვისებების ნაკლებობის გამო.“

ლისტის უნაპირო, თვალუწვდენელი მუსიკალური კომპოზიციების მეტი წილი საფორტეპიანო მუსიკას ეთმობა. ფორტეპიანო – ევროპის კონტინენტზე აღმოცენებული, დამკვიდრებული და შემდეგ მთელ პლანეტაზე  გავრცელებული, ლისტის რჩეული ინსტრუმენტი იყო. ფორტეპიანოს განვითარების ისტორია წარმოუდგენელია ლისტის გარეშე. ლისტის დაუოკებელი წყურვილი ახლის ძიებისა აისახა ამ ინსტრუმენტის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასა და დახვეწაზე.

ლისტმა დაამკვიდრა  მუსიკალური ცხოვრების  ახალი სტილი, შემოიტანა ახალი სუნთქვა, იყო კულტურული ცხოვრების რეფორმატორი და მენეჯერი. დღევანდელი ტერმინოლოგიით, ლისტი დიდ შემოქმედთან ერთად პოპ-ფენომენიცაა, რომელმაც შექმნა „ტრენდი“, საკუთარი საფირმო სტილი, მარკა, საწარმო, დიდი ლოგისტიკითა და მარკეტინგით.

ლისტი ემსახურებოდა ხელოვნებას, რომელიც არ ცნობს საზღვრებსა და კონვენციებს, რომლიც აახლოებს ადამიანებს, მიუხედავად მათი წარმომავლობისა, მრწამსისა თუ შეხედულებების. ამის დასტურად მოვიყვანთ ალექსანდრე ბოროდინის (1833-1887) სიტყვებს, რომელმაც ლისტი 1877 წელს ვაიმარში გაიცნო: „ყოველგვარი კონვენციის, ჩვევებისა და რუტინის საწინააღმდეგოდ, წარმოუდგენელი იყო ლისტის უნარი ყველაფერი ახლის მიმღებლობისა, თუკი ეს სიახლე სიცოცხლის სიყვარულით იქნებოდა აღმოცენებული.“

 

1 2 3