როგორ შეიძლება შედგეს გამართული კომუნიკაცია ადამიანებს შორის? ვერბალური პრინციპით, რთულია ერთმა ინდივიდმა მეორეს ზუსტად გადასცეს ის სურათი ემოცია თუ მდგომარეობა, რომელიც მის გონებაში არსებობს. რას იწვევს კონკრეტული ორგანოს ტკივილი, დანაკარგის განცდა, უეცარი შეხვედრა და ა.შ. ძმები კოენების ფილმი, აღზარდო არიზონა, ცდილობს მაქსიმალურად გამართული კომუნიკაციის ფორმა დაამყაროს მაყურებელთან და საკუთარი გმირის ვნებები, განცდები და ინტერაქციები სამყაროსთან მაქსიმალური სიცხადით გადმოსცეს.

ფილმის მთავარი გმირი და ნარატორი ეიჩ აი მაკდონაა, რომელიც თავად გვეუბნება, ჰაი დამიძახეთო. ის წვრილმანი კრიმინალია, სუპერმარკეტებს აყაჩაღებს ტყვიებისგან დაცლილი იარაღით. ყოველ ჯერზე მას პოლიცია იჭერს და ციხეში გზავნის. იქიდან გამოსულს, უწევს კვლავ მოსაპარად წავიდეს, როგორც თავად განმარტავს, სურვილი ქონდა, რომ კანონმორჩილი ადამიანის ცხოვრებით ევლო, მაგრამ ეს ძალიან რთულია, როდესაც ის ძაღლიშვილი რეიგანი ზის თეთრ სახლშიო. ამერიკული ცხოვრების ეკონომიკური განზომილება და კლასობრივი კონფლიქტები, მატერიალურ თუ პოსტ მატერიალურ ჭრილში, ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა კოენებისთვის. ოღონდ ამას ძმები მუდამ ირონიულად, ორგანული დანამატივით მიმოაბნევენ ხოლმე საკუთარი ნაწარმოებების სიუჟეტში.

ჰაის ციხეში პოლიციელი ქალი, ედი შეუყვარდება და სწორედ ის გახდება მიზეზი და საბოლოოდ მიზანი, რომ კრიმინალურ აქტივობას შეეშვას, ქარხანაში მუშობა დაიწყოს და ოჯახი შექმნას, საზოგადოებისათვის მისაღები იმიჯი მოირგოს და სოციუმის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ჰაი აღნიშნავს, რომ ციხის ცხოვრება და რუტინული სამსახური ძალიან გავს ერთმანეთს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დღის ბოლოს ედი ელოდება სახლში და საქმეში ხელფასს უხდიან, თუმცა ანაზღაურება ზედმეტად მცირეა გაწეულ შრომასთან მიმართებაში და სახელმწიფო მოზრდილ დღგ-ს უწესებს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს.

ამის საპირისპიროდ ვხედავთ ქალაქის წარმატებულ ბიზნესმენს, ნათან არიზონას, რომელიც ავეჯისა და სანტექნიკის მსხვილ მაღაზიათა ქსელს ფლობს და საკუთარი თანამშრომლების ექსპლუატაციას ეწევა. ამასთან, მის ცოლს, რომელიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებს, მოულოდნელად ხუთი შვილი უჩნდება, ედი კი, როემლსაც დედობის გაუნელებელი ვნება აქვს, არაფერტილურია, არ შეუძლია განაყოფიერება. წყვილი საგნების ასეთი განლაგების გამო, გადაწყვეტს, რომ უსამართლობას წინ უნდა აღუდგეს, ნათან არიზონას ერთი შვილი მოიტაცოს და თავად აღზარდოს. ეს ყველაფერი და უფრო მეტი, ფილმის პირველ ათ წუთში ხდება, ენერგიული მონტაჟით და ბეთჰოვენის სამხრეთული არანჟირებით, აბსურდის, სატირის და სოციალური უთანასწორობის იდეალური ილუსტრაციით.

 

 

 

1 2