ვაიმარში, სადაც ლისტმა თავისი ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული წლები განვლო, ვესტუმრეთ ფრანც ლისტის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქტორ ხრისტოფ შტოელცლს – ისტორიკოსს, მუზეოლოგს, პუბლიცისტსა და პოლიტიკოსს, რომელსაც უაღრესად საინტერესო საუბრისთვის ძალიან ვემადლიერებით.

ნ.გ.: ბატონო შტოელცლ, სანამ ვისაბრებდეთ ლისტის როლზე ევროპის კულტურის ისტორიაში, მინდა გკითხოთ, რა წარმოადგენს მსოფლიოსთვის ევროპის მთავარ გზავნილს?
ეს ერთი დიდი ოჯახის ისტორიაა, რომლის კულტურა ანტიკური სამყაროს ძირითად მახასიათებლებსა და ადამიანისადმი სიყვარულის ქრისტიანულ იდეას ემყარება. ევროპის უმთავრესი მიგნება ინდივიდუუმია, რომაული სამართალი, სამართლებრივი აზროვნება, თანასწორობა და მოყვასის სიყვარულია.
დასავლური სამყაროს კონცეფცია კი აქ, ვაიმარში, გოეთეს ციტირებით შეგვიძლია ავხსნათ: „ კეთილშობილია კარგი და მარგებელი ადამიანი, რადგან მხოლოდ ეს განასხვავებს მას სხვა ჩვენთვის ცნობილი არსებებისგან.“
სამწუხაროდ, ევროპას ჰქონია ომები, მაგრამ ამას კონცეპტუალურად არაფერი შეუცვლია; ევროპა რჩება კულტურულად ერთმანეთთან დაკავშირებულ ოჯახად; არა მხოლოდ თავდასხმა და მიტაცება, არამედ საკუთარის სხვასთან განაწილება, ერთმანეთის გაგება – ეს არის ევროპა. ევროპის მთავარი მესიჯი მსოფლიოში არის ადამიანის უფლებები, ის, რომ ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით იბადება და თანასწორია.
საინტერესოა, რომ ამ პატარა კონტინენტზე უამრავი სამეტყველო ენა, ინდივიდუალური მხატვრული ფორმები, თვითმყოფადი ბუნებრივი და კულტურული გარემო – ტბები, მდინარეები, მთიანი ლანდშაფტი და გასაოცარი არქიტექტონული მშვენიერების სიუხვეა.ის, რომ ასეთ ვიწრო სიბრტყეზე, როგორც არსად სხვაგან, ამდენი საგანძური გვხვდება, ინდივიდუალიზმის შედეგია. ეს სიმდიდრე აღმოცენდა ინდივიდუალური იდეების რეალიზაციის უდიდესი სიხარულის შედეგად.ინდივიდი კი შექმნა ევროპამ. აღმოსავლეთში არსებობს ადამიანის კოლექტიური წარმოდგენა, ხოლო ჩვენ ჯიუტი ინდივიდუალისტები ვართ. ევროპული არის არა დიდი სიბრტყისა და მასის, არამედ ინდივიდუალობის (თვითმყოფადობის) პრინციპი. ადრე ფიქრობდნენ, რომ ქვეყნის საარსებოდ აუცილებელი იყო ტერიტერიულად დიდი მასშტაბები, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოცენებული სახელმწიფოები,როგორებიცაა: ხორვატია, სლოვაკეთი ან ბალტიის რესპუბლიკები, მიუხედავად მათი მცირე მასშტაბებისა, წარმატებული ქვეყნები არიან.
ევროკავშირის იდეაა ფედერაციული კავშირები და არა ყველა ყველას წინააღმდეგ, რაც მე-19 საუკუნის დიდი შეცდომა იყო.
გაერთიანებული ევროპის იდეა, როგორც პასუხი მეორე მსოფლიო ომის კატასტროფაზე, არის ის, რომ ევროპის ქვეყნები როგორც ერთი ოჯახი, თავიანთი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებით ქმნიან კოოპერატიულ-ფედერაციულ კავშირებს.
ნ. გ.: რა წვლილი მიუძღვის ფრანც ლისტს ევროპული გზავნილის, რაც თქვენ ახსენით, განხორციელებაში?
