ასეთი მაგალითების ჩამოთვლა დაუსრულებლად შეიძლება. ლისტი აქტუალურია დღესაც, რადგან მან შექმნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სოლისტი ვარსკვლავის საკონცერტო სახე. ლისტმა სრულყო ის, რითაც ბეთჰოვენმა და პაგანინიმ დაიწყეს. თავად პოპვარსკვლავის იდეას, რასაც ჩვენ მიკ ჯაგერსა თუ ბითლზს ვუკავშირებთ, ლისტი უკვე ხორცს ასხამდა.

მან დაამკვიდრა ფორტეპიანო, როგორც სოლო ინსტრუმენტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ჩვენ მას საკონცერტო სცენაზე ვხედავთ.იდეა, რომ, ხელოვანი მიუხედავად თავისი  სოციალური წარმომავლობისა, საზოგადოებისთვის არის მეფე, მმართველი და მისია კულტურული ძალაუფლება, ეკუთვნის ლისტს. მან ეს ძალაუფლება მოახმარა სიკეთის მსახურებას. ლისტმა დაარღვია კლიშე და წარმოდგენა, რომ მმართველები მემკვიდრეობით იბადებიან. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მეფე და თავადები ითვლებოდნენ ხალხისა და ღმერთის რჩეულებად. ის თვითონ იყო უბრალო ბიურგერული ოჯახიდან, მაგრამ სიცოცხლეში მიიღო აღიარება, როგორც გენიოსმა და გახდა დღევანდელი გაგებით თანამედროვეობის ყველაზე დიდი ვარსკვლავი.

ნ.გ.: კიდევ რა დამსახურება მიუძღვის ლისტს საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით?

ლისტს ვაიმარში 10-წლიანი ყოფნის დროს ჰქონდა დღევანდელი იუნესკოს კონცეფციის მსგავი ჩანაფიქრი, ჩაეტარებინა მასშტაბური კონკურსი მუსიკის, არქიტექტურისა თუ სახვითი ხლოვნების სფეროებში საუკეთესო იდეების გამოსავლენად. ვაიმარი ამისთვის პატარა აღმოჩნდა. უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლებისთვის კი გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო მისი წარმოდგენა მრავალმხრივი განათლების მქონე მუსიკოსზე, როგორც იდეალზე. თუ მანამდე მუსიკოსი ხელოსნად ითვლებოდა, ლისტისთვის ის ნიშნავდა ხელოვანს, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტს ფლობდა კარგად, არამედ ერკვეოდა ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში, იყო სოციალურად ანგაჟირებული. პროფესიონალი მუსიკოსის თანამედროვე პარამეტრებით გაგება ლისტს ეკუთვნის. ის თვითონ იყო ძალიან გახსნილი სამყაროს მიმართ, ძალიან ცნობისმოყვარე და აუტოდიდაქტი.

მუსიკის მოსმენის ტრადიციაც საკონცერტო დარბაზებში იმ ფორმით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი,  დაიწყო ბეთჰოვენმა დიდი სიმფონიური ორკესტრითა და შემდეგ განავრცო ლისტმა საფორტეპიანო მუსიკის კონცერტებით. აქ ლაპარაკია მუსიკის მოსმენის იმ კულტურაზე, როცა აღარ შეგიძლია კონცერტის მსვლელობისას დარბაზში საუბარი, სიგარეტის მოწევა ან ვახშამი. მაგალითად, ლა სკალას დარბაზში ეს ადრე დასაშვები იყო…

ნ. გ.: აქ გავიხსენებდი ლისტის ციტატას „კონცერტი ვარ მე!“, რაც ლუდოვიკო XIV-ის ცნობილი სიტყვების პერეფრაზირებაა. ლისტი არავის მისცემდა უფლებას, ვინმეს დაკვრისას მისთვის ხელი შეეშალა, თვით მეფესაც კი.

ცნობილია, რომ მისთვის ბეთჰოვენი იყო უდიდესი ავტორიტეტი, არა მხოლოდ როგორც კომპოზიტორი, არამედ როგორც უკომპრომისო ხელოვანი. როგორ ფიქრობთ, უნდა იყვნენ თუ არა შემდეგი თაობები ამაზე ორიენტირებული?

დიახ… და არიან კიდეც. ვფიქრობ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მათ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების. იყო მუსიკოსი ბეთჰოვენისა და ლისტის შემდეგ ექსტრემალური მისიაა. შემსრულებლებისთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული, გახვიდე სცენაზე და დაიმკვიდრო თავი. ბეთჰოვენისა და ლისტის შემდეგ უკვე კომპოზიტორებსაც სხვა პოზიცია უკავიათ სოციუმში, თანაბარი ადგილი  სხვა დანარჩენი პროფესიის წარმომადგენლებს შორის.

ნ.გ.: რა შეიძლება ლისტის ცხოვრებიდან დღეს ჩვენთვის იყოს იდეალი?

ლისტის ცხოვრება იმდენად არის დღესაც იდეალი, რამდენადაც ის საკუთარი იდეებისთვის იღვწოდა და თავისი შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა დიდი ძალაუფლება, რომელიც ემყარებოდა კულტურას. ხოლო ამ ძალაუფლებით ის იდგა  სიკეთისა და მშვენიერების სამსახურში!

 

 

1 2 3