ის, თუ რა განცედბის წინაშე დგება მთავარი პერსონაჟი ჰაი, მხოლოდ ვერბალურად არ მოგვეწოდება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავიზიაროთ მისი ემოცია და მდგომარეობა და მაყურებელსა და გამოსახულებას შორის, გამართული კომუნიკაცია შედგეს, კოენები იმიჯებით უფრო მეტს გვიყვებიან, ვიდრე პერსონაჟების ფრაზებით. ჰაის ყოველი გარეშე ინტერაქცია, მისი ციხის მეგობრები, უფროსის ოჯახი, ბავშვებზე მონადირე ბაიკერი თუ ზმანებები, ყველაფერი მის მღელვარებას გამოხატავს. ჰაის შიშები კი იმ ეგზისტენციალური ტვირთისგანაა ნაწარმოები, რომელიც ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში შემდგარი მამაკაცის როლს ახლავს თან. იმისთვის, რომ სრულუფლებიან ოჯახად დაარეგისტრირონ თავი, ჰაის და ედის ჭირდებათ შვილი, რადგან სოციუმის დაკვეთაა ასეთი. ის ფაქტი, რომ ჰაის კრიმინალური წარსული აქვს, მასში სრულფასოვნების განცდას ამრუდებს, კეთილდღეობის არარსებობა გამართული საზოგადოების დეფექტურ წევრად წარმოადგენინებს თავს, ედისაც თითქოს ჭირდება საკუთარ თავთან იმის გამართლება, რომ ყოფილ კრიმინალს გაყვა ცოლად და ამისათვის იდეალურ საშუალებად შვილის ყოლას ხედავს, თუმცა ბავშვისათვის რეალური მზაობა არცერთს არ გააჩნია.
ერთ-ერთ სცენაში, რომელიც უსიტყვოდ თამაშდება და სადაც ჰაიმ ხუთიდან ერთი ბავშვი უნდა აარჩიოს გასატაცებლად, კამერის ყოველი მოძრაობა და რაკურსი, მონტაჟის რიტმი და მისი თმის ვარცხნილობაც კი, იმის ხაზგასმას ახდენს თუ რამდენად აფორიაქებულია მამის როლის მიღების წინ. ლაკანს რომ დავესესხოთ, ადამიანის ცნობიერი სხვების დისკურსითაა ნაშენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სურვილები ბოლომდე არასოდესაა ჩვენი, ქვეცნობიერი სურვილებიც კი სხვების მზერის მოსახიბლი კონსტრუქციაა, კულტურის მიერ შედგენილი გზამკვლევია, რომლის მიხედვითაც ვუყენებთ საკუთარ თავს მოთხოვნებს და ხშირად განხორციელების გზაზე აბსურდულ მდგომარეობაში ვიგდებთ თავს. საბოლოოდ კი მთავარი მიზანი საკუთარი ნარატივის შექმნაა, არა სხვისი კარნახით, არამედ იმ სურვილებით, რომლის განსახორციელებლი მზაობა და ვნება გაგვაჩნია.
კოენებს აქვთ იშვიათი უნარი, შექმნან ემოციურად რეზონანსული ინტიმური ისტორიები იმ ფორმით და სიუჟეტური განვითარებით, რომელიც ერთი შეხედვით რეალობას დაშორებული და საოცრად სტილიზებულია. ბარი ზონენფელდის ოპერატორული ნამუშევარი იდეალურად ეხმარება ამ ყველაფრის ხორცშესხმას, მრავალმხრივი კადრირებით, მომენტებში თეატრალიზებული განათებით, ანიმაციის კალიბრის ტემპით თუ თანამონაწილეობის გამჩენი ახლო ხედებით, რაც ერთბაშად არის დისკომფორტის გამომწვევი და სასაცილო. კარტერ ბურველის მუსიკალური გაფორმება ბრწყინვალედ გამოხატავს გეოგრაფიულ მდებარეობას და მოვლენების აბსურდულ თუ რომანტიკულ განზომილებებს, ჰოლი ჰანტერი და ნიკოლას კეიჯი კი საოცარი ქარიზმატულობით, კომედიური ექსპრესიულობით და დრამატული სენტიმენტებით, დასამახსოვრებელ გმირებს ქმნიან, რომელთა მიმართ სიმპათიები და თანაგრძნობა პირველი დანახვისთანავე ბუნებრივად ჩნდება.
მოკლედ თუ ვალენტინობას პარტნიორისთვის განსაკუთრებული საღამო არ გიჩუქებიათ, შეგიძლიათ ამ სურათით გამოისყიდოთ, რადგან წინ ძალიან მხიარული თავგადასავალი გელით, სავსე ირონიით, ჰუმანიზმით და მისტიურობით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების რეალისტურ პატერნს არაერთხელ არღვევს, მაინც საოცარი სიზუსტით გამოხატავს ცხოვრებას.

1 2