ლისტს პასპორტში ეწერა: „საყოველთაო აღიარებით ყველგან ცნობილი!“ ის იყო თხემით ტერფამდე ევროპელი, ის თანაბრად წერდა ფრანგულ თუ გერმანულ ენებზე, იყო მშობლიური ენის პატრიოტი – უნგრულის გარეშეც და საერთოდ პატრიოტი ყოველგვარი ნაციონალისტურის გარეშე. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ლისტი ევროპულ კულტურასთან ერთად, ეს იქნებოდა ვენა, პარიზი, ვაიმარი, რომი, ბუდაპეშტი, ლონდონი თუ სხვა, ყველგან საკუთარ სახლში გრძნობდა თავს და ყველგან ხელგაშლით იღებდნენ . ის იყო თავისუფალი ყოველგვარი ნაციონალური ცრურწმენებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენებისაგან, იყო ჰუმანურობის აბსოლუტური დამცველი. ის იყო სოციალურად უჩვეულოდ ანგაჟირებული ადამიანი, ყოველთვის ეხმარებოდა რევოლუციონერებს, პოლიტიკურ დევნილებსა თუ სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს. ის მუდმივად იყო კულტურული პოლიტიკის ავანგარდში.
ნ.გ.: როგორ ფიქრობთ, რითი შეიძლება იყოს გაერთიანებული ევროპა ლისტის მადლიერი?
ევროპა და ევროკავშირი მადლიერია ყველა შემოქმედის, ეს იქნება ბახი, მოცარტი, რემბრანდტი, კარავაჯო, ბეთჰოვენი… აგრეთვე ლისტი, რომლებმაც შექმნეს ევროპულის ემოციური განცდა, ამისი წინაპირობა. ვერასოდეს ააშენებ სახელმწიფოს ძირითადი სოციალური ინსტინქტის – მისი კულტურის მიმართ სიმპათიის გარეშე .
ევროპული რელიგია, ხელოვნება, არქიტექტურა, ლიტერატურა, მისი დიდი შემოქმედები და ევროპული ინდივიდუალობის მთელი ეს სიმფონია ქმნის ნოყიერ ნიადაგს საერთო დიდი სიმპათიის გაჩენისთვის, გაღვივებისთვის. ამ ურთიერთსიმპათიისადმი სათუთი დამოკიდებულება ჩვენი ერთად ყოფნისთვისაა აუცილებელი, რადგან მხოლოდ ბიუროკრატიული წესებით ვერანაირ სახელმწიფოს ვერ ააშენებ.კულტურა არ არის ყველაფერი, მაგრამ კულტურის გარეშე ყველაფერი იქცევა არაფრად. ეს ეხება სოციალურად ძლიერ სახემწიფოსაც, რომლის ფუნდამენტი კულტურას ემყარება.
რაც მეტს შევიტყობთ ერთმანეთზე, რაც მეტი სიმპათია გაგვიჩნდება სხვა ერების შემოქმედთა მიმართ, მით უკეთეს თანაარსებობას შევძლებთ. ევროპული, სახელდობრ, ცენტრალურ ევროპულ მუსიკას კი, რომელმაც მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო, ამ სიმპათიის გაღვივებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ხოლო ისეთი ხელოვანი, როგორიცაა ლისტი, განსაკუთრებით საინტერსოა, რადგან ის არის დიდი მუსიკოსი და დეკლარირებული ევროპელი.
ნ. გ.: თქვენი აზრით, რითია ლისტი დღეს აქტუალური?
აქტუალურია ლისტი, როგორც მუსიკალური ფენომენი. მისი შემოქმედება მოიცავს მუსიკალური აზროვნების, ჟანრთა განვითარების ვრცელ პერიოდს ვენის კლასიკოსებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის რაფინირებული ექსპერიმენტებით – ატონალური მუსიკით დასრულებული. ის არის, როგორც ბრავურული, შლაგერად, ჰიტად ქცეული ნაწარმოებების, მაგ. მეორე უნგრული რაფსოდიისა თუ „სიყვარულის ზმანების“, ისე უაღრესად სერიოზულ მუსიკის – გიგანტური ერთნაწილიანი h-moll სონატის ავტორიც, რომლის გენიალობის ამოცნობაც ლისტის თანამედროვეებიდან მხოლოდ რიჰარდ ვაგნერმა შეძლო. აქვს, ასევე, ღრმად რელიგიურ-საკრალური მუსიკაც – Harmonie poétiques et réligieuses.